Facebook Twitter

საქმე # 330141224010129712

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№471-24 1 ნოემბერი, 2024 წელი

მ. ნ. 471-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. მ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით პ. მ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

1.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

1.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

1.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

1.4. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

1.5. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

1.6. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

1.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და პ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.

1.8. პ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 16 მაისიდან.

1.9. პ. მ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, რის შესახებაც უნდა ეცნობოთ შესაბამის ორგანოებს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

2.1. პ. მ–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის 5 აპრილის ეპიზოდი);

2.2. პ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.1.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

2.1.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.1.4. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.

2.3. .,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პ. მ–ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2.4. პ. მ–ის სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 16 მაისიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 19 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ პ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ჩ–სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის – ვახტანგ ცალუღელაშვილის საკასაციო საჩივრები.

4. 2024 წლის 2 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ პ. მ–ს პირადი საქმე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ პ. მ–იის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;

5.1. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, პ. მ–იი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 8 აპრილისა და 2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული ძირითადი სასჯელების – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;

5.2. პ. მ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განსაზღვრული სასჯელი – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა – დარჩა უცვლელი;

5.3. პ. მ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 16 მაისიდან.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ. მ–მა, რომელიც ითხოვს მის მიმართ რაიმე სახის (თუნდაც, სულ მცირე) შეღავათის გავრცელებას. მსჯავრდებულის მტკიცებით, მას ნარკოტიკული საშუალება არ გაუსაღებია. ამასთანავე, უთითებს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებ, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა; პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა) გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით.

3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ პ. მ–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 8 აპრილისა და 2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული ძირითადი სასჯელების მოხდისაგან, ვინაიდან ამ ნაწილში პ. მ–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილთან მიმართებით მსჯავრდებულ პ. მ–ს მიმართ არ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

4. ამდენად, ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებასთან მიმართებით, რაიმე სახის შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, სასამართლო მოკლებულია პ. მ–სათვის ამ ნაწილში სამართლებრივი მდგომარეობის შემსუბუქების შესაძლებლობას.

5. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად – ,,პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII (ნარკოტიკული დანაშაული) თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, პ. მ–ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან არ გათავისუფლებულა, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებუბლი შეღავათი და მას ვერ აღუდგება ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები.

6. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ მას ნარკოტიკული საშუალება არ გაუსაღებია, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა თავიანთ განაჩენებში, ხოლო უზენაესმა სასამართლომ – განჩინებაში (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) იმსჯელეს და სამართლებრივი კუთხით შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის – უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით.

7. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მსჯავრდბეულის მძიმე ჯანმრთელბის მდგომარეობა არ წარმოადგენს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების საფუძველს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას.

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ პ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი