გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1035-02 15 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
სააქციო საზოგადოება კომერციულმა ბანკმა “ა-მა" სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ... მდებარე სახლის 17/40-დან გ. ნ-ის გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელსა და ბანკს შორის 2000წ. 22 დეკემბერს დადებული ქონების გადაცემის ხელშეკრულების თანახმად აღნიშნული ბინა ბანკის საკუთრებაა, მაგრამ გ. ნ-ე არ ათავისუფლებს მას. საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაბმულ იქნა მ. ნ-ე, რომელმაც მოითხოვა სს კომერციულ ბანკ “ა-სა" და გ. ნ-ეს შორის 2000წ. 22 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინის წილი მას ეკუთვნის მემკვიდრეობით და გ. ნ-ეს არ ჰქონდა იპოთეკით მისი დატვირთვისა და შემდეგ გადაცემის უფლება.
მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: გ. ნ-ეს დაევალა თბილისში, ... მდებარე სახლის 17/40-ის გამოთავისუფლება, მესამე პირის _ მ. ნ-ის, სარჩელს ეთქვა უარი.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს გ. ნ-ემ და მ. ნ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 22 ივლისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება: არ დაკმაყოფილდა მ. და გ. ნ-ეების სააპელაციო საჩივრები მათი გამოუცხადებლობის გამო. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს გ. და ნ. ნ-ეებმა. საჩივარი სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილული არ არის.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა სს ბანკი “ქ." წარმომადგენელ დ. მ-ის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე და დაშვებულ იქნა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ივლისის დაუყოვნებლივ აღსრულება.
გ. ნ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ივლისის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 268-ე მუხლის მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 27 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და განსახილველად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისში, ... მდებარე სახლის 17/40 ნაწილი, რომელიც ირიცხება სს ბანკ “ქ-ს" სახელზე, დაკავებული აქვს ყოფილ მესაკუთრე გ. ნ-ეს, რომელიც ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას.
სსკ-ს 268-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე" ქვეპუნქტის მიხედვით სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები, მათ შორის _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 268-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებით მესაკუთრეს _ სს ბანკ “ქ-ს" მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, ვინაიდან ბანკს არ შეუძლია გამოიყენოს ქონება დანიშნულებისამებრ, კერძოდ, განკარგოს იგი, გაასხვისოს, გასცეს იჯარით და ა.შ. ვინაიდან არ არის დადგენილი მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა, აღნიშნულის დადგენის გარეშე კი საპელაციო პალატას არ გააჩნდა იურიდიული საფუძველი მოეხდინა გადაწყვეტილების აღსრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები არ არის კანონიერი და უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აგვისტოს და 27 აგვისტოს განჩინებები.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.