Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №69I -24 თბილისი

დ-ი რ., 69I -24 11 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. დ-ის ადვოკატ ი. ა-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ რ. დ-ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და რ. დ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. რ. დ-ი, -- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა – 2000 ლარი; ხოლო 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, 3 წელი ჩაეთვალა პირობითად. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. დ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. რ. დ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 27 იანვრიდან. მასვე, ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით: მსჯავრდებული რ. დ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელისაგან; „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი; ხოლო „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით შეუმცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ რ. დ-ს 1/6-ით შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 1/6-ით შეუმცირდა პირობითად ჩათვლილი 3 წელი, გამოსაცდელი ვადა 3 წელი და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი და 6 თვე. მსჯავრდებულ რ. დ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ გავრცელდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებულ ჯარიმაზე, თუმცა აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. დ-ის ადვოკატმა – ი. ა-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, რ. დ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის განახევრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ რ. დ-ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ ერთიან სასჯელზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელისაგან გათავისუფლება, რომელიც ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებულ სასჯელზე და ასევე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განახევრება, რომელიც ვრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მხოლოდ მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებულ სასჯელზე, ვინაიდან რ. დ-ი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებთან ერთად მსჯავრდებულია 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (რომელზეც ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის 1/6-ით შემცირება) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი.

3. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ რ. დ-ს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული ერთიანი სასჯელი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მიზნებიდან გამომდინარე, 1/6-ით შეუმცირდა ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ. დ-ის ადვოკატ ი. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. დ-ის ადვოკატ ი. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. ვასაძე