Facebook Twitter

საქმე # 080100123007692981

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №667აპ-24 ქ. თბილისი

ჭ. ვ. 667აპ-24 5 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე – რომეო ტყაბლაძის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ვ. ჭ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2023 წლის 23 ივლისს, დილის საათებში, წ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. ჭ–მა, მეუღლეს - მ. კ–ს ამ უკანასკნელის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ ჩამოართვა მობილური ტელეფონი და არ უბრუნებდა იმ მიზნით, რომ მ. კ–ს არ გამოეძახა ტაქსი და არ წასულიყო ქალაქ ქ–ში მცხოვრებ ნათესავთან.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 აგვისტოს განაჩენით:

3.1. ვ. ჭ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. გამართლებულ ვ. ჭ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი შვანგირაძემ და მოითხოვა ვ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე – რომეო ტყაბლაძე ითხოვს ვ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ვ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ვ. ჭ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ნების თავისუფლება – კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ უკანონო იძულებაში შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება, ან რომლისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ე.ი. კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში პირის ქმედება მიმართულია მისთვის სასურველი შედეგის მიღწევისაკენ, დაზარალებულის მიერ იმ ქმედების განხორციელების/თავის შეკავებისაკენ, რაც მის უფლებას წარმოადგენს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება არის მიზნით დაფუძნებული, პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ქმედება, როდესაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს როგორც თავისი ქმედების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი (ზემოქმედება დაზარალებულის ნების თავისუფლებაზე) ასევე სურს დაზარალებულის ნებაზე ზემოქმედებით მისთვის სასურველი შედეგის მიღწევა. ამასთან, დასრულებულად ითვლება დაზარალებულის ნების თავისუფლებაზე ზემოქმედების მომენტიდან (ფორმალური შემადგენლობა).

12. სასამართლო ითვალისწინებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ვ. ჭ–ს მიერ მეუღლის – მ. კ–ს მიმართ – ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების ჩადენა.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა.

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე – რომეო ტყაბლაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი