Facebook Twitter

საქმე # 340100122006658312

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №631აპ-24 ქ. თბილისი

მ. რ. 631აპ-24 11 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. მ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:

1.1. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

1.2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განაჩენით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის ნასამართლევმა რ. მ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2022 წლის 18 ნოემბრამდე, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა გერმანული წარმოების, 9 მმ კალიბრიანი, „WALTER P-38-ის“ მოდელის პისტოლეტსა (№...) და 11 ცალ, „LUGER-ის“ ფირმის 9X19 კალიბრიანი ვაზნას, მათგან 5 ცალ ვაზნას ინახავდა ს–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ–ში - თავის საცხოვრებელ ბინაში, ხოლო 6 ცალს – ამავე პისტოლეტის მჭიდში. აღნიშნულ ქმედებაში, რ. მ–ი მხილებულ იქნა 2022 წლის 18 ნოემბერს, შსს გ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განაჩენით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის ნასამართლევი რ. მ–ი, 2022 წლის 18 ნოემბერს, თ–ში, ........ის ქუჩაზე ფეხით გადაადგილებისას, პირადად მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა „WALTER P-38-ის“ მოდელის პისტოლეტსა (№....) და ამავე პისტოლეტის მჭიდში მოთავსებულ, 6 ცალ „LUGER-ის “ფირმის 9X19 კალიბრის ვაზნას, რაშიც მხილებულ იქნა ამავე დღეს, შსს გ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მისი პირადი ჩხრეკისას.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენით რ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად რ. მ–ს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

3.4. რ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დროიდან – 2022 წლის 18 ნოემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ნ. გ–მა და ლ. ღ–ამ და ითხოვეს რ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ორი ეპიზოდი).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატმა თ. გ–მ, რომელიც ითხოვს რ. მ–ს გამართლებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა რ. მ–ს გამართლება.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას რ. მ–ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის – პოლიციელების ჩვენებებით, მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ჩხრეკის ოქმებით, ბიოლოგიურ (გენეტიკური) ექსპერტიზის 2023 წლის 18 მაისის N........... დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ. მ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნატით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. მ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

11.1. სამართალდამცავებმა – გ. ზ–მა, ო. ნ–მა, ფ. გ–მა, მ. გ–მა, რომლებიც მონაწილეობდნენ რ. მ–ს საცხოვრებელი სახლისა და პირად ჩხრეკაში, დეტალურად აღწერეს/დაადასტურეს ჩატარებული ჩხრეკის მიმდინარეობა. კერძოდ, მათ დეტალურად მიუთითეს, თუ რა ვითარებაში ჩატარდა და რა სახის ნივთმტკიცებები ამოიღეს რ. მ–ს პირადი და სახლის ჩხრეკისას.

11.2. ს–ს რაიონის სოფელ ქ–ში მცხოვრებ რ. მ–ს საცხოვრებელი სახლის, სახლის ეზოსა და დამხმარე სათავსის ჩხრეკის 2022 წლის 18 ნოემბერის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი სახლში, მისაღებ ოთახში მდებარე გარდერობში ჩამოკიდებული მოლურჯო ფერის ქურთუკის წინა, მარცხენა ჯიბეში ნახეს და ამოიღეს 5 ვაზნა, ხოლო ამავე სახლის სამზარეულო ოთახში, კედელზე ჩამოკიდებულ თაროზე, ნახეს პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 9 ვაზნა.

12.2.1. აღნიშნული ჩხრეკის ოქმის თანხმად, ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღო რ. მ–ს მეუღლემ – ა. დ–მ და თარჯიმანმა – ა. ს–მა, რომლებმაც ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების ოქმში ასახული ინფორმაცია; ამასთან, ოქმში შენიშვნა, შესწორება, დამატება ან/და განცხადება არ დაუფიქსირებიათ (ტ. N1; ს.ფ. 40-64).

12.2.2. მოწმე ა. დ-ს გამოკითხვის 2022 წლის 18 ნოემბრის ოქმის (დაცვის მხარი მიერ უდავოდ იქნა ცნობილი) თანახმად, მოწმემ განაცხადა, რომ მოლურჯო ფერის ქურთუკის წინა, მარცხენა ჯიბეში ნახეს და ამოიღეს 5 ვაზნა, თუმცა მისთვის უცნობია, ვის ეკუთვნის ქურთუკი და ვაზნები. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულის მიუხედავად, მოწმემ აღნიშნულ ოქმში ცალსახად დაადასტურა ჩხრეკისას სახლის სამზარეულო ოთახიდან ამოღებული 9 ვაზნის რ. მ–სადმი კუთვნილება. კერძოდ, აღნიშნა, რომ სახლის სამზარეულო ოთახში, კედელზე ჩამოკიდებულ თაროზე, ნახეს პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 9 ვაზნა. მისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული ვაზნები ეკუთვნის მის მეუღლეს და დიდი ხანია, რაც დევს აღნიშნულ ადგილას. ოქმი ხელმოწერილია თარჯიმნისა და გამოსაკითხი პირის მიერ (ტ. N1; ს.ფ. 65-68).

12.3. პირადი ჩხრეკის 2022 წლის 18 ნოემბერის ოქმის თანახმად, თ–ში, .......ის №..-ის მიმდებარედ, რ. მ–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, რ. მ–ს შარვლის საქამრის უკანა მარჯვენა მხრიდან, ამოიღეს შავი პისტოლეტის მსგავსი საგანი, ერთი მჭიდითა და 6 ვაზნით;

12.3.1. აღნიშნული ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ, მათ შორის, თარჯიმან – ნ. ი–სა და თავად რ. მ–ს მიერ. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შენიშვნა, შესწორება, დამატება ან/და განცხადება არ დაუფიქსირებიათ (ტ. N1; ს.ფ. 78-81).

13. აღნიშნული მტკიცებულებისა და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულების 2022 წლის 28 დეკემბრის ნუსხის თანახმად, ბრალდების მხარეს დასაკითხ პირთა სიაში, მათ შორის, მითითებული ჰყავდა როგორც მოწმეები: ნ. ი–ი (თარჯიმანი), ა. ს–ი (თარჯიმანი), ასევე – ა. დ–ა (რ. მ–სის მეუღლე), ხოლო დაცვის მხარემ არსებითი განხილვის სხდომებზე არ დაკითხა (უდავოდ მიიჩნია) აღნიშნული მოწმეები – საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა და სასამართლო სხდომაზე დაკითხული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებები არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან დაცვის მხარეს ჰქონდა, მათ შორის, მსჯავრდებულის მეუღლის, ასევე ნეიტრალური მოწმეების – თარჯიმნების – დაკითხვის და პოლიციელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის ეჭვეშ დაყენების შესაძლებლობა, რითიც არ ისარგებლა.

13. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბიოლოგიური (გენეტიკური) 2023 წლის 18 მაისის დასკვნას, რომლის თანახმად, პაკეტში, წარწერით: „ანაწმენდები აღებული პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის რ. მ–სს, მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.

14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ. მ–ს მიერ ჩადენილ დანაშაულზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. გ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე