ბს-247-192-კ-05 15 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: ი. ლეგაშვილი,
ი. ტყეშელაშვილი
განიხილა შპს “ჯ.‘‘ საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2002წ. 12 ნოემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის რეგიონალური არქმშენინსპექციის უფროსმა _ გ.მ-ემ მოპასუხე შპს “ჯ.” მიმართ და მოითხოვა შ.პ.ს “ჯ.” მიერ იძულებით გადახდევინების წესით საჯარიმო თანხის _ 6000 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით: ონის რაიონის სოფ. მთისკალთის ტერიტორიაზე მოპასუხემ დაიწყო საბაზო სადგურის მშენებლობა, რითაც დაარღვია “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, “კ” პუნქტის “კ.ა” ქვეპუნქტი _ ობიექტის მშენებლობის დაწყება სათანადო ნებართვის გარეშე; “კ.ბ.” - ობიექტის მშენებლობის განხორციელება უპროექტოდ ან პროექტით, რომელსაც არ გაუვლია ექსპერტიზა კანონით დადგენილი წესით; “კ.ვ” ქვეპუნქტი _ ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღების წესის დარღვევა. 2002წ. 3 სექტემბერს აღნიშნულ დარღვევებზე შედგა ოქმი. ვინაიდან შპს “ჯ.” დარღვევები არ გამოასწორა, მიმდინარე წლის 19 სექტებერს მას გაეგზავნა დადგენილება დაჯარიმების შესახებ. დამრღვევი დაჯარიმდა ზემოაღნიშნული კანონის 5.1 მუხლის “ბ.ა” ქვეპუნქტით _ 2000 ლარით; “ბ.გ.” ქვეპუნქტით _ 3000 ლარით; “ბ.ე.” ქვეპუნქტით _ 1000 ლარით. ამასთან, შპს. “ჯ.” საბაზო სადგურის მშენებლობა ასევე აწარმოა ამბროლაურის რაიონის სოფ. .... ტერიტორიაზეც და ამ შემთხვევაშიც დაარღვია “არქიტექტურულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “კ.ვ.” ქვეპუნქტის მოთხოვნები. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2002წ. 5 სექტემბერს შედეგენილ იქნა ოქმი და დადგენილება, რომელიც არქმშენინპექციამ დაუყოვნებლივ გადაუგზავნა დამრღვევს. მისივე განმარტებით, შ.პ.ს. “ჯ.” საქართველოს კანონმდებლოით დადგენილ ვადაში არც ერთი ზემოაღნიშნული ჯარიმა არ გადაუხდია.
აღნიშნულ სასარჩელო განცხადებზე იმავე რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შპს “ჯ.” აღძრა შეგებებული სარჩელი თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის არქმშენინსპექციის 2002წ. 3 და 5 სექტემბრის ოქმებისა და ამავეწ. 19 სექტემბრის დადგენილებების ¹1 და ¹2 ბათილად ცნობის თაობაზე, შემდეგი საფუძვლით: აღნიშნული აქტები შედგენლია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 და 95.2 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, შპს “ჯ.” შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ არ მიუღია და შესაბამისად, არც მონაწილეობა მიუღია მათ გამოცემაში. ანუ მას წაერთვა უფლება გამოეთქვა თავისი მოსაზრება სადაო მშენებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, შეგებებული მოსარჩელე მიუთითებს კიდევ ერთ დარღვევაზე, რაც დაშვებული იქნა ზემოაღნიშნული აქტების მიღებისას. კერძოდ, აღნიშნულ აქტებში სრულყოფილად არაა მითითებული იმ სასამართლოს დასახელება და მისამართი, სადაც მათ მიმღებს შეეძლო გაესაჩივრებინა ისინი, ანუ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52.2 მუხლის მოთხოვნებიც, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს.
