3კ-993-02 7 ოქტომბერი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,თ. კობახიძე
დავის საგანი; სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ბ.-ი 1993წ. 16 თებერვლიდან მუშაობდა ქ. რუსთავის ¹... საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში.
2002წ. 7 თებერვალს, მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო, რაც დაკავშირებული იყო შვილის ავადმყოფობასთან, მან ისარგებლა ორთვიანი უფასო შვებულებით, რაც გაფორმდა შესაბამისი ბრძანებით. აღნიშნული დრო საკმარისი არ აღმოჩნდა მისი შვილის გამოსაჯანმრთელებლად, რის გამოც ე. ბ.-ი იძულებული იყო 2001წ. 13 აპრილამდე ყოფილიყო შვილთან ერთად საავადმყოფოში, ქ. მოსკოვში და მოევლო მისთვის.
ე. ბ.-მ სარჩელით მიმართა რუსთავის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა რუსთავის ¹21 საშუალო სკოლის დირექტორის 2000წ. 7 თებერვლის ბრძანების გაუქმება დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან მისი განთავისუფლების შესახებ.
ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
ე. ბ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ე. ბ.-ს უხელფასო შვებულება მიეცა 2000წ. 7 თებერვლიდან 19 აპრილამდე. 2002წ. 3 მაისიდან მას გაუგრძელდა უხელფასო შვებულება, ოჯახური პირობების გამო, სასწავლოწ. ბოლომდე, მაგრამ ე. ბ.-ი ვერც სექტემბრიდან გამოცხადდა სამსახურში. 2000წ. 11 სექტემბერს სკოლის დირექტორის ბრძანებით ბ.-ი განთავისუფლდა დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან დაწყებით კლასებში საათების შენარჩუნებით, ხოლო 2001წ. 7 თებერვლიდან ე. ბ.-ი განთავისუფლდა დაწყებითი კლასების მასწავლებლობიდანაც.
2001წ. 19 აპრილს ე. ბ.-მ განცხადებით მიმართა სკოლის დირექციას და ითხოვა მასწავლებლად დანიშვნა. ე. ბ.-ის თხოვნა დაკმაყოფილდა და იგი დაინიშნა დაწყებით კლასებში მასწავლებლად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ე. ბ.-ის განცხადების საფუძველზე მიიჩნია, რომ მან 2001წ. 19 აპრილს იცოდა მისი, როგორც თანამდებობიდან, ასევე მასწავლებლობიდან განთავისუფლების შესახებ, მაგრამ შკკ-ს 204-ე მუხლით დადგენილ ერთთვიან ვადაში სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რითაც გაუშვა ხანდაზმულობის ვადა.
ე. ბ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, შკკ-ს 204-ე მუხლი და მუთითა, რომ ერთთვიანი ვადის ათვლა იწყება ბრძანების გაცემის მომენტიდან, მისთვის კი ბრძანება მოპასუხეს საერთოდ არ გადაუცია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათ გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ბ.-ი მუშაობდა რუსთავის ¹21 საშუალო სკოლის პედაგოგად, იყო ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო მუშაობის დარგში. მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო გაშვებული იქნა შვებულებაში 2000წ. 7 თებერვალს 2 თვის ვადით, 2000წ. 19 აპრილამდე. 2000წ. 3 მაისს მას გაუგრძელდა უხელფასო შვებულება, მაგრამ ვერც სექტემბერში გამოცხადდა სამსახურში. განათლების განყოფილების გამგის 2000წ. 11 სექტემბრის ¹20 ბრძანებით ე. ბ.-ი განთავისუფლდა დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან დაწყებით კლასებში საათების შენარჩუნებით, ხოლო 2001წ. 7 თებერვლიდან ე. ბ.-ი განთავისუფლდა დაწყებითი კლასის მასწავლებლობიდანაც.
2001წ. 19 აპრილს ე. ბ.-მ განცხადებით მიმართა სკოლის დირექტორს და ითხოვა მასწავლებლად დანიშვნა. მისი თხოვნა იმ დღესვე დაკმაყოფილდა და იგი დაინიშნა დაწყებით კლასებში მასწავლებლად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, კერძო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა) აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, ამავე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული გარიგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული გარიგებაა.
პალატა თვლის, რომ ვინაიდან ქ. რუსთავის მერია მმართველობის ორგანოა, იგი საჯარო სამართლის სუბიექტია და განათლების განყოფილების გამგის, ასევე სკოლის დირექტორის მიერ ბრძანების დაშვება განხილულ უნდა იქნეს საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებულ საქმიანობად, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული იყო შრომის ხელშეკრულება, რომელიც ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმე განეკუთვნება არა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის, არამედ ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯადობას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსითYგანსაზღვრული წესით, სააპელაციო პალატამ კი მოცემული დავა განიხილა სამოქალაქო საპროცესო ნორმების საფუძველზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შუამდგომლობის ფორმირების წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა. არაგანსჯადი საქმის განხილვა იწვევს სამართალწარმოების განსხვავებულ პრინციპებზე აგებას, საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილების და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.