3კ-972-02 6 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ განმარტა, რომ მუშაობდა “ჭ.-ის" ...-ის სახელობის მაღაროთა სამმართველოში, ¹... უბანში 1985წ. 9 მარტს მიიღო საწარმოო ტრავმა, საექსპერტო _ შრომითმა კომისიამ დაუდგინა ინვალიდობის მეორე ჯგუფი. 1990წ. 10 იანვრამდე იღებდა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობას. 2000წ. 6 ნოემბერს კვლავ დაუდგინდა შრომის უნარის დაკარგვა 60%-ით 2001წ. 6 ნოემბრამდე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ეს საბუთები წარედგინა მოპასუხეს. 1990 წლიდან 2000წ. დეკემბრის ჩათვლით გამოწერილი აქვს სულ 1316 ლარი.
მოსარჩელის გაანგარიშებით, მას 1990 წლიდან უნდა მიეღო საშუალო ხელფასის 60% _ 95 ლარი თვეში, ხოლო 11 წლის განმავლობაში _ 12540 ლარი. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხე საწარმოს მიცემული აქვს მებიგის დამხმარის მე-2 თანრიგზე სატარიფო განაკვეთით 5,22 ლარი, მაშინ, როდესაც მას ჰქონდა მეოთხე თანრიგი ანუ ეკუთვნოდა 6,48 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 12540 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის.
მოპასუხე _ სს “ჭ.-ის" აკ. ...-ის სახელობის მაღაროთა სამმართველომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ მართლაც მიიღო საწარმოო ტრავმა 1985წ. 9 მარტს. იგი _ 1990 წლამდე იღებდა საზღაურს. 2000წ. 6 ნოემბერს წარმოადგინა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის დასკვნა, რის საფუძველზეც “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების" წესის 11-ე მუხლის შესაბამისად გაუკეთდა გადაანგარიშება 1122 ლარის ოდენობით. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ჯ. გ.-ს დღევანდელი მდგომარეობით ყოველთვიურად ეწერება ზიანის საზღაური აღნიშნული წესის სრული დაცვით. ასევე განმარტა, რომ “ჭ.-ში" ყოველთვიური საშუალო ხელფასი ცვალებადია და დამოკიდებულია პროდუქციის გამომუშავებაზე, ასევე ცვალებადია ჯ. გ.-ის ზიანის საზღაურიც.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ჯ. გ.-მ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 23 მაისის განიჩნებით ჯ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ჭიათურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. გ.-მ შრომითი დასახიჩრება მიიღო 1985წ. 9 მარტს, 1990 წლამდე იღებდა პენსიას დადგენილი წესით, 1990 წელს გავიდა სამედიცინო კომისიაზე, რომელმაც დაუდგინა ინვალიდობის მე-3 ჯგუფი შრომის უნარის 60%-ის შემცირებით. აპელანტმა მხოლოდ 2000 წელს მიმართა კომისიას, რომელმაც ასევე დაუდგინა მე-3 ჯგუფის ინვალიდობა. აღნიშნული ცნობა წარადგინა ჯ. გ.-მ “ჭ.-ში", რომელმაც სადავო არ გახადა იგი და ჯ. გ.-ს გამოუწერა 1122 ლარი, ანუ 10 წლის აუნაზღაურებელი თანხა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას აქვს მე-4 თანრიგი, ხოლო მოპასუხე თანხებს აძლევს მე-2 თანრიგის გათვალისწინებით, ვინაიდან აპელანტმა ამის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა ვერ შეძლო.
ჯ. გ.-მა სააპელაციო პალატის განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ დასახიჩრების შემდეგ, 1990 წლამდე, იღებდა პენსიას დადგენილი წესით, ჰქონდა II ჯგუფის ინვალიდობა. 1990 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიმართა საექსპერტო შრომით კომისიას, რომელმაც განუსაზღვრა შრომის უნარის დაკარგვა 60-%-ით. კასატორმა განმარტა, რომ განაწყენდა აღნიშნულით და მიატოვა ჯგუფი. 2000წ. 6 ნოემბერს გატარდა შრომით კომისიაზე, რომელმაც ასევე დაუდგინა შრომის უნარის 60-ით დაკარგვა და მიუთითა, რომ ჩათვლოდა ნარჩენი თანხა 1990წ. 10 იანვრიდან 2000წ. დეკემბრის ჩათვლით. კასატორმა საექსპერტო დასკვნა წარადგინა მოპასუხე ორგანიზაციაში, რომელმაც გამოუწერა 1122 ლარი. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ ჯ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის" მე-11 პუნქტის მეორე აბზაცის თანახმად ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი. სს “ჭ.-ის" 2001წ. 10 აპრილის ცნობით, მებიგის დამხარის სატარიფო განაკვეთი შეადგენს 6 ლარსა და 48 თეთრს. სს “ჭ.-ის" პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის 2001წ. 5 სექტემბრის ¹64 ცნობის მიხედვით მეორედ დამუშავებულ ველში მომუშავე მებიგის მიწისქვეშა უბანში დამხმარის მე-2 თანრიგის სატარიფო განაკვეთი დღეისათვის 5,22 ლარია. კასატორი ითხოვს მისთვის IV კატეგორიის მინიჭებას და სატარიფო განაკვეთის გაზრდილი ოდენობიდან თანხის ანაზღაურებას. ჯ. გ.-ს IV კატეგორიის მისთვის მინიჭების ან ასეთის მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ წარუდგენია. სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ჯ. გ.-ის ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს 5,22 ლარის სატარიფო განაკვეთის მქონე მებიგის დამხმარის საშუალო ხელფასიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.