2004წ. 25 თებერვალს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რეგიონალური არქმშენინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხე შპს “ჯ.” დაეკისრა 6000 ლარის გადახდა, შეგებებული მოსარჩელის შპს “ჯ.” მოთხოვნა, რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო არქმშენინსპექციის 2002წ. 03 სექტებრისა და 05 სექტემბრის ოქმებისა და 2002წ. 19 სექტემბრის ¹1 და ¹2 დადგენილებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადაო ობიექტების მშენებლობების დაწყებისას შპს “ჯ.” მიერ დარღვეული იქნა “არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ” კანონის მთელი რიგი მოთხოვნები, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა სადაო მშენებლობაზე კანონით დადგენილი ნებართვა, საპროექტო დოკუმენტაცია და შესაბამისად ობიექტები საექსპლუატაციოდ მიღებული იქნა დადგენილი წესების დარღვევით. მოპასუხის მიერ გადახდილი არ იქნა შესაბამისი ჯარიმები. სასამართლომ არ გაიზიარა შპს “ჯ.” წარმომადგენლის მოსაზრებები ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტების კანონსაწინააღმდეგობის თაობაზე, ჩათვალა რა, რომ მის მიერ მითითებული დარღვევები არ წარმოადგენს აქტის მიღებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესების აშკარა დარღვევებს, რამაც შეიძლება მათი ბათილობა გამოიწვიოს. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში შპს “ჯ.” წარმომადგენლის მონაწილეობა ვერაფერს შეცვლიდა, ვინაიდან დარღვევები თავისთავად იყო სახეზე. მით უფრო, რომ არც ეს უკანასკნელი უარყოფს მშენებლობების კანონდარღვევით წარმოების ფაქტს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ჯ.” წარმომადგენელმა, რომლითაც მოითხოვა მითითებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი შეგებებული სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება, ხოლო არქმშენინსპექციის სარჩელზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393.2. მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. არქმშენინსპექციას, როგორც სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს, არ ჰქონდა უფლება შპს “ჯ.” სამეწარმეო საქმიანობა შეემოწმებინა სასამართლო ბრძანების გარეშე, რის გამოც მან დაარღვია “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 3.2 მუხლის მოთხოვნები. ამდენად, ამავე კანონის 3.5 მუხლის შესაბამისად, კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ აქვთ, რაც თავისთავად ზემოაღნიშნული აქტების ბათილად ცნობის საფუძველია.
გარდა აღნიშნულისა, აპელანტის განმარტებით, რაიონული სასამართლოს მიერ უმართებულოდ იქნა უგულვებელყოფილი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 95.2 და 52.2 მუხლები.
მოწინააღმდეგე მხარემ არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004წ. 08 ოქტომბერს გადაწყვეტილებთ, შპს “ჯ.” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ჯ.” მიერ სადაო ობიექტების მშენებლობისას დარღვეული იყო “არქიტექტურულ საქმიანობაზე სახელწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მთელი რიგი მოთხოვნები. ხოლო დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული აქტების მიღებისას, არ წარმოადგენენ არსებით დარღვევებს, რომელთა არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო დამდგარიყო სხვა შედეგი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლით დადგენილი აქტების ბათილობის საფუძვლები.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს “ჯ.” საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება. კერძოდ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, არქმშენინსპექციის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ის 393. 2. მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია არქმშენინსპექციის 2002წ. 3 და 5 სექტემბრის ოქმებისა და 2002წ. 19 სექტემბრის დადგენილებების ¹1 და ¹ 2 შედგენის ფაქტობრივი გარემოებები, მათზე საერთოდ არ უმსჯელია. აღნიშნული აქტების გამოცემაში მონაწილეობა არ მიუღიათ შპს “ჯ.” წარმომადგენლებს, არქმშენინსპექციას შპს “ჯ.” შეტყობინება არ გაუგზავნია, მაკონტროლებლის მიერ საწარმო შემოწმდა სასამართლო ბრძანების გარეშე. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოში, ისევე, როგორც რაიონულ სასამართლოში, საქმის განხილვისას რაჭა-ლეჩხუმის არქმშენინსპექციის წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა ცენტრალური არქმშენინსპექციის მიერ გაცემული რწმუნებულების საფუძველზე, რის გამოც დარღვეულია სსკ-ის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
მოწინააღმდეგე მხარემ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა არქმშენინსპექციამ არ ცნო შპს “ჯ.” საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება _ დასაბუთებულობის შემოწმების და საქმის მასალების გაანალიზების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს “ჯ.” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებები თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სსკ-ის 407-ე მუხლით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეული არ არის მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სადაო სამართალურთიერთობას სწორად შეეფარდა სამართლის ნორმა და დავა არსებითად სწორად იქნა გადაწყვეტილი, კერძოდ, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს “ჯ.” საბაზო სადგურის მშენებლობას ონის რაიონის სოფ. მთისკალთის ტერიტორიაზე აწარმოებდა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევით, მას არ გააჩნდა მშენებლობის ნებართვა, მშენებარე ობიექტის პროექტი არ იყო შეთანხმებული და ობიექტი კანონმდებლობით დადგენილი წესებით არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული. აღნიშნულ გარემოებების არსებობას შპს “ჯ.” წარმომადგენელიც არ ხდის სადაოდ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შპს “ჯ.” ვერ დაასაბუთა სადავო ადმინისტრაციული აქტების მიღებისას იმგვარი არსებითი ხასიათის დარღვევების რეალობა, რომელთა არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება, რა შემთხვევაშიც სახეზე იქნებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.2. მუხლის ბოლო წინადადებით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის წინაპირობა.
