გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-983-01 6 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: სადაზღვევო თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 2 აპრილს სადაზღვევო კომპანია “ჯ.” და შპს “კ-ს” შორის დაიდო სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 35693 ლარით; სადაზღვევო შესატანი _ 142 ლარი და 72 თეთრი ჩარიცხული უნდა ყოფილიყო მზღვეველის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში.
ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან და უნდა ემოქმედა სადაზღვევო შესატანის გადახდიდან ერთიწ. განმავლობაში. იმავე დღეს გაიცა სადაზღვევოო პოლისი.
1999წ. 5 აპრილს შპს კ-მა” მზღვეველის ანგარიშზე გადარიცხა 72 ლარი.
1999წ. 19 აპრილს შედგენილი აქტის მიხედვით შპს “ჯ-მ” გააუქმა მხარეებს შორს დადებული დაზღვევის ხელშეკრულება და მოახდინა სადაზღვევო პოლისის ანულირება.
1999წ. 10 ივნისს მოხდა სადაზღვევო შემთხვევა. შპს “კ-ზე” ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 96886 ლარი.
2001წ. იანვარში შპს “კ-მა” სარჩელი შეიტანა შპს “ჯ-ს” მიმართ სადაზღვევო თანხის გადახდევინების შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “კ-მა”.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ დაეკისრა 49692 ლარის გადახდა, შემდეგი საფუძვლებით: სკ-ს 818-ე მუხლის შესაბამისად არ გაუქმებულა მხარეებს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულება და შესაბამისი პოლისი, რადგან ამის თაობაზე შპს “ჯ-ს” არ უცნობებია შპს “კ-ისათვის” კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში; მართალია ხელშეკრულებაში მითითებული არ არის პრემიის თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე, მაგრამ შპს “კ-ის” თხოვნით შპს “ჯ-ს” მიერ პოლისი გაიცა სადაზღვევო პრემიის ნაწილის _ 72 ლარის გადახდის შემდეგ, დარჩენილი თანხის შემდგომში გადახდის პირობით; სკ-ს 817-ე მუხლის მიხედვით სადაზღვევო შესატანის დროულად გადაუხდელობისათვის შპს “ჯ-ს” დამზღვევისათვის შეეძლო განესაზღვრა გადახდის ორკვირიანი ვადა. ამასთან მიეთითებინა შედეგებზე, რომელიც ვადის გასვლას მოჰყვებოდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სადაზღვევო თანხის გადაუხდელობაზე მზღვეველს რეაგირება არ მოუხდენია, რაც ადასტურებს სადაზღვევო პრემიის ნაწილ-ნაწილ პერიოდულად გადახდაზე მხარეებს შორის შეთანხმების არსებობას. სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლის თანახმად შპს “კ-ის” მიერ პირველი შესატანის გადახდით, 1999წ. 10 ივლისს მზღვეველს წარმოეშვა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე, ხოლო ხელშეკრულების 2-10 მუხლის შესაბამისად _ თითოეულ დაგვიანებულ დღეზე სადაზღვეო თანხის 0,1%-ის გადახდის ვალდებულება.
შპს სადაზღვევო კომპანია “ჯ-ს” დირექტორი ი. ჟ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით შპს “კ-ს” უარი ეთქვას სარჩელზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
“სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დამზღვევი სადაზღვევო შესატანს (პრემიას) იხდის ყოველწლიურად, ერთჯერადად, სადაზღვევო პოლისის (მოწმობის) გაცემისას.
შპს სადაზღვევო კომპანია “ჯ-სა” და შპს “კ-ს” შორის ქონების სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის ხელშეკრულების 2.5 მუხლის შესაბამისად სადაზღვევო პრემია – 142 ლარი და 72 თეთრი ჩარიცხული უნდა ყოფილიყო მზღვეველის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში. ხელშეკრულების 2.3 მუხლი ითვალისწინებდა სადაზღვევო პოლისის გაცემას “დამზღვევის” მიერ სადაზღვევო შესატანის (პრემიის) გადახდიდან არაუგვიანეს სამი დღის განმავლობაში.
საქმეში წარმოდგენილი 1999წ. 5 აპრილის საგადასახადო დავალების მიხედვით შპს “კ-მა” შპს სადაზღვევო კომპანია “ჯ-ს” საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწიენბული სადაზღვევო შესატანის (პრემიის) ნაწილი _ 72 ლარი. სადაზღვევო პოლისი გაიცა 1999წ. 2 აპრილს, სადაზღვევო შესატანის (პრემიის) გადახდამდე სამი დღით ადრე. პოლისში შეუვსებელია სადაზღვევო შესატანის გადახდის გრაფა. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების თანახმად დამზღვევს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სადაზღვევო პოლისის საგადასახადო ინსპექციაში ბალანსთან ერთად წარდგენა, რის გამო სადაზღვევო ხელშეკრულების დადებისთანავე გაიცა პოლისი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სადაზღვევო შესატანს დამზღვევი გადაიხდიდა სამი დღის ვადაში, რაც დაფიქსირებული იქნებოდა პოლისის შესაბამის გრაფაში.
სადაზღვევო პოლისში მითითებულია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის და პოლისის გაუქმების პირობები. არ ანაზღაურდება ზარალი იმ შემთხვევაში, როდესაც დამზღვევი დაარღვევს სადაზღვევო ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ვალდებულებებს. პოლისის მოქმედება შეჩერებულად ითვლება დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ თანხის მთლიანად გადახდამდე.
სკ-ს 806-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად დაზღვევა დაიწყო მხარეებს შორის ხელშეკრულების დადების დღის _ 1999წ. 2 აპრილის 24 საათზე და დამთავრდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადის ბოლო დღის 24 საათზე. ხელშეკრულების დადება წარმოადგენდა დაზღვევის დაწყების, ანუ მზღვეველის მოვალეობის წარმოშობის საფუძველს. მხოლოდ ხელშეკრულების დადება არ იყო საკმარისი მზღვეველის მოვალეობის წარმოშობისათვის, რადგან სკ-ს 816-ე მუხლის თანახმად პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ 1999წ. 19 აპრილის თარიღით შედგენილი აქტი არ წარმოადგენდა დაზღვევის ხელშეკრულების შეწყვეტისა და სადაზღვევო პოლისის გაუქმების საფუძველს. არ ყოფილა დაცული სკ-ს 818-ე მუხლის მოთხოვნა, რომელიც სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდის გამო ხელშეკრულების მოშლის პირობებს ითვალისწინებს. სადაზღვევო შესატანის დროულად გადაუხდელობისათვის მზღვეველს სკ-ს 817-ე მუხლის შესაბამისად არ განესაზღვრა გადახდის ორკვირიანი ვადა, მაგრამ ეს გარემოება არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო იმის მტკიცების საფუძვლად, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება სადაზღვევო შესატანის (პრემიის) ნაწილ-ნაწილ, პერიოდულად გადახდის თაობაზე. რომ ყოფილიყო კიდეც ასეთი გარიგება, იგი წინააღმდეგობაში იქნებოდა ხელშეკრულების პირობებთან და “სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნასთან, რომლის თანახმად დამზღვევი სადაზღვევო შესატანს (პრემიას) იხდის ყოველწლიურად, ერთჯერადად, სადაზღვევო პოლისის (მოწმობის) გაცემისას. სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს.
ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროისათვის _ 1999წ. 10 ივნისს შპს “კ-ს” შპს სადაზღვევო კომპანია “ჯ-ს” ანგარიშზე სრულად არ ჰქონდა ჩარიცხული სადაზღვევო შესატანი (პრემია), სკ-ს 816-ე მუხლის შესაბამისად მზღვეველი თავისუფალი იყო თავისი მოვალეობისაგან.
ასეთ შემთხვევაში სააპელაციო პალატას არ გააჩნდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი, საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამო სსკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
შპს სადაზღვევო კომპანია “ჯ-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
არ დაკმაყოფილდეს შპს “კ-ის” სარჩელი შპს სადაზღვევო კომპანია “ჯ-ს” მიმართ სადაზღვევო თანხის 35692 ლარის გადახდევინების და სადაზღვევო თანხის გადახდის დაგვიანებისათვის 14000 ლარის დაკისრების შესახებ.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.