გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-975-01 19 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. შ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გ. რ-ავასა და ე. მ-იას გამოსახლება თბილისში, ... მდებარე ბინიდან, შემდეგი საფუძვლით: ბინა არის მისი საკუთრება, მის სახელზეა რეგისტრირებული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. მოპასუხეებს ბინა უკანონოდ აქვთ დაკავებული და, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, არ ათავისუფლებენ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი საფუძვლით: მათ ბინა იყიდეს სახლის მესაკუთრეებისაგან _ მ. ა-ძესა და ა. მ-შვილისაგან 1993 წელს, მაგრამ ბინა პრივატიზებული არ იყო და ხელშეკრულება არ გაფორმებულა; ზ. შ-იასა და სახლის მესაკუთრეს _ მ-შვილს შორის 1996 წლის 5 მაისს დაიდო სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება რომელიც სასამართლოს 1996 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, რის გამოც ზ. შ-ია აღარ არის ბინის მესაკუთრე და, შესაბამისად, არასათანადო მოსარჩელეა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. რ-ავა და ე. მ-ია გამოსახლდნენ სადავო ბინიდან. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს ბინა არა აქვთ შეძენილი კანონით დადგენილი წესით. ასევე დადასტურებულად ჩათვალა, რომ 1996 წლის 14 მაისს სახლის მესაკუთრეს – მ-შვილსა და მოსარჩელე ზ. შ-იას შორის კანონის ყველა წესის დაცვით დაიდო სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ზ. შ-იამ შეიძინა სადავო ბინა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მის სახელზე. ზ. შ-ია არის ბინის მესაკუთრე და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად სარჩელი დააკმაყოფილა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. რ-ავამ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 28 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ზ. შ-ია არ არის არასათანადო მოსარჩელე, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით მან სადავო ბინა მ-შვილისაგან შეიძინა 1996 წლის 14 მაისს. აღნიშნული ხელშეკრულება არავის გაუუქმებია. ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა 1996 წლის 5 მაისის ზ. შ-იასა და ა. მ-შვილს შორის დადებული ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეისათვის კანონიერ ძალაშია, ხოლო 1996 წლის 14 მაისის ხელშეკრულება დღემდე არც გაუქმებულა და არც გაბათილებულია; ამიტომ აღნიშნული ხელშეკრულების ძალით ზ. შ-ია ითვლება სადავო ბინის მესაკუთრედ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 28 ივნისის განჩინებაზე გ. რ-ავამ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც დღეისათვის კანონიერ ძალაშია, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე ზ. შ-იასა და სახლის ყოფილ მესაკუთრეს – მ-შვილს შორის გაფორმებული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, ბათილია ყველა ჩანაწერი სადავო ბინის ზ. შ-იას სახელზე აღრიცხვის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 28 ივნისის განჩინებით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის პრინციპი კანოინერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობის შესახებ, ასევე ამავე კოდექსის 266-ე მუხლი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იგივე სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის დაუშვებლობის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილია 1996 წლის 14 მაისს გაფორმებული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ-შვილმა გაყიდა, ხოლო ზ. შ-იამ იყიდა სადავო ბინა. ხელშეკრულება დადასტურებულია სანოტარო წესით და რეგისტრირებულია თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბუიროში. საქმეში ასევე წარმოდგენილია ცნობა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროდან, რომ ბიუროს ჩანაწერებით ბინა ირიცხება ზ. შ-იას სახელზე.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად არის ცნობილი ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 1996 წლის 5 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. საქმეში კი წარმოდგენილია 1996 წლის 14 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, არც გაუქმებულა და არც ბათილად არის ცნობილი და ამ ხელშეკრულების საფუძველზე ზ. შ-იაზე ირიცხება საკუთრების უფლებით სადავო ბინა, მდებარე ... ქ.თბილისში.
საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას, სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას ადგილი არ ჰქონია და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. რ-ავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 28 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.