საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №63I -24 თბილისი
ბ-ი გ., 63I -24 7 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ბ-ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 დეკემბრის განაჩენით გ. ბ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2014 წლის 3 აპრილიდან. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2.2. განაჩენის მიხედვით, გ. ბ-ს მსჯავრად დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: გ. ბ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2014 წლის 3 აპრილიდან. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ისა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2014 წლის 3 აპრილიდან.
2.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით: მსჯავრდებულ გ. ბ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ „გ“ ქვეპუნქტებითა (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული (18 წლით თავისუფლების აღკვეთა) და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ¼-ით შემცირებული სასჯელი – 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით შეუმცირდა და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, მსჯავრდებულ გ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, სასჯელის მოსახდელი ნაწილი შემცირებული აქვს 75 დღით.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – გ. ბ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას ან გაუქმებას და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, სასჯელის ¼-ით შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელი უნდა გაუნახევრდეს პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ან „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისა), ხოლო „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასჯელი ¼-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისა).
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ბ-ის მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განახევრება, ვინაიდან აღნიშნული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის შეფარდებულ სასჯელზე, ხოლო გ. ბ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან ერთად მსჯავრდებულია 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რომელზეც ამნისტია არ ვრცელდება) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი.
4. გ. ბ-ის მიმართ ასევე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის ¼-ით შემცირება, ვინაიდან აღნიშნული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებულ სასჯელზე, ხოლო გ. ბ-ი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ქმედება, რომელიც შეესაბამება 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს) ერთად მსჯავრდებულია 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რომელზეც ამნისტია არ ვრცელდება) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი.
5. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
6. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ ვერ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტებით გათვალისწინებული ამნისტია, მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და 1/6-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია, რომელიც შეესაბამება 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს) შეფარდებული სასჯელი.
7. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ მართებულად გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით შეუმცირა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ „გ“ ქვეპუნქტებითა (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია, რომელიც შეესაბამება 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს) შეფარდებული (18 წლით თავისუფლების აღკვეთა) და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ¼-ით შემცირებული სასჯელი – 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განუსაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. ვასაძე