Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №183I-24 თბილისი

მ. ო. რ., 183I -24 28 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ. ო-ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის N- დაწესებულებიდან შემოსული პირადი საქმის მასალების მიხედვით, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენით რ. მ. ო-ი - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით; 11,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რ. მ. ო-ის, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი – სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენით რ. მ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და, რ. მ. ო-ის განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 11 მაისიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით – მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2024 წლის 7 ოქტომბერს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ რ. მ. ო-ის პირადი საქმე.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 თებერვლისა და 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენები რ. მ. ო-ის მიმართ დარჩა უცვლელად და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე ითქვა უარი.

6. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. მ. ო-იმ, რომელიც ითხოვს მისთვის დანიშნულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას იმ მოტივით, რომ ორივე სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ნ. ზ. კ. თანახმაა, მის მიმართ გავრცელდეს ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები (რასაც ადასტურებს ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობით, რომელიც ერთვის საჩივარს); გარდა ამისა, თვითონ მსჯავრდებულიც თანახმაა, ამნისტიით დაწესებული შეღავათების გავრცელების შემთხვევაში, მის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 7 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს უნახევრდება, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და, თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის გამეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს – 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

3. სასამართლოში წარმოდგენილი რ. მ. ო-ის პირადი საქმის მასალები არ შეიცავს ინფორმაციას, რომ იგი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დროს იყო ნასამართლევი. ასევე, ორივე სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია მსჯავრდებულის მეუღლე ნ. ზ. კ., რომელიც თანახმაა, რ. მ. ო-ის მიმართ გავრცელდეს 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიით დაწესებული შეღავათები (იხ. ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, სასამართლოს წარმოება, ს.ფ. 24-25). გარდა ამისა, თვითონ მსჯავრდებულიც თანახმაა, მის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი.

4. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ. მ. ო-ის უნდა გაუნახევრდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე დამატებული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განაჩენით რ. მ. ო-ისთვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულს სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (იდეალური ერთობლიობით), ამასთან, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დროს იგი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, ამიტომ ამ მუხლით განსაზღვრული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა – უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით, ვინაიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და, თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის გამეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს – 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. მ. ო-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. მ. ო-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის განაჩენით რ. მ. ო-ისათვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შემცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენით რ. მ. ო-ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს რ. მ. ო-ისათვის წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაუნახევრდეს;

6. მსჯავრდებულ რ. მ. ო-ის განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს დაკავების დღიდან – 2023 წლის 11 მაისიდან;

7. მსჯავრდებულ რ. მ. ო-ის საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განაჩენი და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, რ. მ. ო-ის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი 6 (ექვსი) თვით, შემდეგი პირობებით:

რ. მ. ო-ის -, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ-ის რაიონის სოფელ მ-ში, - აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, რომელშიც ცხოვრობს ნ. ზ. კ. - მცხოვრები: მ-ის რაიონის სოფელ მ-ში, -

რ. მ. ო-ის აეკრძალოს ნ. ზ. კ-თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება;

რ. მ. ო-ის აეკრძალოს ნ. ზ. კ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

რ. მ. ო-ის აეკრძალოს თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა;

დამცავი ორდერის პირობების დარღვევა გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას;

დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედების ვადა მსჯავრდებულ რ. მ. ო-ის აეთვალოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;

რ. მ. ო-ის დაევალოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;

10. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე