Facebook Twitter

საქმე # 150141124010223877

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1671-24 25 ნოემბერი, 2024 წელი

ე. ვ. 1671-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ე–ს საჩივარი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის განაჩენით: ვ. ე–ი, – პირადი ნომრით ............, – ცნობილ იქნა დამნაშავედ:

1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით;

1.2. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

2. 2024 წლის 11 ოქტომბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ვ. ე–ს პირადი საქმე.

3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით:

3.1. მსჯავრდებულ ვ. ე–ის უარი ეთქვა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე;

3.2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ე–მა, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას და დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

3. სასამართლო იმავდროულად, ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის XXII თავით.

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის XXII თავი არის – დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ, რომელიც თავის თავში მოიცავს მათ შორის საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს – სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. შესაბამისად, ვ. ე–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ე–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. ე–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი