საქმე N 190141124010262494
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1541-24 28 ნოემბერი, 2024 წელი
კ–ე გ., N1541-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ–ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 21 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციური დაწესებულებიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. კ–ს (პირადი ნომერი: ............) პირადი საქმე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის N1/4230-14 განაჩენით, გ. კ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
3. გ. კ–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განაჩენით, გ. კ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
6. მასვე, აეკრძალა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 3 წლის ვადით.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და საბოლოოდ, გ. კ–სეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. მასვე, აეკრძალა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 3 წლით.
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილების თანახმად, გ. კ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვალა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან – 2017 წლის 20 ივნისიდან. მასვე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა – 2014 წლის 19 მაისიდან 2014 წლის 27 მაისის ჩათვლით და 2016 წლის 29 სექტემბრიდან 2017 წლის 20 ივნისამდე.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
12. გ. კ–სეს 2022 წლის 12 აპრილის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
13. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობა, მსჯავრდებულ გ. კ–ს (დაბ.: ........ წელს, პ/ნ: .........) მიმართ 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ – დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
მსჯავრდებულ გ. კ–ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფების აღკვეთა 5 წლით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების აკრძალვა 3 წლით – დარჩა უცვლელი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და საბოლოოდ, გ. კ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. მასვე, აეკრძალა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 3 წლით.
გ. კ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვალა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან – 2017 წლის 20 ივნისიდან. მასვე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა – 2014 წლის 19 მაისიდან 2014 წლის 27 მაისის ჩათვლით და 2016 წლის 29 სექტემბრიდან 2017 წლის 20 ივნისამდე.
14. მსჯავრდებულმა გ. კ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით დანიშნულ სასჯელზე გავრცელება. საკასაციო სასამართლოში ასევე შემოტანილი იქნა გ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. მ–ს დაზუსტებული საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ შემთხვევაში, გ. კ–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით (რითიც უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განაჩენი) მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.
3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია“.
4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ. კ–ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით (რითიც უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განაჩენი) სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაზეც აუცილებელი წინაპირობის (დაზარალებულის თანხმობა) არსებობისას, ვრცელდება ზემოხსენებული ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლოს წინაშე არ იქნა წარდგენილი დაზარალებულის თანხმობა.
5. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, იმავე პუნქტში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება“. საკასაციო პალატა მიუთითებს, ხსენებული ნორმაში ამომწურავადაა მითითებული ამ კანონის შესაბამისი მუხლების პუნქტები, რა დროსაც არის შესაძლებელი ამნისტიის აღსრულება თუ დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის წევრი ვერ მოიძებნა. მათ შორის კი მითითებული არ არის ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი. აღსანიშნავია, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ამკრძალავი ნორმაა - მასში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, რაზეც ამნისტიის კანონი არ ვრცელდება, მათ შორის იმ დანაშაულზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას თანხმობას არ განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. კ–სის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე