Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-974-02 25 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. მ-ი-ფ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე ნ. ფ-ისაგან ორი შვილის _ ქ. და დ. ფ-ეების სარჩენი ალიმენტის გადახდა შემდეგი საფუძვლით: 1985 წელს იქორწინა მოპასუხე ნ. ფ-ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინა ოთხი შვილი: ლ., ნ., ქ. და დ. ფ-ეები. 1999 წელს იძულებული გახდა, დაეტოვებინა ოჯახი. იმავე წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიაკუთვნეს აღსაზრდელად ორი შვილი: 1992 წელს დაბადებული ქ. ფ-ე და 1994 წელს დაბადებული დ. ფ-ე. მოპასუხე არ ზრუნავს ბავშვებზე და მონაწილეობას არ იღებს მათ აღზრდაში.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ნ. ფ-ეს დაეკისრა ქ. და დ. ფ-ეების სასარგებლოდ სრულწლოვანების მიღწევამდე ალიმენტის გადახდა ყოველთვიური შემოსავლის 1/3-ის ოდენობით. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ქ. და დ. ფ-ეები არიან მათი შვილები. მოპასუხე ფლობს 1 ჰა მიწის ნაკვეთს, მის შემოსავალს წარმოადგენს პირადი მეურნეობა, მოსარჩელე კი არსად მუშაობს. აღნიშნულის გათავალისწინებით კი სკ-ს 1212-1214-ე მუხლების საფუძველზე დაკმაყოფილდა სარჩელი.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ფ-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინებით ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მოპასუხე ზრდის ორ შვილს, არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ მას არ დაეკისროს დარჩენილი ორი შვილის ალიმენტი. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ კომლს, რომელშიც ფ-ე ცხოვრობს, აქვს 1 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო მოპასუხის მამა მუშაობს ტრაქტორისტად. აქედან გამომდინარე, არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ფ-ემ, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 103-ე და 105-ე მუხლები. გადაწყვეტილება ემყარება არა მტკიცებულებებს, არამედ _ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების ავტორთა მიერ გამოთქმულ ვარაუდებს. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ტრაქტორი მისი საკუთრებაა, მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ცნობით ტრაქტორი სახელმწიფო საკუთრებაა მისი მამა ვ. ფ-ე კი მექანიზატორად მუშაობს. სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა, რომ იგი სოფ. ...ში ფლობს 1 ჰა მიწის ნაკვეთს. არავითარ მიწის ნაკვეთს იგი არ ფლობს, მიწის ნაკვეთი გაფორმებულია ბებიის, ლ. ჟ-ი-ფ-ის, სახელზე. საპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ორი შვილი აღსაზრდელად დარჩა მას, ხოლო ორი, შემოსავლისა და საყოფაცხოვრებო პირობების გათვალისწინებით, გადაეცა დედას. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით გამოდის, რომ ოთხივე შვილის აღზრდა დაეკისრა მას, მაშინ, როცა სკ-ს 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალ განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი. ასევე დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ორი შვილი აღსაზრდელად გადაეცა მამას _ მოპასუხე ნ. ფ-ეს, ორი კი აღსაზრდელად დარჩა დედასთან _ მოსარჩელე მ. მ--ფ-ესთან. ასეთ ვითარებაში პალატა იზიარებს კასატორ ნ. ფ-ის მოსაზრებას, რომ იგი არათანაბარ პირობებშია ჩაყენებული მოსარჩელე მ. მ-თან შედარებით, რადგან იგი მარტო, მოსარჩელის მონაწილეობის გარეშე, ზრდის ორ შვილს, ამავე დროს მეორე ორი შვილის სარჩენი ალიმენტიც მას დაეკისრა. სკ-ს 1919-ე მუხლის თანახმად მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, მაგრამ ეს წესი ვრცელდება ორივე მშობლის მიმართ, რადგან ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ. სასამართლომ ისე დააკისრა მოპასუხეს ალიმენტი, რომ არ გამოურკვევია, თუ რამდენი აქვს შემოსავალი მოპასუხეს და ის ბავშვები, რომლებიც აღსაზრდელად არიან მასთან, რამდენად არიან უზრუნველყოფილნი; ასევე არ გამოარკვია, იღებს თუ არა მონაწილეობას ამ ბავშვების რჩენაში ბავშვების დედა, მოსარჩელე მ. მ-ი. ალიმენტის განსაზღვრის დროს სასამართლომ არასწორად ჩათვალა მოპასუხის საკუთრებად ის ქონება რომელიც მის სახელზე არ არის რიცხული. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ კომლს, რომელშიც ნ. ფ-ე ცხოვრობს, აქვს 1 ჰა მიწა, მოპასუხის მამა მუშაობს ტრაქტორისტად. პალატა განმარტავს, რომ მოპასუხემ ალიმენტი უნდა გადაიხადოს არა კომლის, არამედ პირადი შემოსავლიდან, ხოლო რის საფუძველზე ჩათვალა სასამართლომ ფ-ის ოჯახი, კომლად გაუგებარია.

საქმის ხელახალი განხილვის დროს სასამართლომ უნდა გამოარკვიოს პირადად, რა შემოსავალი აქვს მოპასუხეს, როგორ არიან უზრუნველყოფილი ის ბავშვები, რომლებიც მოპასუხესთან იზრდებიან; იღებს თუ არა მოსარჩელე მონაწილეობას იმ ბავშვების რჩენაში, რომლებიც მოსარჩელესთან იზრდებიან და ამის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინება და საქმე ხალახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და რა გასაჩივრდება.