გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-963-02 15 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: სააღსრულებო მოქმედების გაუქმება და მისი შედეგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოქალაქეებს _ მ. შ-ასა და ნ. ბ-ას შორის 1997წ. 28 თებერვალს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მ. შ-ამ ნ. ბ-ას ასესხა 4000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით. სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად, გარანტად ჩადებულ იქნა ნ. ბ-ას საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩაზე. ვინაიდან სესხი დაფარული ვერ იქნა, მ. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ნ. ბ-ას დაეკისრა 4000 აშშ დოლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა, ხოლო აღნიშნული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადახდევინება მიქცეული უნდა ყოფილიყო ნ. ბ-ას კუთვნილ ბინაზე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩაზე მდებარე ნ. ბ-ას კუთვნილი ბინა 2000წ. 17 მარტს გატანილ იქნა აუქციონზე. აუქციონის შედეგად სადავო ბინა 8000 ლარად შეიძინა მ. შ-ამ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ბ-ას სარჩელი და დაშვებული დარღვევის გამო გაუქმებულ იქნა აღნიშნული აუქციონი და მისი შედეგები გამოცხადდა ბათილად.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2001წ. 15 ოქტომბერს ჩატარდა განმეორებითი აუქციონი და ნ. ბ-ას კუთვნილი საცხოვრებელი ბინა შეიძინა მ. შ-ამ 7095 ლარად. სადავო ბინა გაფორმდა მ. შ-ას სახელზე.
ნ. ბ-ამ 2001წ. 27 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2001წ. 15 ოქტომბერს ჩატარებული აქუციონის გაუქმება და მისი შედეგების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ აუქციონის დროს დაირღვა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ ნ. ბ-ას სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2001წ. 15 ოქტომბერს იძულებითი აუქციონი ჩატარდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"'საქართველოს კანონის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სრული დაცვით, შესაბამისად ბიუროს წარმომადგენელმა ნ. ბ-ას სარჩელი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია, რის გამოც მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მ. შ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ზუგდიდში, ... მის საკუთრებად აღრიცხული ბინიდან ნ. Bბ-ას გამოსახლება ოჯახის წევრებთან ერთად.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მ. შ-ას შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული ორი სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ას სარჩელს აუქციონის გაუქმებისა და მისი შედეგების ბათილად ცნობის შესახებ უარი ეთქვა. ამასთან, დაკმაყოფილდა მ. შ-ას სარჩელი და ნ. ბ-ა ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქ. ზუგდიდში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 15 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 იანვრის გადაწყვეტილება. გაუქმდა 2001წ. 15 ოქტომბერს ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის აუქციონზე გაყიდვის შესახებ სააღსრულებო მოქმედება და მისი შედეგები ცნობილ იქნა ბათილად. მ. შ-ას უარი ეთქვა სარჩელზე ნ. ბ-ას ოჯახის წევრებთან ერთად სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ 2001წ. 15 ოქტომბერს ნ. ბ-ას საცხოვრებელი სახლის აუქციონი ჩაატარა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. კერძოდ, დარღვეულ იქნა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას 5 დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რომელიც მოვალეს უნდა ჩაბარდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების შესაბამისად, რაც ნ. ბ-ას მიმართ არ განხორციელებულა.
სააპელაციო პალატის აზრით, დარღვეულ იქნა აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის მოთხოვნა, როდესაც აღმასრულებელმა არ მოახდინა ნ. ბ-ას საცხოვრებელი ბინისა და მასში არსებული ნივთების დეტალური აღწერა, შეფასება. ამასთან, აღმასრულებლის მიერ 2001წ. 3 ოქტომბერს გაზეთ “ზ-ში" გამოქვეყნებულ განცხადებაში არ არის მოყვანილი საცხოვრებელი ბინის მოკლე აღწერა, ასევე აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღებამდე ქონების შემძენი არ ყოფილა გაფრთხილებული თანხის გადახდის ვადის შესახებ, რითაც დაირღვა კანონის 75-ე და 76-ე მუხლების მოთხოვნები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა მანუჩარ მა. და მ. შ-ამ საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2001წ. 15 ოქტომბრის იძულებითი აუქციონის კანონიერად ცნობა. კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც აუქციონის ჩატარება კანონის დარღვევით მიიჩნია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2001წ. 15 ოქტომბრის აუქციონის დროს დარღვეულ იქნა მოქმედი კანონმდებლობა და თვლის, რომ აუქციონი კანონის სრული დაცვით ჩატარდა. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 28-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის ხუთი დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებას, რომელიც მოვალეს უნდა ჩაბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების შესაბამისად. ამ ნორმის მიზანია, რომ მოვალე გაფრთხილებულ იქნეს გადაწყვეტილების აღსრულების დაწყების შესახებ და მას მიეცეს შესაძლებლობა, ნებაყოფლობით მოახდინოს თანხის დაფარვა.
აღნიშნული წინადადება ნ. ბ-ას ჩაბარდა 1999წ. 24 ნოემბერს ზუგდიდის რაიონული სააღსრულებო ბიუროს უფროსის ვ. ხ-ს მიერ სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებისთანავე, რის შემდეგაც დაიწყო იძულებითი აღსრულება თანხის ამოღების მიზნით. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააღსრულებო წარმოებისას განმეორებით რამდენიმე წინადადების ჩაბარება არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ აუცილებლობას.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 18 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ. ბ-აზე დაკისრებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადახდევინება უნდა მიქცეულიყო მოვალის საცხოვრებელ ბინაზე. სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებულ იქნა მთლიანად ბინა და არა ცალკეული ნივთი. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღმასრულებელს არ დაურღვევია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 48-ე მუხლი, რადგან აუცილებლობას არ წარმოადგენდა თითოეული ნივთის, ცალკეული საგნის აღწერა და დაყადაღება, როგორც ამას საოლქო სასამართლო მიუთითებს.
გაზეთ “ზ-ის" 2001წ. 8 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ “2001წ. 15 ოქტომბერს, 12 საათზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო აცხადებს იძულებით აუქციონს მოქალაქე ნ. ბ-ას საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებაზე: საცხოვრებელი სამოთახიანი ბინა, მდებარე ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩაზე. აუქციონის საწყის ფასად დადგენილია 9460 ლარი. ყველა იმ პირს, რომელსაც გააჩნია უფლებები ზემოთ აღნიშნულ აუქციონზე გატანილ ქონებაზე, ვალდებულია, წარმოადგინოს მტკიცებულება აუქციონის დაწყებამდე, 2001წ. 15 ოქტომბრამდე. აუქციონი ჩატარდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სააღსრულებო ბიუროში". ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გაზეთ “ზ-ში" სააღსრულებო ბიუროს მიერ გაკეთებული განცხადება, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად, შეიცავს აუქციონზე გატანილი ქონების მოკლე აღწერას.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აუქციონის დროს დარღვეულ იქნა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 75-ე, 76-ე მუხლები. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ აღმასრულებლის 2001წ. 16 ოქტომბრის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აუქციონზე გაიყიდა სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა, რომელიც 7095 ლარად შეიძინა მ. შ-ამ, რომელსაც განესაზღვრა თანხის გადახდის 10-დღიანი ვადა.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააღსრულებო ოქმზე დამსწრეებად მოწვეული პირები გ. ა-ე და ლ. კ-ა სტაჟიორის მოვალეობას ასრულებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში და ოქმზე მათი ხელმოწერებით დარღვეულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნა, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. კასატორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის აღმასრულებელ მ. მ-ს განმარტებით, სააღსრულებო ბიუროში საერთოდ არ არსებობს სტაჟიორის თანამდებობა. Aამასთან, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვინც შეიძლება იყოს ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საკასაციო პალატა სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2001წ. 15 ოქტომბერს ჩატარებულ აუქციონს მიიჩნევს კანონიერად, ქ. ზუგდიდში, ... ქუჩაზე მდებარე ბინის მესაკუთრედ _ მ. შ-ას, რის გამოც თვლის, რომ მ. შ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ. ბ-ას სარჩელს უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
მ. მ-ს და მ. შ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 15 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ნ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. მ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს. ნ. ბ-ა ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდეს ქ. ზუგდიდში, ... ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.