Facebook Twitter
3კ-973-02

3კ-973-02 4 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

კასატორმა ი. ჯ.-მ 2001 წ. 18 დეკემბერს სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ს/ს “...-ის” ენერგო საამქროს ...-ის წარმოების ...-ის თანამდებობაზე აღდგენა, საიდანაც იგი 2001წ. 6 დეკემბრის ¹01/255 ბრძანებით განთავისუფლდა შტატების შემცირების გამო.

ი. ჯ.-მ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ შრომის კანონთა კოდექსის 342-ე მუხლის მოთხოვნის მიხედვით, ადმინისტრაციას მისთვის პერსონალურად ორი თვით ადრე არ უცნობებია შტატების მოსალოდნელი შემცირების შესახებ. ამ საფუძვლით მოპასუხე ორგანიზაციის მიერ გამოცემული ბრძანება მისი სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე არის უკანონო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით ი. ჯ.-ის სამუშაოდან დათხოვნა ცნობილ იქნა არასწორად, მაგრამ სამუშაოზე აღდგენაზე ეთქვა უარი შტატის არარსებობის გამო.

სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ს/ს “...-ის” მთავარი ბუღალტრის მიერ გაცემულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ი. ჯ.-ე 2001წ. აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით იმყოფებოდა უფასო შვებულებაში, ხოლო დეკემბერში განთავისუფლდა სამუშაოდან, რაც შკკ-ს 34-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დაუშვებელია.

შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ.-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით ი. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილება.

სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი მოტივით:

პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დაირღვა შკკ-ს 34-ე მუხლი, რადგან ი. ჯ.-ს არ დაუწერია განცხადება უხელფასო შვებულებაზე და არც შესაბამისი ბრძანება არ გამოცემულა. ასევე არ დაფიქსირებულა 37-ე მუხლის დარღვევა, რადგან საქმეს ერთვის პროფკავშირის 2001წ. 22 დეკემბრის სხდომის ოქმი, რომელზეც განიხილებოდა ადმინისტრაციის მიმართვა ი. ჯ.-ის შკკ-ს 34-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე განთავისუფლების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე კრებამ 2001წ. 28 ნოემბრიდან თანხმობა მისცა ადმინისტრაციას ი. ჯ.-ის განთავისუფლებაზე.

საკასაციო საჩივრით ი. ჯ.-ე მოითხოვს ქუთაისის სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას სსკ-ს 393-ე, 394-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე.

კასატორს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება აშკარად უკანონოა, როგორც სამართლებრივი, ასევე _ ფაქტობრივი თვალსაზრისით. სასამართლო კოლეგიამ ყოვლად უსაფუძვლოდ ცნო, რომ არ იყო დარღვეული შკკ-ს 34-ე მუხლის მოთხოვნა, მაშინ, როდესაც ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ეს ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორი ი. ჯ.-ე სააქციო საზოგადოება ...-ის აღმასრულებელი დირექტორის 2001წ. 6 დეკემბრის ¹01/255 ბრძანებით განთავისუფლდა ს/ს “...-ის” ენერგო საამქროს ...-ის წარმოების ...-ის თანამდებობიდან შკკ-ს 34-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე შტატის შემცირების გამო.

პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია, რომ მისი დათხოვნა სამუშაოდან უკანონოა იმ საფუძვლით, რომ იგი სამსახურიდან დათხოვნილია შვებულებაში ყოფნის პერიოდში, ვინაიდან შკკ-ს 74-ე მუხლის თანახმად ოჯახური პირობებისა და სხვა საპატიო მიზეზის გამო საწარმოს დაწესებულების, ორგანიზაციის ან საწარმოო ერთეულის ხელმძღვანელის ნებართვით მუშას ან მოსამსახურეს მისი განცხადებით შეიძლება მიეცეს კუთვნილი უხელფასი შვებულება, რაც ფორმდება ბრძანებით (განკარგულებით). საქმის მასალებში არ არსებობს ბრძანება (განკარგულება) ი. ჯ.-ისათვის უფასო შვებულების მიცემის შესახებ.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ პროფკომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე მისი მიუწვევლობა შეიძლება დათხოვნის უკანონობის დამადასტურებელი გახდეს, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით ი. ჯ.-ეს სხდომის ოქმზე პრეტენზია არ განუცხადებია.

პალატა თვლის, რომ სწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ი. ჯ.-ის გათავისუფლებისას არ დარღვეულა შკკ-ს 36-ე მუხლის მოთხოვნა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების გამოყენების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მუშათა რაოდენობისა და შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების გამოყენებას თანაბარი პირობების შემთხვევაში (იგულისხმება ერთნაირი თანამდებობრივი სტატუსით მომუშავე მუშაკებს შორის უფრო მაღალი კვალიფიკაციისა და შრომის ნაყოფიერების მქონე მუშაკისათვის უპირატესობის მინიჭება). განსახილველ შემთხვევაში ი. ჯ.-ე იყო ...-ი და მას საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაში არ ჰქონდა უპირატესი უფლება სხვა მუშებთან შედარებით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჟანგბადის უბნის გარკვეული ქონება გადაეცა შპს “ა.-ს”, ხოლო ...-ის უბანი დარჩა სს “...-ში” და იგი დღევანდელი მდგომარეობით არ ფუნქციონირებს. გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატას მიაჩნია, რომ საშტატო ერთეული, სადაც მუშაობდა ი. ჯ.-ე, აღარ არსებობს არც სააქციო საზოგადოების სტრუქტურაში და არც შპს “ა.-ში”, ვინაიდან ენერგო საამქროს ...-ის წარმოების უბანი ფაქტობრივად გაიყო და აღარ შენარჩუნებულა იმ სახით, რა სახითაც არსებობდა იგი ...-ად ი. ჯ.-ის მუშაობის პერიოდში.

შკკ-ს 206-ე მუხლის შესაბამისად კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნის ან სხვა სამუშაოზე უკანონოდ გადაყვანის დროს მუშა და მოსამსახურე წინანდელ სამუშაოზე უნდა აღადგინოს შრომის დავის განმხილველმა ორგანომ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ი. ჯ.-ის სამუშაოდან დათხოვნისას განთავისუფლების პროცედურა დარღვეულიც, რომ იყოს, აღნიშნული არ შეიძლება მისი აღდგენის საფუძველი გახდეს, ვინაიდან არ არსებობს წინანდელი თანამდებობა, სადაც ეს უკანასკნელი მუშაობდა.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.