Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №701აპ-24 თბილისი

ა-ი რ. 701აპ-24 21 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატ კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენით რ. ა-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ა-ს განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის პირველი ნოემბრიდან. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. განაჩენის მიხედვით, რ. ა-ს მსჯავრად დაედო:

· დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგით: 2022 წლის 14 ოქტომბერს, თ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ა-მა უკანონოდ შეძენილი და შენახული, მწვანე პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, დიდი ოდენობით – 0.3572 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, 300 ლარად უკანონოდ გასაღება თ--- ს--ზე. აღნიშნული ნივთიერება იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

· განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგით: 2022 წლის პირველ ნოემბერს, თ--ში მდებარე რ. ა-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს რ. ა-ის მიერ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 6.13 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, ფხვნილისა და გრანულების სახით ერთ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

Ø მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატმა – ა. დ-მა, რომელმაც მოითხოვა რ. ა-ისათვის მინიმალური სასჯელის – 12 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა;

Ø მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატმა – კ. ვ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და რ. ა-ის გამართლება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებისათვის.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატმა – კ. ვ-მა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; რ. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებისათვის, გამართლებას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატ კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაინიშნა 2024 წლის 21 ნოემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით, სასამართლო სხდომებზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ექსპერტიზების დასკვნებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. ა-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რომელზე დეტალურ მსჯელობას პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებსა და დასკვნებს.

3. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას რ. ა-ისათვის შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და რ. ა-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

4. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001).

5. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატ კ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

6. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ რ. ა-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია, კერძოდ:

6.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მათ შორის – ნასამართლობის არქონა), სასჯელი უნდა გაუნახევრდეს პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ან „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისა); „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასჯელი ¼-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისა); ხოლო „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

6.2. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან რ. ა-ი არის ნასამართლობის არმქონე და მოცემული დანაშაულები ჩადენილი აქვს 2024 წლის პირველ ივლისამდე („ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს; „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი უნდა შეუმცირდეს ¼-ით; ხოლო „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ უნდა გავრცელდეს.

6.3. ამავე დროს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა მკაცრმა სასჯელმა (რომელზეც ამნისტია ვერ გავრცელდა) უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები (ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელები) და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ა-ს უნდა განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატ კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატ კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განაჩენი შეიცვალოს:

2.1. რ. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდეს და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. რ. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. რ. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. მსჯავრდებულ რ. ა-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე არ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია;

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ა-ს განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.6. მსჯავრდებულ რ. ა-ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2022 წლის პირველი ნოემბრიდან. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;

2.7. მსჯავრდებულ რ. ა-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

2.8. ნივთიერი მტკიცებულებები:

· ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· რ. ა-ისგან ამოღებული ავტომანქანა და ავტომანქანის გასაღები; მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა და მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

· ორ პაკეტად დალუქული ორი DVD დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე