Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №153I-24 თბილისი

კ-ი რ., 153I-24 29 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. კ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ რ. კ-ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით: რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და რ. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. რ. კ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 17 აპრილიდან. მასვე, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 17 აპრილიდან. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის განაჩენის დანარჩენი ნაწილი (მათ შორის, დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა – 10000 ლარი) დარჩა უცვლელად.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – რ. კ-მა, რომელიც ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, მის მიმართ შეფარდებული სასჯელის განახევრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ რ. კ-ის მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განახევრება, რომელიც ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მხოლოდ მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებულ სასჯელზე, ვინაიდან რ. კ-ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან ერთად მსჯავრდებულია 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით განსაზღვრული ამნისტია) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი.

4. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

5. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მსჯავრდებულ რ. კ-ის მიმართ არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ რ. კ-ის მიმართ მართებულად გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და 1/6-ით შეუმცირა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული ძირითადი სასჯელი, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამნისტია არ გაავრცელა რ. კ-ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებულ ჯარიმა – 10000 ლარზე.

6. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ რ. კ-ისათვის განსაზღვრული ძირითადი სასჯელის 1/6-ით შემცირების შესახებ.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ. კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე