Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№669აპ-24 7 ნოემბერი, 2024 წელი

ბ-ე დ., 669აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ იგარ ფეტვიაშვილისა და მსჯავრდებულ დ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენით დ. ბ-ე, -, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თაღლითობისათვის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებისათვის მოტყუებით, დიდი ოდენობით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2019 წლის ოქტომბრიდან დ. ბ-ე დაუახლოვდა ს. ი-ეს და მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც ს. ი-ეს მოატყუა, რომ ბიზნესში ჩაადებინებდა თანხებს. ამ მიზნით, 2019-2020 წლებში, სხვადასხვა დროს, ქ. ხ-ი გამოართვა თანხები, ჯამურად – 68 480 ლარი. მიღებული თანხა დ. ბ-ეს ბიზნესში არ ჩაუდია და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ს. ი-ის კუთვნილ ზემოაღნიშნულ თანხას – 68 480 ლარს.

2. აღნიშნული ქმედებისათვის დ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 19 ივნისიდან.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა იგარ ფეტვიაშვილმა მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, დ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების სრული მოცულობით – ს. ი-ის კუთვნილი 320 200 ლარისა და 25 თეთრის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით გზით დაუფლებაში – და მისთვის დამსახურებული სასჯელის განსაზღვრა, ხოლო მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა ო. კ-ემ – სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენის გაუქმება, დ. ბ-ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე – იმავე სასამართლოს მოსამართლე მურთაზ კაპანაძის 2023 წლის 16 სექტემბრის განჩინებების გაუქმება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორი – სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი იგარ ფეტვიაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას, დ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების სრული მოცულობით – ს. ი-ის კუთვნილი 320 200 ლარისა და 25 თეთრის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით გზით დაუფლებაში – და მისთვის შესაბამისი, კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

6. კასატორი – მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ნ-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განაჩენის გაუქმებას და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დ. ბ-ის გამართლებას.

7. ადვოკატი თ. ნ-ე შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და დ. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო მიუთითებს, რომ უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: დაზარალებულ ს. ი-ის, მოწმეების: ნ. ი-ის, თ. ი-ის, გ. ი-ის, მ. გ-ის, ს. ტ-ისა და სხვათა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ვალის აღიარების შესახებ 2020 წლის 6 აგვისტოს სანოტარო აქტითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ დ. ბ-ემ ჩაიდინა თაღლითობა დიდი ოდენობით, კერძოდ, მას შემდეგ, რაც დ. ბ-ემ მოიპოვა ს. ი-ის ნდობა, მოატყუა იგი, რომ, თითქოსდა, თანხებს ჩაადებინებდა ბიზნესში. ამ მიზნით 2019-2020 წლებში ჩამოართვა ჯამურად – 68 480 ლარი, რომელსაც დაეუფლა. ვალის აღიარების ხელშეკრულების დადებით მსჯავრდებულს სურდა დროის გაყვანა და დაზარალებულის შეცდომაში შეყვანა, რადგან, მიუხედავად დაზარალებულის არაერთი მოთხოვნისა, დ. ბ-ემ მას არ დაუბრუნა არც მითითებული თანხა და არც – დოკუმენტები.

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ დ. ბ-ის ქმედებაში თავიდანვე იკვეთება მოტყუების მიზანი. თანხის გამორთმევისას დაზარალებულისათვის არ იყო ნათელი, თუ რომელ ბიზნესში უნდა ჩადებულიყო ეს თანხა, რა ორგანიზაცია იყო და ვინ ხელმძღვანელობდა, კონკრეტულად რას საქმიანობდა და ა.შ.. დ. ბ-ის შეთავაზებები იყო ბუნდოვანი, მაგრამ, წინარე ნდობითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მან მაინც მოახერხა ს. ი-ის მოტყუება. ამდენად, მსჯავრდებულის ქმედებაში სახეზეა თაღლითობის ყველა ელემენტი.

4. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა დ. ბ-ის მიერ ს. ი-ის კუთვნილი 320 200,25 ლარის თაღლითური გზით დაუფლების თაობაზე. ე.წ. „ჩანაწერების რვეული“ (თუ მას დაზარალებულის შედგენილად მივიჩნევთ) ს. ი-ის ინფორმაციაა. ბრალდებამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ ვინ შეადგინა ეს რვეული, რა პერიოდში, ეხება თუ არა მასში მითითებული მონაცემები საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საბუღალტრო ექსპერტიზამ არითმეტიკულად დაიანგარიშა გამოძიების მიერ მისთვის მიწოდებული მონაცემები, ხოლო თაღლითურად მიითვისა თუ არა დ. ბ-ემ დაზარალებულის 320 200,25 ლარი, ამის დადგენა ექსპერტის კომპეტენციას არ განეკუთვნება. ასევე, საქმის მასალებით არ დგინდება ს. ი-ის „-ში“ გახსნილ ანგარიშზე თანხის ჩამრიცხველთა ვინაობა და მიზნობრიობა, თანხების ჩარიცხვა არ ემთხვევა ბრალდების მხარის მიერ მითითებულ პერიოდებს და თანხების ოდენობას. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დ. ბ-ეს კანონიერად დასდეს მსჯავრი ს. ი-ის კუთვნილი 68 480 ლარის თაღლითურად დაუფლებისათვის და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბექებელი და დამამძიმებელი გარემოებების, დანაშაულის სიმძიმის, დამნაშავის ბრალისა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის, დანაშაულის ჩადენის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, – შეუფარდეს სამართლიანი სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

5. ზემომითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო მხარეთა საკასაციო საჩივრები არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებებს, რომლებიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს. სააპელაციო სასამართლომ დ. ბ-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.

6. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნახევრდება განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე ამნისტიის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ელი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 2024 წლის 1 ნოემბერს შემოსული მსჯავრდებულ დ. ბ-ის განცხადებიდან ირკვევა, რომ მას არ აქვს საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის თანხმობა მის მიმართ ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შესახებ, რის გამოც, ითხოვს, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს ერთი მეექვსედით.

8. ზემომითითებულიდან გამომდინარე, ვინაიდან მსჯავრდებული დ. ბ-ე წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, მაგრამ ვერ წარმოადგინა დაზარალებულის თანხმობა, მას ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 309-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორ იგარ ფეტვიაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ადვოკატ თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

დ. ბ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და მიესაჯოს 5 (ხუთი) წლითა და 5 (ხუთი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. მსჯავრდებულ დ. ბ-ეს სასჯელი აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 19 ივნისიდან;

5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ქ. ხ---–ი, მ---ში --- მდებარე, ს. ს-ის -- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების წილზე ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა უნდა მოიხსნას განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

6. ნივთიერი მტკიცებულებები: „---ის“ საბანკო ამონაწერი; მაგისტრ მოსამართლესთან შამშე გურეშიძის დაკითხვის დისკი; დ. ბ-ის კუთვნილი კომპიუტერიდან გამოთხოვილი ინფორმაცია CD დისკზე; ს. ი-ის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერების რვეული; მორიგების აქტი; ვალის აღიარების ხელშეკრულება; ს. ი-ის ახსნა-განმარტება ჩანაწერების ფურცელი; მინდობილობა (თ. ი-ის); თ. ი-ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია დისკზე – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

7. ნივთიერი მტკიცებულება – დ. ბ-ის პასპორტი – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. ფაფიაშვილი