Facebook Twitter
3კ-985-02

3კ-985-02 16 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 20 აგვისტოს სს “...-მ” მოპასუხეების: ლ. ბ.-ის, მ. ჰ.-ის, ჟ. კ.-ის და მ. ჩ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2001წ. 18 აპრილს მ. ჩ.-მ განცხადებით მიმართა სს “...-ს” მარჩენალის დაკარგვის გამო 1994 წლიდან ზიანის ანაზღაურების შესახებ. თან წარადგინა 1992წ. აქტი ¹1 ფორმა ნ-1.

ამ აქტის არსებობა სს “...-ისათვის” ცნობილი გახდა განცხადების წარდგენის დღეს.

მოსარჩელემ მოითხოვა ამ აქტის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ საამშენებლო-საწარმოო კომერციული ფირმა “...-ის” მთავარი ბუღალტრის მკვლელობა მოხდა არასამუშაო დღეს, კვირას, ღამის 1 საათზე, მაშინ, როცა იგი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას; იგი მოკლეს საწარმოოს ტერიტორიის გარეთ; არ მომხდარა უბედური შემთხვევის გამოკვლევა; არ არსებობს ტექნიკური ინსპექტორის დასკვნა; არ მომხდარა სათანადო გამოკვლევა; აქტზე ხელმოწერები დაუთარიღებელია და დაუმოწმებელია წარმოების ღერბიანი ბეჭდით; გაურკვეველია, ვის მიერაა შედგენილი აქტი, რომელზეც ხელს აწერენ ის პირები, რომლებსაც ასეთი სამსახურებრივად არ ევალებათ. მისი მოსაზრებით, ვინაიდან ყ.-ის მკვლელობა მოხდა ყაჩაღობის მიზნით, მისი სიკვდილის შესახებ უბედური შემთხვევის აქტი არ უნდა შედგენიდიყო, რადგან სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული, მკვლელების ვინაობა კი დადგენილია.

მოპასუხე მ. ჩ.-მ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან აქტი შედგენილია 1992 წელს, მას ხელს აწერენ საწარმოს ხელმძღვანელი პირები, რაც იმთავითვე ცნობილი იყო მოსარჩელისათვის. ამასთან, 1992 წლიდან 1994 წლის ჩათვლით თ.ყ.-ის კმაყოფაზე მცხოვრებ პირებზე გაიცემოდა დახმარება “პენსია”. ასევე დადგენილია, რომ თ.ყ.-ზე თავდასხმა მოხდა საწარმოს ტერიტორიაზე, სადაც იგი მისული იყო სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და იმ გარემოებას თუ სად მოკლეს იგი არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მოპასუხეს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის მითითება აქტის ბათილად ცნობის თაობაზე იმ თვალსაზრისით, თითქოს აქტი შედგენილია კანონის დარღვევით. მოპასუხეს მიაჩნია, რომ აქტი შედგენილია საწარმოს ადმინისტრაციის მიერ, ამიტომ თუნდაც ადმინისტრაციის მიერ აქტის შედგენის დროს არ იყოს დაცული აქტის შედგენისათვის აუცილებელი პროცედურული მოთხოვნები, ეს ადმინისტრაციის ბრალია და ადმინისტრაციის ბრალეული მოქმედების გამო მას ზიანი არ შეიძლება მიადგეს.

ამავე მოტივით სარჩელი არ ცნეს დანარჩენმა მოპასუხეებმაც.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის (აპელანტის) გამოუცხადებლობის გამო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ამავე სასამართლოს 2002წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სს “...-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად იქნა დატოვებული მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უბედური შემთხვევა მოხდა საწარმოს ტერიტორიაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რაც დადასტურებულია სათანადო აქტით და ამ აქტის საფუძველზე დაღუპულის მეუღლე 1994 წლამდე ღებულობდა სარჩოს მარჩენალის დაკარგვის გამო.

2002წ. 19 ივლისს სს “...-მ” საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო.

მას მიაჩნია, რომ უბედური შემთხვევის აქტი კანონის მოთხოვნის გვერდის ავლითაა შედგენილი, ვინაიდან დებულების შესაბამისად არ ჩატარებულა უბედური შემთხვევის მოკვლევა, ამასთან სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მაშინ, როცა პირველ ინსტანციას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით არ უნდა განეხილა საქმე, ვინაიდან დავა ადმინისტრაციული არ იყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს დადგენილი აქვს ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თ. ყ.-ი დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს - 1992წ. 17 ოქტომბერს, ღამის საათებში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით საბუღალტრო დოკუმენტების წასაღებად მისულ ყ.-ზე ადმინისტრაციული შენობის ეზოში ყოფნისას მოხდა თავდასხმა, ეზოს ტერიტორიის გარეთ გაყვანა და მკვლელობა. სააპელაციო სასამართლოს ასევე დადგენილად აქვს მიჩნეული, რომ წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის აქტი შედგა 1992წ. 19 ოქტომბერს.

საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ მითითებულ გარემოებებს ვერ მიიჩნევს ვერც დამატებით და ვერც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად. კასატორის მოსაზრება, რომ ზემოთ მოყვანილი გარემოებების გამო სახეზე არ არის წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევა, უსაფუძვლოა, ვინაიდან სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარადაა დადგენილი, რომ თ.ყ.-ზე თავდასხმა მოხდა საწარმოს ეზოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამ გარემოების გასაბათილებლად კასატორს არანაირი მოსაზრება არ გააჩნია.

სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, მოსარჩელე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ უბედური შემთხვევის შესახებ სადავო აქტის არსებობა მისთვის ცნობილი გახდა 2001 წელს და არა აქტის შედგენის დროს _ 1992 წელს, ანუ იგი ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისი მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

სსკ-ს (1964წ. რედაქციით) 75-ე მუხლის შესაბამისად საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით.

მოცემულ შემთხვევაში უბედური შემთხვევის აქტი ¹1 ფორმა ნ-1 შედგენილია 1992წ. 19 ოქტომბერს დღევანდელი მოპასუხის უფლებამონაცვლე (ანუ პრივატიზაციამდე არსებული სახელმწიფო ორგანიზაციის) ადმინისტრაციის მიერ. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია აქტზე ხელმომწერი პირების და თვით მოსარჩელის განმარტებებით, ანუ ამ აქტის ბათილობის შესახებ სარჩელი მოპასუხის წარმომადგენელი საამშენებლო-საწარმოო გაერთიანება კომერციული ფირმა “ქუთმშენის”, ხოლო შემდეგ მისი უფლებამონაცვლე სს ტრესტ “ქუთმშენის” მიერ შეიძლებოდა შეტანილიყო სამიწ. ვადაში _ 1995წ. 19 ოქტომბრამდე. მოსარჩელემ კი სარჩელი შეიტანა 2000წ. 22 აგვისტოს.

ამავე კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

მართალია, სააპელაციო სასამართლომ შეცდომით ამ დავის გადაწყვეტის დროს გამოიყენა წარმოებაში უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და აღრიცხვის შესახებ 1966წ. დადგენილება, მაშინ, როცა 1992 წლისათვის ამავე სხვაგვარად არეგულირებდა 1989წ. დებულება, მაგრამ იმ საკითხის გადასაწყვეტად სარჩელი დაკმაყოფილდეს თუ არა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან სარჩელი ხანდაზმულია, ანუ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის განხილვის დროს გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ვერ გახდება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ,M რომ თითქოს სააპელაიცო სასამართლომ, როცა უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დაარღვია საპროცესო ნორმა.

საქალაქო სასამართლომ, მართალია, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით და სარჩელი არ დააკმაყოფილა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განიხილა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, არ დააკმაყოფილა იგი და ახალი გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა საქალაქო სასამარლოს გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, რომ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება და ამ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო ნორმები, სწორედ ამიტომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მართალია, სააპელაიცო სასამართლოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაცვლად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითებინა, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, მაგრამ, ვინაიდან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სარჩელი არ იყო დაკმაყოფილებული და სააპელაციო სასამართლო თავისი ახალი გადაწყვეტილებით იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, სააპელაციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის უცვლელად დატოვების ფაქტობრივად მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი სსკ-ს 393-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოქმედება ამ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს პროცესუალური ნორმის ისეთ დარღვევად, რომელიც საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს, ვინაიდან საქმეზე საბოლოო ჯამში მიღებულია სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მოსარჩელეს სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “...-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.