Facebook Twitter
3კ-971-02

3კ-971-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ბინაში შესახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ც.-ა და კ. ლ.-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1995წ. სექტემბრიდან 2001წ. მარტამდე. 1994 წელს შეეძინათ შვილი ნ. ლ.-ა. განქორწინების შემდეგ ნ. ც.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ კ. ლ.-სთან თანაცხოვრების პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული სახლის აშენებაში, ჭის გათხრასა და ზოგიერთი ძვირადღირებული ნივთის შეძენაში. განქორწინების შემედგ იგი შვილთან ერთად აღმოჩნდა ქუჩაში და დღეისათვის ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში, რომლის ქირასაც ხშირად ვერ იხდის.

მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა კ. ლ.-ს სახლში შესახლება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ც.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა: კ. ლ.-ს დაევალა თავისი არასრუწლოვანი შვილისათვის, ნ. ლ.-სათვის, 18 წლის ასაკამდე სარგებლობის უფლებით ერთი საცხოვრებელი ოთახის გამოყოფა.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ლ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ ნ. ც.-ს სახელზე ირიცხება პრივატიზებული ბინა, ხოლო შვილი ნ. ლ.-ა განქორწინების შემდეგ იზრდებოდა მასთან და მის მშობლებთან ერთად. მისი აზრით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში არასწორად აღნიშნა, რომ თითქოს ნ. ც.-ა განქორწინების შემდეგ შვილთან ერთად აღმოჩნდა ქუჩაში. აპელანტის განმარტებით, ნ. ც.-ს სახლის მშენებლობასა და ზოგიერთი ნივთის შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან სახლი, რომელიც დღეისათვის უკვე გაყიდულია უსახსრობის გამო, აშენებული იყო 1974 წელს, ხოლო ც.-ა დაბადებულია 1970 წელს. იგი არსად არ მუშაობდა და ბუნებრივია, ვერც სხვადასხვა ნივთების შეძენაში მიიღებდა მონაწილეობას. აპელანტის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის მდგომარეობა, რომ მას არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი სახლი და დროებით ცხოვრობს მამიდასთან, ამასთან, ნ. ც.-მ იგი “ბრიტვით” დაჭრა მარჯვენა ხელში, რის გამოც დღეისათვის შრომისუუნაროა, არსად არ მუშაობს და არ აქვს საშუალება, უყიდოს ან უქირაოს შვილს ბინა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 3 ივნისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა კ. ლ.-ს სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 მარტის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ც.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც.-მ და მოთიხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ გვერდი აუარა სკ-ს 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე მუხლების მოთხოვნებს და მისი შვილი, რომელიც ავადმყოფია და სისტემატურად იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, დატოვა ქუჩაში. კ. ლ.-ა კი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში, შეუქმნას მას ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები და გამოუყოს საცხოვრებელი ფართობი იმ სახლში, სადაც ცხოვრობს თვითონ. კასატორის განმარტებით, კ. ლ.-ა მის მეორე ცოლთან ერთად ცხოვრობს სახლში, რომელიც მან იყიდა თავისი მამიდის მეუღლისაგან. Aაღნიშნული სახლი, მდებარე ქ. ზუგდიდში, ...-ის ქუჩაზე, წარმოადგენს მის საკუთრებას, თუმცა თავის სახელზე გაფორმებული და აღრიცხული საჯარო რეესტრში არა აქვს. კასატორის განმარტებით, მართალია, მან მშობლების დახმარებით იყიდა საერთო საცხოვრებელში ერთი არაიზოლირებული ოთახი, მაგრამ შვილის ავადმყოფობის გამო სიძეს გამოართვა 1300 დოლარი, რომელიც ვერ გადაუხადა და ბინა დათმო ვალში. კასატორი თვლის, რომ კ. ლ.-ა ვალდებულია ქ. ზუგდიდში, ... ქუჩზე მდებარე სახლიდან შვილს გამოუყოს საცხოვრებელი ფართობი ან შეუძინოს საცხოვრებელი ბინა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ნ. ც.-ა სარჩელით ითხოვს კ. ლ.-ს საცხოვრებელ სახლში შესახლებას თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომ კ. ლ.-ს სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება საცხოვრებელი სახლი. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ თითქოს კ. ლ.-მ შეიძინა სახლი, მდებარე ... ქ. ზუგდიდში და იგი მისი საკუთრებაა. თანახმად სკ-ს 183-ე მუხლისა, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის ჩანაწერი კი, რომელიც ცხადყოფს კ. ლ.-ს საკუთრების უფლებას კასატორის მიერ მითითებულ საცხოვრებელ სახლზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის. თანახმად სკ-ს 170-ე მუხლისა, ნივთის განკარგვის უფლება მესაკუთრის უფლებაა, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ი. ბ.-ა უფლებამოსილი, მაგრამ არა _ ვალდებული (და არა _ ლ. ლ.-ა) განკარგოს თავისი საცხოვრებელი სახლი. საქმის მასალებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერების წარმოუდგელობის გამო, არ დგინდება ის ფაქტი, რომ ც.-მ ბავშვის ავადმოფობის გამო საცხოვრებელი ბინა ვალში დაუთმო თავის სიძეს – თ. ო.-ს.

რაც შეეხება კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ თითქოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 1199-ე, 1198-ე, 1997-ე, 1202-ე მუხლები, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან დავის საგანს წარმოადგენს ბინაში შესახლება, რაც არ შეიძლება აღნიშნული მუხლებით მოწესრიგდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ც.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.