საკასაციო საჩივრის მოტივი, რომ შპს “ჯ.” წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ ოქმების შედგენაში, ვერ იქნება მიჩნეული სადაო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად, რადგან არქმშენინსპექციას არ გააჩნდა კანონისმიერი ვალდებულება უზრუნველეყო საწარმოს წარმომადგენელთა მონაწილეობა დარღვევების შესახებ ოქმების შედგენაში, ისევე, როგორც მას არ ესაჭიროებოდა “სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი მოსამართლის ბრძანება იმ ქმედების განსახორციელებლად, რომელსაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
საქართველოს კანონი “არქიტექტურულ_სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” არის ის სპეციალური ნორმატიული აქტი, რომლითაც არქმშენინსპექცია ხელმძღვანელობს მის მიერ ქმედების განხორციელებისას. მითითებული კანონის მე-2 მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ერთიანი ცენტრალური ორგანოა მთავარი არქმშენინსპექცია და მისი სტრუქტურული ერთეულები. ამასთან, ამავე კანონის მე-4 მუხლით პირდაპირ არის განსაზღვრული არქმშენინსპექციის უფლებები, ამოცანები და ფუნქციები (არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების კუთხით), რომელთა განასახორციელებლად ის არ არის ვალდებული მოსამართლის ბრძანების საფუძველზე დააფიქსიროს დარღვევები. ამასთან, მითითებული კანონის შესაბამისად არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევა წარმოადგენს ისეთი ნორმებისა და სპეციფიური წესების უგულვებელყოფას (სახელმწიფო სტანდარტები, სამშენებლო ნორმები და წესები, პროექტების და მრეწველობის სფეროს სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არქიტექტურულ-სამაშენებლო საქმიანობაზე დადგენილი საორგანზაციო წესების დარღვევა ობიექტის მშენებლობისას და საექსპლუატაციოდ მიღებისას.) რომელსაც უშუალო კავშირი არ აქვს მეწარმის საფინანსო-ეკონომიურ საქმიანობასთან, რომელიც ასევე ექვემდებარება კონტროლს, თუმცა არა ამ კანონის, არამედ “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
“სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” კანონის 3.2 მუხლი განმარტავს რა მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებას სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის განხორცილების კუთხით, მასში მოიაზრებს მაკონტროლებელი ორგანოს მხოლოდ ვარაუდს საწარმოში არსებული შესაძლო დარღვევების თაობაზე, რამდენადაც ამავე კანონის 3.3 მუხლის თანახმად, მოსამართლე ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელი ორგანო წარუდგენს დასაბუთებულ და საფუძვლიან ეჭვს მეწარმის მიერ კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის მიხედვით სასამართლოში შესაბამისი ბრძანების მოპოვებას ექვემდებარება არა უკვე გამოვლენილი და დაფიქსირებული სამართალდარღვევა, არამედ დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვი მეწარმის საქმიანობაში კანონშესაბამისობის დადგენის და სამართალდარღვევის გამოვლენის თაობაზე. მოცემულ შეთხვევაში, არქმშენინსპექციის მიერ სანქცა გაცემულია უკვე ჩადენილ სამართალდარღვევებზე მისთვის “არქიტექტურულ _ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
აგრეთვე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ არქმშენინსპექციას ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ამ წარმოებაში შპს “ჯ.” წარმომადგენლების მიწვევის გარეშე არ ჰქონდა სადაო დადგენილებების მიღების უფლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოსამზადებლად და მისაღებად დადგენილი პროცედურა. “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ” კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოების სპეციალურ სახეს, რომლის დარღვევის თაობაზე შპს “ჯეოსელის” არგუმენტაცია დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორთა მოტივაციას იმის თაობაზეც, რომ მათთვის ცნობილი არ იყო ოქმების შედგენის ფაქტი, რამდენადაც საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ქვითრები გაგზავნილი შპს “ჯ.” სახელზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო ქმედების განხორციელებისას არქმშენინსპექცია მოქმედებდა ზემოაღნიშნული კანონის სრული დაცვით, რაც გამოიხატებოდა საწარმოს შემოწმებასა და შესაბამისი ოქმების შედგენაში, დარღვევის არგამოსწორების გამო კი დაჯარიმების შესახებ დადგენილებების მიღებაში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს “ჯეოსელის” წარმომადგენელთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მთავარი არქმშენინსპექციის მიერ გაცემული რწმუნებულებით მონაწილეობა _ არის უმართებულო, რამდენადაც საქართველოს მთავარი არქმშენინსპექციის დებულების (პრეზიდენტის ¹384 ბრძანებულება) მე-5 მუხლის “კ” პუნქტით დადგენილია, რომ მთავარი არქმშენინსპექცია უფლებამოსილია გამოვიდეს მის სტრუქტურაში შემავალი ორგანიზაციის სახელით.
საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შპს “ჯ.” მიერ ჯარიმის თანხა გადახდილია, რაც დაადასტურა ორივე მხარის წარმომადგენლებმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს შპს “ჯ.” საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სსკ-ის 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ჯ.‘‘ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.