Facebook Twitter

3კ-998-02 6 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ნ. დ.-ის სარჩელს 1997წ. 24 სექტემბრის ლ. ბ.-ის სახელზე ა. ფ.-ის მიერ შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლობის გამო. ამასთან, დაკმაყოფილდა ლ. ბ.-ის შეგებებული სარჩელი და იგი ცნობილი იქნა ა. ფ.-ის მემკვიდრედ და ქ. თბილისში, ... მდებარე ¹... ბინის მესაკუთრედ.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ.-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. დ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. დ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 1997წ. 24 სექტემბრის ლ. ბ.-ის სახელზე გაცემული ანდერძი. ლ. ბ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატის მიერ დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ლ. ბ.-ე, რომელიც მიწვეული იყო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და სასამართლოსათვის უცნობი იყო მისი გამოუცხადებლობის მიზეზი.

ლ. ბ.-მ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა საოლქო სასამართლოში. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ 2001წ. 13 სექტემბერს იყო ძალიან ავად, დაემართა ჰიპერტონული კრიზი, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. Aაღნიშნულის თაობაზე გაცემული იქნა ცნობა, რომელიც საჩივრის ავტორმა წარუდგინა სასამართლოს ასლის სახით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 12 აპრილის განჩინებით ლ. ბ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2001წ. 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის სხდომაზე დადგენილია, რომ სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სადგურის ცნობა იმის თაობაზე, რომ 2001წ. 13 სექტემბერს ექიმების ბრიგადა იმყოფებოდა ლ. ბ.-ესთან, გაყალბებულ იქნა საჩივრის ავტორის მიერ. ლ. ბ.-მ აღნიშნული აღიარა და განმარტა, რომ მის მიერ ცნობაზე აღნიშნული თარიღი _ 20 _ გადაკეთებულ იქნა 13 რიცხვად. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

ლ. ბ.-მ საოლქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით, მოითხოვა მისი და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი არსებითი განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა აღნიშნული მუხლის მხოლოდ პირველი ნაწილი და 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით არ იმსჯელა, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, რაც კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და საპროცესო ნორმების დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ სსკ-ს 230-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უნდა განმარტოს სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს, თუ არა მოთხოვნას. აღნიშნული ნორმის გამოყენებას დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, როდესაც სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის მოთხოვნის შესაბამისად უქმდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მხარის მოთხოვნას უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწლი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 12 აპრილის განჩინება, 2001წ. 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.