Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-986-02 25 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. გ-ემ სასამართლოს მიმართა სარჩელით. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მუშაობდა ე. კ-ში ...ად. 1972 წელს მან მიიღო საწარმოო ტრავმა, დაკარგა შრომის უნარი 80%-ით და გახდა მე-2 ჯგუფის ინვალიდი. 1988 წლიდან 1993 წლამდე ღებულობდა პენსიას. სს “ე. ქ-მ", რომელიც კ-ს სამართალმემკვიდრეა, უარი უთხრა ზიანის ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის გამო. დღეისათვის მისი თანრიგის მუშის ხელფასი შეადგენს 35 ლარს.

ლ. გ-ემ მოითხოვა ყოველთვიურად 28 ლარისა და 1993 წლიდან _ ერთდროულად 2352 ლარის ანაზღაურება. თერჯოლის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო. მოსარჩელემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

აპელანტი მიუთითებდა, რომ მას სს “ე. ქ-ის" ბუღალტერმა, აჩვენა სარეგისტრაციო წიგნი, სადაც გატარებული იყო როგორც პენსიონერი, მაგრამ, როდესაც სააქციო საზოგადოებას მიაკითხა ექსპერტიზის ჩასატარებლად, ბუღალტერმა უთხრა, რომ სარეგისტრაციო წიგნი წაიღო დირექტორმა და არ დააბრუნა. Aაპელანტის განმარტებით, სათანადო საბუთების არარსებობა გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სს “ე. ქ-ს" ლ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1994 წლიდან 2002წ. აპრილამდე ერთდროულად 2052 ლარისა და 2002წ. 1 აპრილიდან ყოველთვიურად _ 24 ლარისა და 99 თეთრის გადახდა.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ლ. გ-ე მუშაობდა ე. კ-ში ...ად, სადაც 1972 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა, შრომის უნარი დაკარგა 80%-ით და გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი. სს “ე. ქ." წარმოადგენს თერჯოლის რიონის ე. კ-ს უფლებამონაცვლეს. დადგენილია, რომ ლ. გ-ის შესაბამისი თანრიგის მუშის საშუალო თვიური ანაზღაურება 1999წ. სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებისათვის შეადგენს 31 ლარსა და 21 თეთრს. დადგენილია, რომ ლ. გ-ე ე. კ-დან ფოსტის მეშვეობით ღებულობდა თანხას.

სასამართლო კოლეგიამ ვერ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელ მ. დ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სს “ე. ქ-მ" მიიღო მხოლოდ თერჯოლის კ-ს ვალდებულებები და არა გოდოგანის ფლეთილი ქვის კარიერისა, რადგან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გოდოგანის ფლეთილი ქვის კარიერი შედიოდა თერჯოლის კ-ს შემადგენლობაში, ხოლო რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ კარიერი იყო დამოუკიდებელი იურიდიული პირი და არ შედიოდა კ-ს შემადგენლობაში ან მოხდა მისი ლიკვიდაცია, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ წარმოადგინა.

სააპელაციო პალატამ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის" მე-11 მუხლი.

მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ საქმე განიხილა ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევის გარეშე. სასამართლომ არ გამოარკვია, მოპასუხე ორგანიზაცია გოდოგანის მარმარილოს ფლეთილი ქვის კარიერის და მისი დამამუშავებელი საამქროს ბაზაზეა შექმნილი თუ არა, და ყურადღება არ მიაქცია მისი პრივატიზაციის გეგმას. საწარმოო ტრავმა, როგორც თვით მოსარჩელე მიუთითებს, მიიღო 1972 წელს, ხოლო უბედური შემთხვევის აქტი შედგენილია 1973 წელს, მაშინ, როდესაც საწარმოო ტრავმის აქტი უნდა შედგეს უბედური შემთხვევიდან 24 საათის განმავლობაში.

1982 წლიდან, ყოველწლიურად, უნდა არსებობდეს დირექტორის ბრძანება ზიანის ანაზღაურების გაცემის შესახებ. აპელანტმა ვერც ასეთი ბრძანებები წარუდგინა სასამართლოს.

კასატორის მითითებით, დებულების 62-ე მუხლის შესაბამისად, დაზარალებულის საქმეები უნდა ინახებოდეს ბუღალტერიაში, ზიანის ანაზღაურების გაცემის მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც არ არსებობს.

კასატორი მოითხოვს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებანი სავადლებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ლ. გ-ე მუშაობდა ე. კ-ში ...ად, სადაც 1971 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა, შრომის უნარი დაკარგა 80%-ით და გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი. სს “ე. ქ." წარმოადგენს თერჯოლის რაიონის ე. კ-ს უფლებამონაცვლეს. დადგენილია, რომ ლ. გ-ის შესაბამისი თანრიგის მუშის საშუალო თვიური ანაზღაურება 1999წ. სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებისათვის შეადგენდა 31 ლარსა და 21 თეთრს. დადგენილია, რომ ლ. გ-ე ე. კ-დან იღებდა ზიანის ანაზღაურებას.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ 1982 წლიდან უნდა არსებობდეს ყოველწლიურად დირექტორის ბრძანება ზიანის ანაზღაურების გაცემის შესახებ და დაზარალებულის საქმეები უნდა ინახებოდეს ბუღალტერიაში ზიანის გაცემის მთელი პერიოდის განმავლობაში და ვინაიდან ასეთი დოკუმენტები არ არსებობს, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

უდავოა, რომ მოსარჩელემ საწარმოო ტრამვა მიიღო ე. კ-ში მუშაობისას. თუ საწარმოს ბურალტერიაში არ არსებობს ბრძანება ზიანის ანაზღაურების გაცემის შესახებ და დაზარალებულის საქმეები არ ინახება, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ მოპასუხის ბრალით და შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმის საფუძველი ვერ იქნება.

ს.ს. ,,ე. ქ-ის წესდების” მე-2 მუხლიდან ირკვევა, რომ ეს საწარმო არის თერჯოლის რაიონის ე. კ-ს სამართლებრივი უფლებამონაცვლე და შესაბამისად კ-ში მიღებული ტრამვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა მას უნდა დაეკისროს.

მართალია, ადმინისტრაცია ვალდებულია, შეადგინოს აქტი 24 საათის განმავლობაში, მაგრამ ამ ვადის გადაცილება არ ათავისუფლებს მას აღნიშნული ვალდებულებისაგან. Aაქტი _ ტ-1-ის შედგენა სავალდებულოა მაშინაც, როცა უბედური შემთხვევის შესახებ ადმინისტრაციამ გაიგო 24 საათის შემდეგ. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს 1997წ. 4 აპრილის ბრძანებით დამტკიცებული ,,წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და აღრიცხვის დებულების” 2.5 მუხლის თანახმად უბედური შემთხვევა, რომლის შესახებ შეტყობინება მიიღო დამსაქმებელმა დაგვიანებით, უნდა გამოიკვლიოს დაზარალებულის განცხადების საფუძველზე ერთი თვის განმავლობაში განცხადების მიღების დღიდან. Aანალოგიური წესები მოქმედებდა 1972 წლისათვის და კანონმდებლობა არ განსაზღვრავდა უბედური შემთხვევის შესახებ აქტის შედგენის ხანდაზმულობის ვადას. აღნიშნულ ნორმას არასწორად განმარტავს კასატორი, როდესაც მიუთითებს, რომ საწარმოო ტრავმის აქტი უნდა შედგეს უბედური შემთხვევის მოხდენიდან 24 საათის განმავლობაში.

“შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 ნოემბრის ¹48 ბრძანებულების მე-11 პუნქტის თანახმად დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება ყოველთვიური სარჩოს გადახდით იმ ვადით, რა ვადითაც დადგენილი აქვს შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვს თუ არა ინვალიდობის ჯგუფი. ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ე. ქ-ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.