Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-991-02 1 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ბ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე სს “.. ..-ის” ჭიათურის ფილიალის ...ის თანამდებობაზე აღდგენა და ზიანის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: 1988 წლიდან მუშაობდა სს “.. ..-ის” (ყოფილი “ბ-ის”) მმართველად. 2001წ. 21 მაისს სალაროში აღმოჩნდა დანაკლისი 10000 ლარისა და 3000 აშშ დოლარის ოდენობით. როგორც გაირკვა, აღნიშნული თანხა სალაროდან გაუტანია ... გამგე ც-ეს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. დანაკლისი სადავო თანხა ბანკის მმართველთან შეთანხმებით მან დაფარა, მაგრამ ამის მიუხედავად 2001წ. 14 ივნისის .. ..-ის გენერალური დირექტორის ბრძანებით იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ბ-ემ მიიჩნია, რომ განთავისუფლება მოხდა კანონის დარღვევით, რადგან აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ფილიალში ჩატარდა რევიზია. შემოწმების შედეგად დარღვევები არ დაფიქსირებულა, შრომის კანონმდებლობა მას არ დაურღვევია; მის მიერ დაცული იყო სალაროს მეურნეობის წარმოების წესები; იგი მოვალე არ იყო, გადაეხადა სხვის მიერ მითვისებული თანხა.

მოპასუხე სს “.. ..-ის” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამუშაოდან განთავისუფლების დროს დაცული იყო კანონის მოთხოვნები; მოპასუხე წარმოადგენდა სრული მატერიალური პასუხისმგებლობის მქონე პირს და მის მიერ დაფარული თანხა უკან არ უნდა დაუბრუნდეს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე სს “.. ..-ს” დაეკისრა მოსარჩელე ა. ბ-ის სასარგებლოდ 4136 ლარისა და 2000 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელე ბ-ეს უარი ეთქვა სს “.. ..-ის” გენერალური დირექტორის 2001წ. 14 ივნისის ბრძანების ნაწილობრივ შეცვლაზე. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მისი სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლის შეცვლაზე და არ დააკმაყოფილა მოთხოვნა განთავისუფლების საფუძვლად კონტრაქტის ვადის გასვლის მითითებაზე, რადგან ჩათვალა, რომ მისი კონტრაქტის ვადა არ იყო გასული და იწურებოდა 2001წ. 30 ივნისს. თანხის დაკისრების ნაწილში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ბანკთან დადებული შრომითი კონტრაქტით დაკისრებული ჰქონდა სრული მატერიალური პასუხისმგებლობა, მათ შორის - ბანკის ფასეულობის დაცვისა და მისი მიზეზით დაშვებული ყოველგვარი დანაკლისის ანაზღაურების მოვალეობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან ერთად სრული მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ ... გამგესა და მთავარ ...აც, რომელთაც დანაკლისის დაფარვაში მონაწილეობა არ მიუღით.

სასამართლოს აღნიშნდული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “.. ..-ის” წარმომადგენელმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ-ის სარჩელი და სს “.. ..-ის” 2001წ. 14 ივნისის ბრძანებაში შევიდა შემდეგი ცვლილება: შკკ-ს 34-ე მუხლის “ბ” პუნქტის ნაცვლად ჩაიწერა შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის საფუძველზე დაწესებული ვადის გასვლის გამო” დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ... გამგე ც-ის მიერ თანხის მითვისებისას დარღვეულ იქნა საკრედიტო დაწესებულების ხელმძღვანელის მთავარი ბუღალტერის და ... გამგის მიერ სალაროს მეურნეობის წარმოების პირველადი წესები, კერძოდ, ამ წესების 25-ე, 26-ე და 27-ე პუნქტების მოთხოვნები სამივე პირთან ბანკს გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ. დასახელებული პირები წარმოადგენდნენ სოლიდარულ მოვალეებს და ამდენად, სკ-ს 463-ე მუხლით თითოეულს ევალებოდა ვალდებულების მთლიანად შესრულება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ბ-ემ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო: შრომის კანონთა კოდექსის 121-ე მუხლით სრული მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება მუშაკს იმ ფასეულობაზე, რაც მას პირადად აქვს გადაცემული. სადავო თანხა მიბარებული ჰქონდა არა მას, არამედ _ ... გამგეს. სასამართლომ ასევე არასწორად ჩათვალა, რომ იგი, მთავარი ... და ... გამგე არიან სოლიდარული მოვალეები. ისინი არ შეიძლება ჩაითვალონ სოლიდარულ მოვალეებად, რადგან მათ არ ჰქონდათ დადებული მოპასუხეებთან ხელშეკრულება სოლიდარული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ. ის ხელშეკრულება, რომელიც მასთან იყო გაფორმებული, ავალებდა პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ ფასეულობებზე, რაც მას პირადად ექნებოდა მიბარებული, მას კი პირადად მიბარებული არაფერი ჰქონია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2001წ. 21 მაისს სს “.. ..-ის” ჭიათურის ფილიალში აღმოჩნდა დანაკლისი 10000 ლარისა და 3000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა სალაროდან გაიტანა ... გამგე ც-ემ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ იგი მოვალე არ იყო, დანაკლისი თანხის დაფარვისა, რადგან მას არ ჰქონდა მიბარებული თანხა და იგი სოლიდარულ მოვალეს არ წარმოადგენს მთავარ ბუღალტერთან და ... გამგესთან ერთად. პალატა თვლის, რომ კასატორი ბ-ე იყო სრული მატერიალური პასუხისმგებლობის მქონე პირი, რაც დასტურდება მოპასუხე ორგანიზაციასა და მას შორის გაფორმებული შრომითი კონტრაქტით. აღნიშნული კონტრაქტის 5.4.5. პუნქტის თანახმად, იგი მოვალეა, მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით აიღოს თავის თავზე სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მასზე მინდობილი ფასეულობის შენახვის უზრუნველყოფისათვის.

პალატა თვლის, რომ კასატორმა დაარღვია “საკრედიტო დაწესებულებებში საკასო ოპერაციების წარმოების წესის შესახებ” დებულების 25-ე მუხლის 25-ე, 26-ე და 27-ე პუნქტები. კერძოდ, საცავის დაკეტვამდე უნდა შეემოწმებინა შეტანილი იყო თუ არა საცავში ყველა ფასეულობა. გარდა ამისა, პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულების ხელმძღვანელი, ანუ კასატორი, მთავარი ბუღალტერი და მოლარე წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იგი არ არის სოლიდარული მოვალე, რადგან ბანკთან გაფორმებული არ ჰქონდა სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება. სკ-ს 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშვება ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. მოცემულ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელის, მთავარი ბუღალტერისა და მოვალის სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ვალდებულების საგნის განუყოფლობა. ვალდებულების საგანს კი წარმოადგენს ფასეულობის დაცვა. სამივე თანამდებობის პირს ევალებოდათ ფასეულობათა დაცვა სოლიდარულად და ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საცავის სამი გასაღებიდან თითოეულ მათგანს თითო ჰქონდა ჩაბარებული და ერთმანეთის გარეშე საცავი ვერც გაიღებოდა და ვერც დაიკეტებოდა, ასევე ის, რომ საცავში ფასეულობის შენახვის წინ მათ ერთდროულად უნდა დაეთვალათ ფასეულობები და შეემოწმებინათ მათი რაოდენობა განაპირობებდა იმას, რომ სამივე სოლიდარულად იყვნენ მოვალეები ფასეულობის დაცვაზე. ასეთ სიტუაციაში, ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის, მოცემულ შემთხვევაში, მოლარის მიერ თანხის წაღება სკ-ს 265-ე მუხლის თანახმად კრედიტორს, ანუ ბანკს უფლებას აძლევს, თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს ანუ კასატორის მიერ ნებაყოფლობით ვალდებულების შესრულება იყო კანონიდან გამომდინარე და მისი მოთხოვნა, რომ უკან დაუბრუნდეს გადახდილი, თანხა არასწორია.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.