¹ 3კ-996-02 20 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძეE(თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მასზე მფლობელობის შეწყვეტა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ხ.-ი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით. მისი მამის, აწ გარდაცვლილი გ. ხ.-ის, სახელზე ირიცხებოდა სოფ. ...-ში, ...-ს ხევში მდებარე საცხოვრებელი სახლი. რეპრესიების შემდგომ მათ ჩამოერთვათ მიწა. წლების განმავლობაში მოცემულ შენობაში განთავსებული იყო სასოფლო საბჭო, შემდგომში _ მაღაზია, ბოლო წლებში კი რესტორანი, რომელიც დაიწვა და ამჟამად მისგან მხოლოდ კედლებია დარჩენილი. სადავო სახლის ჩამორთმევის შესახებ არქივში მასალები არ იძებნება, ხოლო 1997წ. ივნისში სახლის კედლები გაიყიდა 350 ლარად ს. ა.-სა და მ. რ.-ზე, რაზედაც გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება. ნ. ხ.-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ხ. ა.-ისა და მ. რ.-ის მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. ხ.-ის მოთხოვნას დუშეთის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის, ხ. ა.-ის, მ. რ.-ისა და სანოტარო ბიუროს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ეთქვა უარი ხანდაზმულობის გამო.
ნ. ხ.-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 აგვისტოს გადაწყვეტილება შეიცვალა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება უარი ეთქვა ნ. ხ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ ნ. ხ.-ის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, რადგან იგი სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას, რომელიც დადებულია 1997წ. 24 ივნისს და უკანონო მფლობელობიდან ქონების დაბრუნებას. ბუნებრივია, მას სარჩელის შეტანის უფლება წარმოიშვა 1997 წლიდან. სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია საჭიროდ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის დაბრუნების მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან სკ-ს 162-ე მუხლის შესაბამისად მართლზომიერ მფლობელს არ შეიძლება მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მოცემულ შემთხვევაში ხ. ა.-ი და მ. რ.-ი არიან მართლზომიერი მფლობელები, სადავო ქონების მესაკუთრენი, რომელთაც 1997წ. 27 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დუშეთის რაიკოოპერატივისაგან შეიძინეს დამწვარი, ყოფილი რესტორან-მაღაზიის შენობა. მყიდველები საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არიან სადავო ქონების მესაკუთრეებად, ხოლო ის ფაქტი, რომ სადავო შენობა ნ. ხ.-ის წინაპრებს ეკუთვნოდათ, არ შეიძლება იყოს აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შეცდომებისა და საეჭვოობის საფუძველზე დადებულ ხელშეკრულებად, რადგან იგი დადებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ შეიძლება ნ. ხ.-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება, მისი კუთვნილი სახლის უკანონოდ ჩამორთმეულად ცნობის თაობაზე, რადგან სარჩელი აღძრულია ხ. ა.-ისა და მ. რ.-ის მიმართ და ბუნებრივია აღნიშნულ პირთა მიმართ ასეთი მოთხოვნის დაყენება და დაკმაყოფილება შეუძლებელია.
მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ.-ის წარმომადგენელმა თ. ლ.-ემ, მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
კასატორი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ საქმის განხილვისას არ იხელმძღვანელა საქართველოს “მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” 1997წ. 12 დეკემბრის კანონის პირველი თავის მე-2 მუხლით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ქონების ჩამორთმევა და საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნ. ხ.-ის რეპრესირებული მამა, რომლის ქონების დაბრუნებასაც მოსარჩელე მოითხოვს, რეაბილიტირებულ იქნა 1964 წელს; მოსარჩელე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ხ.-ის მოთხოვნა მამის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და მასზე მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნით ხანდაზმულია. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის მიხედვით უფლების დაცვის საერთო ვადა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით, ხოლო ამავე კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. პალატა თვლის, რომ ნ. ხ.-მ თავისი დარღვეული უფლების შესახებ შეიტყო 1964 წელს, რა დროსაც წარმოეშვა მოთხოვნის უფლება და შეეძლო წარედგინა სარჩელი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, არ გაუკეთებია.
საქართველოს კანონის “მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” მერვე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად “რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით”.
აღნიშნული საკითხი დღეს მოქმედი სპეციალური კანონმდებლობით მოწესრიგებული არ არის.
სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული არიან ხ. ა.-ი და მ. რ.-ი.
სკ-ის 183-ე მუხლის თანახმად და უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძველია სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია სამართლებრივად უსაფუძვლოა, ვინაიდან მესაკუთრისაგან ნივთის გამოთხოვის იურიდიულ შესაძლებლობას, იმ პირის მიერ, ვინც ამ ნივთის არც მესაკუთრეა და არც მფლობელი, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ი. ხ.-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სასამართლოს სკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ხ.-ის წარმომადგენელ თ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.