Facebook Twitter

3კ-999-02 28 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ახალციხის ... ქალაქის ¹... კორპუსის ¹94-ე ბინა დაკავებული აქვს ც. შ.-ს. სასაზღვრო რაზმმა “ა.-მ” მიიჩნია, რომ ც.შ.-ს აღნიშნული ბინა ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე აქვს დაკავებული, რის გამოც სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ც. შ.-ის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ც. შ.-ის ბინიდან გამოსახლების შესახებ.

მიიჩნია რა უკანონოდ მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება, სასაზღვრო რაზმ “ა.-ს” უფროსმა პოლკოვნიკმა ბ.ზ.-მ, სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მაისის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სკ-ს 242-ე მუხლის საფუძველზე უზურფუქტუარს უფლება აქვს, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს უზურფუქტით მიღებული ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ ამ ნივთით სარგებლობა, რასაც ეფუძნება მოსარჩელის მოთხოვნა ც.შ.-ის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ურთიერთობა მხარეთა შორის სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის გათვალისწინებით უნდა მოწესრიგებულიყო ამ კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქმედი საბინაო კოდექსის ნორმების გათვალისწინებით, რადგანაც ურთიერთობა ც.შ.-სა და რუსეთის ჯარების ¹... სამხედრო ნაწილს შორის, რომელიც განლაგებული იყო ახალციხის სასაზღვრო რაზმის ტერიტორიაზე, წარმოიშვა 1986 წელს და მხარეები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რომ დავა განხილულ უნდა ყოფილიყო ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმათა გამოყენებით. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ სადავო ბინა წარმოადგენს სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომს. სააპელაციო პალატამ ჩათავალა, რომ ც.შ.-ს დაკავებული აქვს ბინა კანონიერად. გარდა ამისა, საქმეში არსებობს ¹... სამხედრო ნაწილის შენობა-ნაგებობის გადაცემის აქტი, რომელიც შედგა სამხედრო ნაწილის რუსეთის ჯარების მიერ საქართველოსათვის გადაცემის პროცესში, რომლის თანახმად გადაცემული 129 ბინიდან 7 ბინა უკანონოდ არის მიტაცებული იქ მცხოვრები მობინადრეების მიერ, მაგრამ მობინადრეთა მთლიან სიაში ც.შ.-ი არ არის მოხსენებული, როგორც უკანონო მაცხოვრებელი. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ც.შ.-ს დაკავებული ჰქონდა სადავო ბინა კანონით დადგენილი წესით, როგორც სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრს. საბინაო კოდექსის 117-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომიდან სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად არ შეიძლება გამოსახლებულ იქნენ მარტოხელა პირნი მათთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილებითურთ. იმის გათვალისწინებით, რომ ც.შ.-ი განქორწინებულია და ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, მისი გამოსახლება დაკავებული ბინიდან დაუშვებელია.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დ.ჭ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა მოცემული სასამართლოს განჩინება.

კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისა და მასთან ერთად მცხოვრები პირების ბინიდან გამოსახლებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გამოყენებული კანონის შესაბამისი ნორმა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ახალციხის ... ქალაქის ¹... კორპუსის ¹94-ე ბინა დაკავებული აქვს ც. შ.-ს, რის გამოც სასაზღვრო რაზმმა “ა.-მ” სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ც.შ.-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

ამჟამად კასატორი მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მაისის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისა და მასთან ერთად მცხოვრები პირების ბინიდან გამოსახლებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. მოცემულ დავაში მოსარჩელე სასაზღვრო რაზმი “ა.-ე” წარმოადგენს საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს; ეს უკანასკნელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ამდენად იგი არის ადმინისტრაციული ორგანო. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვინდიკაციური სარჩელია წარდგენილი და დავის საგანს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა წარმოადგენს.

პალატა თვლის, რომ ვინაიდან დავაში ერთ-ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული ახალციხის სასაზღვრო რაზმი წარმოადგენს _ პროცესუალური სუბიექტების მიხედვითაც აღნიშნული საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავაა და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად. გასაჩივრებული განჩინება კი გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით; ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია; “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა, ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არა განსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე დ.ჭ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მაისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.