3კ-965-02 5 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: მიუღებელი ხელფასისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ.ჭ.-მ ზ.ვ.-მ და ა.კ.-მ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მოპასუხე შპს “ს.-სგან” იძულებითი განაცდურის და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: 1998 წლიდან მათ უვადო შრომითი ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული შპს “ღ.-ს” ადმინისტრაციასთან. მოპასუხე შპს “მ.-მ”, რომელიც არის საკონიაკე სპირტების დაძველების საიჯარო საწარმოს სამართალმემკვიდრე, უკანონოდ მიიერთა მათი საწარმოს ქონება, დაეუფლა მათ აქტივებსა და პასივებს, რის გამოც მათ წაერთვათ თავიანთ საწარმოში საქმიანობის უფლება _ ვერ ამუშავებენ საწარმოს, ვერ ქმნიან პროდუქციას, რადგან მოპასუხემ მიიერთა მათი საწარმო, ვალდებულია გადაუხადოს მუშა-მოსამსახურეებს, როგორც მიუღებელ ხელფასი, რაც ერგებოდათ საწარმოს მიერთებამდე, ისე _ მას შემდეგ იძულებით განაცდური, რადგან ადმინისტრაციამ არც ხელშეკრულება გაუგრძელა, არც სამუშაოდან გაათავისუფლა და არც შრომის წიგნაკი მისცა.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე შპს “ს.-მ” სარჩელი არ ცნო.
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს “ს.-ს” დაეკისრა მოსარჩელე ჯ.ჭ.-ის სასარგებლოდ 1500 ლარის, ზ.ვ.-ს სასარგებლოდ _ 2750 ლარის, ა.კ.-ის სასარგებლოდ _ 3000 ლარის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია რომ შპს “ს.-მ” მიიერთა “ღ.-ს” საწარმოს ქონება და არ შეასრულა მუშაკების მიმართ ანგარიშსწორების, გაფრთხილებისა და შრომის წიგნაკის ჩაბარების ვალდებულებები.
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “ს.-ის” დირექტორმა ბ.-მ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატის 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.კ.-ის, ჯ.ჭ.-ის და ზ.ვ.-ს სარჩელები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ კონიაკის დაძველების და ჩამოსხმის საწარმოს ქონება არ გადაცემია შპს “ს.-ს”. ამ უკანასკნელის ქონება გადაეცა ზესტაფონის ღვინის მრეწველობის საწარმოო გაერთიანებას, რომელიც ლიკვიდირებულია და მას სამართალმემკვიდრე არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს “ს.-ი” მოვალე არ არის, მოსარჩელეებს აუნაზღაუროს ხელფასი და განაცდური.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ა.კ.-მ, ზ.ვ.-მ და ჯ.ჭ.-მ, რომლითაც ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა მიჩნეული აღმასრულებელ ო.-ის სააღსრულებო მოქმედებანი, მოპასუხეს არასწორად მიეცა მათი საწარმოს მთელი ქონება, რადგან მოპასუხე შპს “ს.-მ” მიიღო მათი საწარმოს მთელი ქონება, როგორც აქტივები, ისე პასივები, ამიტომ ვალდებულია, გადაუხადოს მიუღებელი ხელფასი და განაცდური.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით “ღ.-ს” ჩამოერთვა და ზესტაფონის კონიაკის სპირტების დაძველების საიჯარო საწარმოს გადაეცა 95713,96 დეკალიტრი საკონიაკე სპირტი, მასვე დაეკისრა ზიანის ანაზღაურება _ 1272036,21 ლარის გადახდა. ასევე დადგენილია, რომ შპს “ს.-ი” არის ზესტაფონის სპირტების დაძველების საიჯარო საწარმოს სამართალმემკვიდრე, რომელიც რეგისტრირებულია სასამართლოში 2000წ. 14 მარტს. შპს “ს.-მ”, როგორც კონიაკის სპირტების დაძველების საიჯარო საწარმოს სამართალმემკვიდრემ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო შპს “ღ.-ს” ქონება. ამდენად, შპს “ს.-ი” და შპს “ღ.-ს” მიერთება არ მომხდარა. შპს “ღ” ლიკვიდირებული არ არის. იგი დღესაც არსებობს, როგორც იურიდიული პირი (რასაც კასატორებიც ადასტურებენ). ამდენად შპს “ს.-ი” არ არის შპს “ღ.-ს” სამართალმემკვიდრე და არ ეკისრება მოვალეობა, აუნაზღაუროს შპს “ღ.-ს” თანამშრომლებს ხელფასი და იძულებითი განაცდური, რადგან მოსარჩელეებსა და მოპასუხე ორგანიზაციას შორის არ ყოფილა შრომითი ურთიერთობა, რაც გათვალისწინებულია შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლით.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. კ.-ის, ვ. ჭ.-ის და ზ. ვ.-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.