Facebook Twitter

¹ 3კ/982-01 1 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე)

ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

“ს.-ს” საზოგადოებამ და “კ.-ს” ცენტრმა სარჩელი აღძრა საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს, საქართველოს “ი.-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის – 818286 ლარის, მიუღებელი შემოსავლისა და ზიანის ანაზღაურება. სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი გარემოება: 1999 წლის 25 სექტემბერს შედგა საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელსაც წევრი ორგანიზაციებიდან არ ესწრებოდნენ მოპასუხეები და დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია. საკოორდინაციო საბჭოს სხდომამ დაადგინა: საკოორდინაციო საბჭოს სახელით განხორციელებული პროგრამების დაფინანსებისათვის საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულმა ორგანიზაციებმა გაიღონ მათ მიერ დღემდე მიუღებელი ფულადი სახსრები, რომლებიც აკუმულირებული იქნება “ი.-ის” ანგარიშზე; თითოეულ ორგანიზაციას, რომელიც გაიღებს პროგრამის დასაფინანსებელ თანხებს, “ი.-ის” კუთვნილი შეუსრულებელი კრედიტიდან გადაეცეს გაღებული თანხების შესაბამისი ოდენობა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ საქართველოს საბაჟო აყოვნებდა ინვალიდთა ორგანიზაციების კუთვნილი თანხების გადარიცხვას, რაც ორგანიზაციების მიერ დაწყებული პროგრამების პარალიზებას ახდენდა.

“საქართველოს ბიუჯეტის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებს საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ცალკეული ორგანიზაციების მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში 1999 წელს გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადიდან, აქციზიდან (გარდა აქციზური მარკით მარკირებადი საქონლისა) და საბაჟო გადასახადიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი 1999 წლის განმავლობაში ჩაირიცხოს აღნიშნულ საბჭოებში გაერთიანებული შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშიდან გამოცალკევებით. ამავე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გადახდილი გადასახადებიდან მათთვის დაბრუნებული შემოსავლისა და ხარჯების აღრიცხვა აწარმოოს ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლისა და ხარჯებისაგან დამოუკიდებლად. სახელმწიფო ხაზინიდან სახსრები გაიცეს მხოლოდ საკოორდინაციო საბჭოების ნებართვით.

აღნიშნული კანონის საფუძველზე 1999 წლის 4 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სამსახურის ანგარიშებიდან ¹5 ხაზინაში “ს.-ს” საზოგადოების ¹... სპეცანგარიშზე ჩაირიცხა 665000 ლარი. საკოორდინაციო საბჭოს ზეწოლისა და იძულების საფუძველზე აღნიშნული თანხა ვალდებულების გარეშე ჩაირიცხა ი.-ის ანგარიშზე.

საქმის ზეპირი განხილვის დროს “კ-ის” ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელზე უარი თქვა, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 27 ივლისის განჩინებით საქმე ამ ნაწილში შეწყდა წარმოებით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ 1999 წელს “ს.-ს” საზოგადოებისათვის დამტკიცებული ქვოტა 1093,5 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო რეალურად მათ მიერ ქვოტა შესრულებულ იქნა 2171,372 ათასი ლარის ოდენობით. საკოორდინაციო საბჭოს 1999 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეს “ი.-მ” დაუბრუნა ფულადი სახსრები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ““ს.-ს” საზოგადოებამ” საკოორდინაციო საბჭოს 1999 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად 1999 წლის 7 ოქტომბერს გადარიცხა 665 000 ლარი “ი.-ის” სპეცანგარიშზე. საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ, მართალია, მოპასუხეებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს “ს.-ს” საზოგადოების მიერ “ი.-ის” ანგარიშზე გადარიცხული 665 000 ლარიდან “საკოორდინაციო საბჭოს” გადაწყვეტილების შესაბამისად თანხის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ მათ წარმოადგინეს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სამსახურის მიერ გაცემული გაანგარიშება საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების 1998-1999 წ.წ. შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ “ს.-ს” საზოგადოების 1999 წლის ფაქტობრვი ხარჯი შეადგენს 1 998 833 ლარს, ხოლო დამტკიცებული ქვოტა იყო 745,5 ათასი ლარი.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა 1998 წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებზე.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა 1998 წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის ნორმა. აღნიშნული ნორმით ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გადახდილი დღგ-დან, აქციზიდან და საბაჟო გადასახადიდან ფაქტობრივი შემოსავალი 1999 წლის განმავლობაში უნდა ჩარიცხულიყო ამ ორგანიზაციების ანგარიშებზე. კანონის მითითებული ნორმა არ ავალდებულებდა “ყრუთა კავშირს” სადავო თანხა ჩაერიცხა “ი.-ის” ანგარიშზე.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია “საკოორდინაციო საბჭოს” 1999 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება სადავო თანხის “ი.-ისათვის” გადარიცხვის საფუძვლად, რადგან იგი ეწინააღმდეგება 1998 წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებს.

კასატორს ასევე მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან მოპასუხეებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს სადავო თანხის დაბრუნების დამადასტურებელი საბუთი. თანხა რომ ნამდვილად დასაბრუნებელი იყო, მოპასუხე ამას არ უარყოფდა და სასამართლომაც გაიზიარა, მაგრამ სარჩელის დაკმაყოფილებას უარი რატომ ეთქვა, გადაწყვეტილებით დაუსაბუთებელია. სასამართლომ ასევე დაუსაბუთებელი უარი უთხრა შუამდგომლობას მოწმეთა დაკითხვის თაობაზე.

კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. დადგენილია, რომ 1999 წლის 7 ოქტომბერს მოსარჩელის კუთვნილი თანხა _ 665 000 ლარი, საქართველოს ყრუთა კავშირმა გადარიცხა “საქართველოს ი.-ის” ანგარიშზე. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა მოსარჩელეს დაუბრუნდა, რადგან 1998-99 წლების შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ გაანგარიშებით (ფინანსთა სამინისტროს) დამტკიცებული ქვოტის 745,5 ათასი ლარის ნაცვლად მოსარჩელემ მიიღო 1 998 833 ლარი; ე.ი. სასამართლომ ივარაუდა, რომ სადავო თანხა მოსარჩელემ მიიღო, მაგრამ არ დაასაბუთა ეს ვარაუდი რა მტკიცებულებას ემყარება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ უნდა მიუთითოს დადგენილი გარემოებები, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები და რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ მიუთითა იმ გარემოებასა და მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები.

სასამართლომ არ მიუთითა სამართლის ნორმაზე, რითაც სარჩელი უსაფუძვლოდ მიაჩნია.

სასამართლომ არასწორად განმარტა 1999 წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “გ” ქვეპუნქტები, როცა მიიჩნია, რომ “ი.-ის” ანგარიშზე სადავო თანხის ჩარიცხვა ამ ნორმების საფუძველზე მოხდა. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, ინვალიდთა ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 1999 წელს ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდილი თანხები (დღგ, აქციზი, საბაჟო გადასახადი) უნდა ჩარიცხულიყო ამ ორგანიზაციების სპეცანგარიშზე და არა “ი.-ის” ანგარიშზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თუ მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ რაიმე ფულადი ვალდებულება გააჩნდა, მაშინ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ასეთი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს არ დაუდგენია სადავო თანხის გადახდისა და უკან მოთხოვნის იურიდიული საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდეს იმავე სასამართლოში. საქმის ხელახლა განხილვის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული არგუმენტები და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევით დაადგინოს სადავო თანხის გადახდისა და უკან მოთხოვნის იურიდიული საფუძვლები. Aასევე, ფაქტობრივი თვალსაზრისით გამოითვალოს და დაადგინოს, დაბრუნებულია თუ არა სადავო თანხა. აღნიშნული მითითებები სავალდებულოა საოლქო სასამართლოს შესაბამისი კოლეგიისათვის, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) გაუქმდება და იგი ხელახლა განსახილველად დაბრუნდება ქვედა ინსტანციის სასამართლოში, სავალდებულოა განჩინებაში მიეთითოს, თუ რომელი ფაქტები საჭიროებს გამოკვლევას, რა მტკიცებულებებია შესაკრები და სხვა რა კონკრეტული საპროცესო მოქმედება უნდა შეასრულოს საოლქო სასამართლოს შესაბამისმა კოლეგიამ.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას საპროცესო ნორმის დარღვევით მოწმეთა დაკითხვის შესახებ, რადგან საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 2001 წლის 12 ივლისის განჩინება კანონიერად მიაჩნია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ყრუთა კავშირის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის კოლეგიას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.