საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№641-24 8 ნოემბერი, 2024 წელი
პ. ი., 641-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. პ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით ი. პ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლითა და 6 თვით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. პ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 30 ოქტომბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
3. 2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ი. პ-ის პირადი საქმე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. პ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლითა და 5 თვით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კი – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. პ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 30 ოქტომბრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. პ-მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება განჩინებას, რადგან ის რეალურად ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამ მუხლით დანიშნული სასჯელისაგან სრულად უნდა გათავისუფლდეს ამნისტიით; ასევე – დაზარალებულის წარმომადგენელმა სასამართლოს განუმარტა, რომ, თუ ზიანი იქნება ანაზღაურებული, დაზარალებულ ჯ. ე-ს მის მიმართ პრეტენზია არ ექნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ელი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. მითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად შეუმცირა მსჯავრდებულ ი. პ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები. გარდა ამისა, მსჯავრდებულს სასამართლოსათვის არ წარუდგენია დაზარალებულის თანხმობა მის მიმართ ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების თაობაზე.
3. საჩივარში კასატორი ასევე მიუთითებს, რომ, რეალურად, იგი გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილის მითითება მექანიკური შეცდომაა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით (რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად) ი. პ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ელ ნაწილს არ აქვს ქვეპუნქტები და სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან – გამასწორებელი სამუშაო ორ წლამდე, ან – ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობა, ან – თავისუფლების აღკვეთა ორიდან ოთხ წლამდე. შესაბამისად, მხოლოდ მექანიკური შეცდომა რომ ყოფილიყო, სასამართლო ი. პ-ს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ვერ მიუსჯიდა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ნ. სანდოძე