საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1481-24 26 ნოემბერი, 2024 წელი
ო-ი ო., 1481-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ო-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით ო. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2023 წლის 10 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და ო. ო-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენით ო. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი. მსჯავრდებულ ო. ო-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 3 ნოემბრიდან იმავე წლის 5 ნოემბრის ჩათვლით. მსჯავრდებულს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. 2024 წლის 11 ოქტომბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროდან, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ო. ო-ის პირადი საქმე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ო. ო-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2023 წლის 10 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე; ო. ო-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული, პირობითად ჩათვლილი სასჯელისა და გამოსაცდელი ვადისაგან; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი შეიცვალა და ო. ო-ს ძირითადი სასჯელის სახით საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. ო-მა, რომელმაც წარმოადგინა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ცნობა და მოითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
6. მსჯავრდებულ ო. ო-ის საჩივარს ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2024 წლის 8 ნოემბრის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ო. ო-ისათვის განსაზღვრული დამატებითი სასჯელი –ჯარიმა 5000 ლარი გადახდილია 2024 წლის 29 აგვისტოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა (ო. ო-მა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2022 წლის 3 ნოემბერს).
3. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა). ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სასჯელისგან გათავისუფლება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ო. ო-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჰქონდა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 3 წელი, რომლის მოხდისაგანაც გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით.
5. სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულ ო. ო-ის მიერ წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2024 წლის 8 ნოემბრის წერილს, რომლითაც დგინდება, რომ ო. ო-ისათვის განსაზღვრული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 5000 ლარი – გადახდილია.
6. სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
7. შესაბამისად, ვინაიდან ო. ო-ი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისაგან, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა გადახდილი აქვს, მას უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა), (სუსგ №1021-24).
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო. ო-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლს სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ო. ო-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება;
3. შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ო. ო-ს აღუდგეს ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა);
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით ო. ო-ისათვის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2023 წლის 10 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 1000 ლარი – დარჩეს უცვლელად;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი