Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №147I -24 თბილისი

ა. გ., 147I -24 29 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ა-ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. ა-ი, -, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობითად. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი) შეფარდებული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც კვლავ პირობით მსჯავრად ჩაეთვალა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. გ. ა-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 11 აპრილიდან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებული გ. ა-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული 3 წელი და პირობითად ჩათვლილი 4 წელი; ასევე 1/6-ით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელიდან ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ნაწილობრივ დამატებული, პირობითად ჩათვლილი, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა-ს განესაზღვრა 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი და 2 თვე, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 2 თვის გამოსაცდელი ვადით. გ. ა-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 11 აპრილიდან.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – გ. ა-მა, რომელიც ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მის მიმართ მაქსიმალურად ჰუმანურად გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ გ. ა-ის მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელისაგან გათავისუფლება, რომელიც ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მხოლოდ პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებულ სასჯელზე, ვინაიდან გ. ა-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან ერთად მსჯავრდებულია 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით განსაზღვრული ამნისტია) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი.

5. მსჯავრდებულ გ. ა-ის მიმართ ასევე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განახევრება, რომელიც ვრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებულ სასჯელზე, ვინაიდან გ. ა-ი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით განსაზღვრული ამნისტია). გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს – 2024 წლის 7 აპრილს – გ. ა-ი ნასამართლევი იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი).

6. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

7. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მსჯავრდებულ გ. ა-ის მიმართ არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი და მე-2 მუხლების მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ამნისტია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გ. ა-ის მიმართ მართებულად გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და 1/6-ით შეუმცირა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი.

8. თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. ა-ს, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ასევე მართებულად შეუმცირა 1/6-ით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელიდან ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ნაწილობრივ დამატებული, პირობითად ჩათვლილი, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით გ. ა-ი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, რომელზეც ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია – სასჯელის 1/6-ით შემცირება.

9. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ გ. ა-ისათვის განსაზღვრული სასჯელების 1/6-ით შემცირების შესახებ.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე