3კ-961-02 16 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 13 ივლისს მ. გ.-მ ფოთის საავადმყოფოს ადმინისტრაციის, ვ. ა.-ს და ლ. ყ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1989წ. 14 აპრილს ზემოთ მითითებულ საავადმყოფოში მკურნალობის დროს სამედიცინო პერსონალის ბრალეული მოქმედების გამო, დაკარგა მხედველობა, რის გამოც სკ-ს 413-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა 30 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ, მაგრამ სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელეს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა და მხედველობის დაკარგვა მათი ბრალით არ იყო გამოწვეული.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. გ.-მ.
2002წ. 12 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ აპელანტი მ. გ.-ა და მისი წარმომადგენლები, მაგრამ არ გამოცხადდნენ მოპასუხის წარმომადგენლები.
მ. გ.-მ და მისმა წარმომადგენლებმა სააპელაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაკმაყოფილებულიყო მათი სარჩელი.
სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობის საფუძველზე მართლაც მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაგრამ მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ 2002წ. 22 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე გასული იყო სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, ამასთან, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლებიც, ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები არ ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას.
2002წ. 22 ივლისს მ. გ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის გადაგზავნა იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და მისი გამოტანისას გამოყენებუბული იყო კანონი, რომელიც არ უნდა გამოყენებულიყო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 387-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილით ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სააპელაციო სასამართლოში არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე და აპელანტმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, სასამართლოს აპელანტის ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოუცხადებელი მხარის საწინააღმდეგოდ.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დასწრებული მხარის საწინააღმდეგოდ დაუშვებელია, თუკი სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ასეთ შემთხვევაში სსკ-ს 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ის ნორმები, რომელიც გამოიყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს. კერძოდ, სსკ-ს 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, არამედ ჩვეულებრივი გადაწყვეტილებით, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი დაუსწრებლობის მოტივით მიიღება გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორი განმარტება მისცა კანონს (სსკ-ს 387-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილები და 250-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
მართალია, სააპელაციო სასამართლომ თავის 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებას დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაარქვა და მისი გასაჩივრებისათვის კანონით გათვალისწინებული ვადაც დაუწესა, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება თავისი შინაარსით დასწრებული გადაწყვეტილებაა (ვინაიდან იგი მიღებულია გამოცხადებული მხარის საწინააღმდეგოდ) და მასზე შეიძლება საკასაციო საჩივრის შეტანა. მართალია, მითითებული გადაწყვეტილება დასწრებული გადაწყვეტილებაა, მაგრამ იმის გამო, რომ იგი მიღებულია დაუსწრებლობის მოტივით, ამასთან გამოცხადებული მხარის საწინააღმდეგოდ, დაუსაბუთებელია. სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ მიიღო გამოცხადებული მხარის საწინააღმდეგოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 12 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.