Facebook Twitter

¹ 3კ/991-01 1 თებერვალი, 2002 წ. , ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. ლ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “ზ.-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა 172 000 აშშ დოლარის ან იმავე ღირებულების ნედლეულის (სილიკომანგანუმის) დაკისრება. მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა, რომ 1995 წლის 19 მაისს მასსა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა მოპასუხისათვის მეორეული სილიკომანგანუმი, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო ყოველ ტონაზე გადაეხადა მოსარჩელისათვის 200 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლით მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში ანგარიშსწორება შეიძლება მოხდეს მოპასუხის მიერ წარმოებული ან შემოზიდული სხვა პროდუქციით. ზესტაფონის რაიონის მოსახლეობის თანხმობით, 1995 წლის 25 სექტემბერს მოპასუხეს ჩააბარა მოსახლეობის მიერ მოგროვილი 860 ტ. მეორეული სილიკომანგანუმი, რომლის ღირებულება, 172 000 აშშ დოლარი მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელისაგან არასოდეს არ შეუძენია მეორეული სილიკომანგანუმი, არ არსებობს 860 ტ. პროდუქციის ქარხნისათვის ჩაბარების დამადასტუ­რებელი დოკუმენტი, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.

მოცემული დავა მრავალგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ, ბოლოს ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოში მეორეული სილიკომანგანუმის დატაცებისა და განიავების თავიდან აცილების მიზნით 1995 წლის 7 მარტს გამოიცა სახელმწიფო მეთაურის ¹57 ბრძანებულება “რესპუბლიკაში მეორეული სილიკომანგანუმის შეგროვებისა და მისი რეალიზაციის მოწესრიგების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ”.

მითითებული ბრძანებულების თანახმად, მეორეული სილიკომანგანუმის მოპოვებისა და რეალიზაციის შემდგომი მოწესრიგების მიზნით, მისი მოპოვება (შეგროვება) აიკრძალა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა ზ.-ის წიდასაყარისა.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას მიენიჭა ფეროშენადნობთა გენერალური ექსპორტიორის უფლებები და მასვე დაევალა უზრუნველეყო მეორეული სილიკომანგანუმის შეგროვება მხოლოდ ქარხნის წიდასაყარიდან.

მითითებული ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად, “ფეროს” ქარხანას საჭიროების შემთხვევაში შეეძლო გაეფორმებინა სილიკომანგანუმისა და მანგანუმის მადნის მეორეული ნედლეულის შეგროვების შესახებ ხელშეკრულებები მის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე და მის მიერ განსაზღვრული რაოდენობით.

ზ.-ის წიდასაყარიდან მეორეული სილიკომანგანუმის მოპოვებისა და შეგროვების სამუშაოების უზრუნველ­საყოფად 1993 წელს შეიქმნა კონცერნი “ზე.-ი”, რომელიც იყო დამოუკიდებელი ორგანიზაცია.

მითითებული ბრძანებულების მე-4 პუნქტის საფუძველზე 1995 წლის 13 ივლისს, “ფ.-ს” ქარხანასა და კონცერნ “ზე.-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ექსკლუზიური უფლება მიენიჭა კონცერნ “ზე.-ს”, კერძოდ, “ფ.-ს” ქარხნის მიერ გამოყოფილ წიდასაყარიდან იგი ახდენდა სილიკომანგანუმის, მეორეული სილიკომანგანუმის და წიდების არჩევას, გადამუშავებასა და მთლიანად ქარხნისათვის ჩაბარებას, იგი უზრუნველყოფდა აგრეთვე პროდუქციის ტრანსპორტირებასაც და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს კონცერნ “ზე.-ის” გარეშე არ შეეძლოთ სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებამდე ან მისი გამოცემის შემდეგ შეგროვილი მეორეული სილიკომანგანუმისა და ლითონჩანართიანი წიდების ქარხნისათვის ჩაბარება და მიყიდვა.

აღნიშნული აკრძალვის შემდეგ, სხვადასხვა იურიდიული პირები და ზესტაფონის მოსახლეობა, რომლებსაც მითითებული ბრძანებულების ძალაში შესვლამდე ჰქონდათ მოპოვებული ან ბრძანებულების გამოცემის შემდეგ უკანონოდ მოიპოვეს მეორეული სილიკომანგანუმი, ასეთი პროდუქციის გასაღება შეეძლოთ მხოლოდ კონცერნ “ზე.-ის” მეშვეობით.

კონცერნ “ზე.-სა” და “ფ.-ს” ქარხანას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, კონცერნმა ქარხნის ტერიტორიაზე ასაწონად შეიტანა მის მიერ დატვირთული 23 ვაგონი, რაზედაც 1995 წლის 25 სექტემბერს შედგა სათანადო აქტი ¹1, პროდუქცია აღებული იქნა შემოსავალში და იმავე დღეს გადაიტვირთა კონცერნ “ზე.-ის” მიერ შემოთავაზებულ თურქულ ფირმა “ა.-ის” სახელზე, ¹44-55 ხელშეკრულების შესაბამისად ამოწერილ იქნა საგადასახადო მოთხოვნა ¹54, სერთიფიკატი 3/8 და რკინიგზის ზედდებული ¹477068.

სასამართლომ არ გაიზიარა ბ. ლ-ძის განმარტება იმის შესახებ, რომ მითითებული 23 ვაგონიდან 7 ვაგონი ჩატვირთული სილიკომანგანუმი მის საკუთრებას წარმოადგენდა. სასამართლომ გამოიყენა ძველი სკ-ის 175 (1)-ე, 154-ე მუხლები და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ არ შესრულებულა 1995 წლის 19 მაისს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, ხელშეკრულების 1.3 და 1.5 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელეს მეორეული სილიკომანგანუმი ფეროშენადნობთა ქარხნის კომისიისათვის უნდა ჩაებარებინა მიღება-დასაწყობების, აღრიცხვისა და გადატვირთვის დროებითი დებულების დაცვით. ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად, პროდუქცია ქარხანაში მიღებულად ჩაითვლებოდა თუ შედგებოდა მიღება-ჩაბარების ორმხრივი აქტი. ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი პროდუქციის მიღება-ჩაბარების ორმხრივი აქტი, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბ. ლ-ძეს ფეროშენადნობთა ქარხნისათვის მეორეული სილიკომანგანუმი არ ჩაუბარებია.

სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს შესთავაზა საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაება კონცერნი “ზე.-ი”, რაზედაც მოსარჩელემ უარი განაცხადა და მოცემულ საქმეზე ერთადერთ მოპასუხედ მიუთითა მხოლოდ სს “ზ.-ა”.

მითითებული საფუძვლებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 26 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბ. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა ამ საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.

კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, რომელთა განმარტებითაც 23 ვაგონიდან, 7 ვაგონი სილიკომანგანუმი ეკუთვნოდა ბ. ლ-ძეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ ბ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 1.1 მუხლის თანახმად მოსარჩელე ვალდებული იყო ქარხნის ტერიტორიის გარეთ დაყრილი წიდებიდან მოგროვილი მეორეული სილიკომანგანუმი შეეტანა ქარხანაში, რომელიც იქნებოდა სახელმწიფო სტანდარტების პირობების შესაბამისი.

მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი აღნიშნული სტანდარტების შესაბამისი სილიკომანგანუმის შემოტანის დამადასტურებელი მტკიცებულება.

ხელშეკრულების 1.3, 1.4 და 1.5 მუხლების შესაბამისად მოსარჩელე ვალდებული იყო ქარხნის მიმღები კომისიის წევრებთან ერთად მოეხდინა პროდუქციის გადარჩევა-აწონვა სათანადო წესის დაცვითა და შესაბამისი აქტის გაფორმებით, აღნიშნულის სინამდვილე კი უნდა დაედასტურებინა სპეციალურ ჟურნალში ხელმოწერით, მას უნდა ემოქმედა ქარხანაში მოქმედი სილიკომანგანუმის მიღება-დასაწყობების, აღრიცხვისა და გადატვირთვის დროებითი დებულებით.

მოსარჩელის მიერ ზემოთ მითითებული არცერთი პირობა არ შესრულებულა და სათანადო სავალდებულო დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებენ მის მიერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად პროდუქციის ქარხნისათვის ჩაბარებას, შედგენილი არ ყოფილა.

ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად, პროდუქცია მოსარჩელისაგან მიღებულად ჩაითვლებოდა პროდუქციის მიღება-ჩაბარებაზე ორმხრივი აქტის გაფორმების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში პროდუქციის მიღება-ჩაბარების შესახებ აქტი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ გაფორმებულა, რის გამოც მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული მეორეული სილიკომანგანუმი მოპასუხეს შემოსავალში არ აუღია და მოსარჩელე კრედიტორად ბალანსში არ ასახულა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 154-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ხელშეკრულება. მოდავე მხარეებს შორის 1995 წლის 19 მაისის ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრულია პროდუქციის მიღების პირობა _ პროდუქცია მიღებულად ითვლება ლითონის მიღება-ჩაბარების ორმხრივი აქტის გაფორმების შემდეგ. ამდენად, ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის მიერ მეორეული სილიკომანგანუმის მოპასუხისათვის ჩაბარების და მიყიდვის ფაქტის დადასტურება შეიძლება პროდუქციის მიღება-ჩაბარების ორმხრივი აქტით, ხოლო სხვა სახის მტკიცებულებებით, მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებით, არ შეიძლება დადასტურდეს ზემოთ მითითებული გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 26 ივნისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.