3კ-989-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ს.-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მიუთითა, რომ 1979 წლიდან ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ... მდებარე ერთსართულიან სახლში. 1993წ. 14 აპრილს განახორციელა ბინის პრივატიზება, რის შედეგად საკუთრების უფლებით ფლობს 36,2 მ2 საცხოვრებელ და 13,60 მ2 დამხმარე ფართს. აღნიშნულ ფართში შედის 2,76 მ2, რომელსაც წლების განმავლობაში უკანონოდ ფლობს ა. მ.-ი.
მოსარჩელემ მოითხოვა სადავო ფართის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ს.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: ა. ს.-სა და ¹... საბინაო-საექსპლოატაციო უბანს შორის საცხოვრებელი ბინის პრივატიზების შესახებ დადებული ხელშეკრულებით ირკვევა შემდეგი: 1993წ. 11 აპრილიდან ა. ს.-სათვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხე მ.-ის მფლობელობაში არსებული 2.7 მ2 სადავო დამხმარე ფართი ეკუთვნის მას, რასაც თვით ა. ს.-ც ვერ უარყოფს.
ამრიგად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა აპელანტისათვის დაიწყო 1993წ. 11 აპრილიდან, რის გამოც სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ურთიერთობის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964წ. რედაქცია).
ამასთან, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინება არ შეჩერებულა.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადა განისაზღვრება სამი წლით, ხოლო ამავე კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ს.-მ.
კასატორი მიუთითებს, რომ დავის გადაწყვეტის დროს სასამართლო კოლეგიას სკ-ს 1507-ე მუხლის თანახმად უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს მე-80 მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.
სსკ-ს 146-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს უფლება აქვს, გამოითხოვოს თავისი ქონება უკანონო მფლობელისაგან. სსკ-ს 89-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს აქვს ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება კანონით დადგენილ ფარგლებში.
საკუთრების უფლების შეწყვეტა და შეძენა ხდება მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენა ხდება მხოლოდ სანოტარო წესით დადასტურებული, სათანადოდ რეგისტრირებული ხელშეკრულების საფუძველზე.
როდესაც ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება, საჯარო რეესტრიდან ნივთზე საკუთრების უფლების დაკარგვას კანონმდებელი უკავშირებს აღნიშნულ რეგისტრაციას.
სკ-ს 167-ე მუხლის თანახმად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტიწ. განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთრებას.
საკუთრების უფლება არ წყდება უძრავი ნივთის მფლობელობიდან გასვლით.
აღნიშნულის გამო, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსარჩელეს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ ჩამორთმევია, მისი საკუთრების უფლება არ დარღვეულა, მესაკუთრის სტატუსს საფრთხე არ შექმნია, ვინაიდან ასეთ საფრთხედ კანონმდებელი განიხილავს საჯარო რეესტრში ნივთის მესაკუთრის შეცვლას.
თუ ჩავთვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში საკუთრებას საფრთხე შეექმნა, მესაკუთრის სტატუსი დაირღვა, ამგვარი დასკვნის საფუძველს უნდა გვაძლევდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერი და საჯარო რესტრში მესაკუთრედ უნდა იყოს აღრიცხული მოპასუხე.
ვინაიდან მესაკუთრის საკუთრების უფლება არ დარღვეულა, მას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება დადგინდეს, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადა გასულია.
თუ არ ხდება საკუთრების უფლება სადავო, ნივთის გამოთხოვა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს.
სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოებები, საქმის ხელახლა განხილვისას დაადგინოს, ვის ეკუთვნის სადავო ფართი, ვისზეა იგი აღრიცხული საჯარო რეესტრში და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.