საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №548აპ-24 თბილისი
ც-ე რ., 548აპ-24 6 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ც-ის ადვოკატ ზ. ზ.ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით რ. ც-ე, (პირადი №-), ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ც-ეს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 23 სექტემბრიდან. მასვე ერთი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. განაჩენის მიხედვით, რ. ც-ეს მსჯავრად დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
3. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2022 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით, 11:40 საათზე, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში, ბ-ის საავტომობილო გზის 23-ე კილომეტრის მონაკვეთზე, რ. ც-ემ, რომელიც მოძრაობდა „მანის“ მარკის სატვირთო ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით –), დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1 და 33.2 მოთხოვნები და შეეჯახა საპირისპირო ზოლში მოძრავ „მ-ის“ მარკის მიკროავტობუსს (სახელმწიფო ნომრით – -), რომელსაც მართავდა კ. ს-ე. შეჯახებამ გამოიწვია: ნ. დ-ის, ს. მ-ის, თ. ი-ის, ლ. ლ-ნ ი-ისა და მ. ა-ნის – ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება; ი. ა. კ-ოს, ს. უ-ის, კ. კ-სა და ზ. მ-ეს – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება; ხოლო ნ. მ-ესა და ა. უ-ის – სიცოცხლის მოსპობა.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
Ш ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – დავით ხარძეიშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; რ. ც-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით უფრო მძიმე სასჯელის განსაზღვრა;
Ш მსჯავრდებულ რ. ც-ის ადვოკატმა – ზ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და რ. ც-ისათვის შეფარდებული 6 წლით თავისუფლების აღკვეთის სრულად პირობითად ჩათვლა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: რ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 23 სექტემბრიდან. მასვე ერთი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ც-ის ადვოკატმა – ზ. ზ-ემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით რ. ც-ისათვის შეფარდებული სასჯელის – 6 წლით თავისუფლების აღკვეთის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, სრულად პირობითად ჩათვლას ან ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის 1/3-ის პირობითად ჩათვლას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, რ. ც-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით და განუსაზღვრა დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი სასჯელი. სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და რ. ც-ეს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
10. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
11. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რ. ც-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ვერ გავრცელდება, ვინაიდან ამ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას არ განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; ხოლო, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულებისა და დაზარალებულების უფლებამონაცვლეების თანხმობები, რ. ც-ის მიმართ ამნისტიის გავრცელების შესახებ, არ არის წარმოდგენილი.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. ც-ის ადვოკატ ზ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე