3კ-962-02 10 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ.ბ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ო.ვ.-ის მიმართ და მოითხოვა ო.ვ.-ის ოჯახის გამოსახლება საცხოვრებელი სახლიდან. Mმოსარჩელის განმარტებით, მან 1999წ. 3 დეკემბერს ო. ვ.-ისგან შეიძინა ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. ნასყიდობის ხელშეკრულება კანონის სრული დაცვით დამოწმებულ იქნა ქუთაისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის მიერ. სადავო ბინა თ.ბ.-ს სახელზეა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. მიუხედავად აღნიშნულისა, ო.ვ.-ი და მისი ოჯახის წევრები არ ათავისუფლებენ გაყიდულ ბინას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.ბ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თ.ბ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ.ბ.-ს სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება; ო., გუ., გ. ვ.-ები და ნ. კ.-ი გამოსახლებულ იქნენ სადავო საცხოვრებელი სახლიდან. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 183-ე, 624-ე და სსკ-ს 102-ე მუხლზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც დაადასტურდებდა სადავო სახლზე სხვა სამართლებრივი საფუძვლით მათ კანონიერ უფლებას.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ო., გ. და გ. ვ.-ებმა, ნ. კ.-მ და ნ. კ.-მ. კასატორთა განმარტებით ისინი სადავო სახლის კეთილსინდისიერი მფლობელები არიან. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 155-169-ე მუხლები. თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ თ.ბ.-ა იყო სადავო სახლის მესაკუთრე, შესაბამისად უნდა მიეთითებინა სკ-ს იმ მუხლებზე, რომელიც მესაკუთრის ინტერესების დაცვას შეეხება, გადაწყვეტილებაში კი საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სკ-ს იმ ნორმებზე, რომელიც კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს შეეხება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 16 იანვრის განჩინებით ვ.-ების საკასაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის წარმოებაში იმყოფებოდა სამოქალაქო საქმე, ვ.-ების სარჩელის გამო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრის განხილვა განახლდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დაუსაბუთებულობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ 1999წ. 3 დეკემბერს თ. ბ.-სა და ო. ვ.-ს შორის გაფორმდა ქუთაისში ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ. ბ.-ა აღირიცხა საჯარო რეესტრში აღნიშნული სახლის მესაკუთრედ.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულია სასამართლოსათვის თუ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კასატორის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია არც დასაბუთებულია და არც დამატებითი.
საქმის მასალების მიხედვით თ. ბ.-ა სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა, რომელსაც უკეთესი უფლება გააჩნია ამავე სახლის მფლობელებთან, ყოფილ მესაკუთრეებთან შედარებით.
სკ-ს 168-ე მუხლის თანახმად ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. მოსარჩელის განმარტებით, მას არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს საკუთარი საცხოვრებელი სახლით, რაც საქმის მასალებით დადასტურებულია.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრის პრეტენზია იმ დასაბუთებულ პრეტენზიად უნდა მივიჩნით მფლობელთა მიმართ, რაც მფლობელობის შეწყვეტის საფუძველია.
სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, კასატორთა მიერ საჩივარში მითითებული არ არის მათ მიერ სადავო ნივთის ფლობის უფლების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო., გუ. და გ. ვ.-ების, ნ. კ.-ისა და ნ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.