გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-980-02 25 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ძმის სარჩენი ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. ა-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეებისაგან, ნ. და თ. თ-ეებისაგან, მცირეწლოვანი ჰ. თ-ის სარჩენი ალიმენტის დაკისრება შემდეგი საფუძვლით: მოპასუხეების ძმა ჰ. თ-ე არის მისი შვილი. ჰ-ის მამა ვ. თ-ე უმუშევრობის გამო ვერ ეხმარება თავის შვილს და ვერ უხდის ალიმენტს, ხოლო მოპასუხეებს (რომლებიც არიან ვ. თ-ის შვილები პირველი ქორწინებიდან და მცირეწლოვანი ჰ. თ-ის დები) აქვთ დამოუკიდებელი შემოსავალი: ისინი შპს აფთიაქი პ-ს” დამფუძნებლები არიან და აქვთ საშუალება, მატერიალური დახმარება გაუწიონ მცირეწლოვან ძმას.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ჰ. თ-ის მამას, ვ. თ-ეს, სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს შვილის სარჩენი ალიმენტის გადახდა ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. ვ. თ-ეს არ აქვს ალიმენტის გადახდის დავალიანება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ ვითარებაში მოპასუხეებს არ ევალებათ ძმის სარჩენი ალიმენტის გადახდა, რადგან სკ-ს 1223-ე მუხლის საფუძველზე დები და ძმები მხოლოდ მაშინ არიან მოვალენი არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები და ძმები, თუ ისინი დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ა-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 მაისის განჩინებით ც. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ც. ა-ემ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: ვ. თ-ე თავს არიდებს ბავშვისათვის ალიმენტის გადახდას, იგი ოფიციალურად არ ფორმდება სამუშაოდ, ამიტომ სკ-ს 1223-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეები, ანუ არასრულწლოვანი ჰ. თ-ის დები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ძმა, რომელიც დახმარებას საჭიროებს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის შვილის, ჰ. თ-ის, სასარგებლოდ მამას, ვ. თ-ეს, დაკისრებული აქვს ბავშვის სარჩენი ალიმენტი ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. ასევე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ. თ-ეს სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის ალიმენტის გადახდის დავალიანება არ ერიცხებოდა. ასეთ პირობებში სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან სკ-ს 1223-ე მუხლის თანახმად, დები და ძმები მხოლოდ მაშინ არიან მოვალენი, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები ან ძმები, როდესაც ისინი დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლისაგან. მოცემული მუხლი დებისა და ძმებისათვის სარჩოს დაკისრებისთვის ერთდროულად ორ პირობას ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანი ჰ. თ-ის მამას დაკისრებული აქვს ალიმენტი, რომელსაც იხდის. ამდენად, მისი დები მოვალენი არ არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ძმა.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.