Facebook Twitter

3კ-964-02 9 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ც. ჭ.-მ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. მ.-ის მიმართ და მოითხოვა მისი ბინიდან გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1998წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ.-ს დაეკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა მის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ნ. მ.-ის საცხოვრებელ სახლს. ვინაიდან ნ. მ.-მ არ შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულება, ყადაღადადებული სახლი აუქციონზე იქნა გატანილი. განმეორებითი აუქციონის დროს, სახლის მყიდველის არარსებობის გამო, თვით ც. ჭ.-ის მიერ იქნა შეძენილი ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლი 1000 აშშ დოლარად. სადავო სახლის მესაკუთრედ აღირიცხა ც. ჭ.-ე. მიუხედავად ამისა, ნ. მ.-ე ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ნ. მ.-ე და მისი ოჯახის წევრები გამოსახლებულ იქნენ სადავო საცხოვრებელი სახლიდან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ.-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ივნისის განჩინებით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ც. ჭ.-ე არის სადავო ბინის კანონიერი მესაკუთრე და სკ-ს 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია… თავისუფლად ფლობდეს და სარგებლოდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ნ. მ.-ეს აუქციონის შედეგები არ გაუსაჩივრებია და სკ-ს 303-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად არ მოუთხოვია სახლში დამქირავებლად დარჩენა.

ნ. მ.-მ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აუქციონზე გატანილი სახლის თანამესაკუთრე არის ნ. მ.-ე, ხოლო მესაკუთრე _ მისი მეუღლე.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ აუქციონი ჩატარდა კანონის დარღვევით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზესტაფონში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი აღრიცხულია ც. ჭ.-ის საკუთრებად, სადავო სახლში ცხოვრობს მისი ყოფილი მესაკუთრე ნ. მ.-ე ოჯახის წევრებთან ერთად.

პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია, რომ საცხოვრებელი სახლი მისი მეუღლის საკუთრებაა, ხოლო ის თანამესაკუთრეა, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ აუქციონის წესით გასხვისებამდე ზესტაფონში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა ნ. მ.-ის სახელზე.

პალატა ასევე ვერ გაითვალისწინებს კასატორის მოსაზრებას, რომ აუქციონი, რომლის მეშვეობითაც მოხდა საცხოვრებლი სახლის გასხვისება, კანონის დარღვევით ჩატარდა, ვინაიდან აღნიშნული საკითხი არ ყოფილა დავის საგანი. სააპელაციო სასამართლომ განიხილა ნ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ც. ჭ.-ის სარჩელი, შეგებებული სარჩელი ან შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნ. მ.-ის მიერ წარდგენილი არ ყოფილა.

პალატა თვლის, რომ კასატორი და მისი ოჯახის წევრები სადავო სახლის კეთილსინდისიერი მფლობელები არიან, მაგრამ მესაკუთრე ც. ჭ.-ს აქვს სახლის ფლობის უკეთესი უფლება.

სკ-ს 168-ე მუხლის შესაბამისად ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. განსახილველ შემთხვევაში მესაკუთრის პრეტენზია, ისარგებლოს საკუთარი საცხოვრებელი სახლით, პალატას დასაბუთებულ პრეტენზიად მიაჩნია, რაც მფლობელობის შეწყვეტის საფუძველია.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაშიO კასატორის მიერ დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის.

სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არა აქვთ სადავო ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული უფლება მათ მხოლოდ სკ-ს 303-ე მუხლითY გათვალისწინებული წესით წარმოეშვებათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.