Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1042-02 30 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 იანვრის გადაწყვეტილებით კ. ზ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე _ შპს “ა. ს. ა-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობის ხარჯები 6135 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას ეთქვა უარი.

მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით კ. ზ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 1 მარტის განჩინებით.

2002წ. 25 მარტს კ. ზ-ს წარმომადგენელმა გ. გ-ემ განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივრის განხილვას არ ესწრებოდა კასატორი კ. ზ-ა მოითხოვა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 1 მარტის განჩინების ბათილად ცნობა.

განცხადების ავტორმა იმ მოტივით, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001წ. 1 მარტის განჩინება გამოიტანა ყალბ საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, სსკ-ს 423-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ასევე მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გ. გ-ის განცხადება განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 ივლისის განჩინებით შეჩერდა განცხადების განხილვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვის ნაწილში. ამავე განჩინებით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინების გამოტანის შემდეგ, 2002წ. 4 ივლისს გ. გ-ემ განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს და მოითხოვა მოსამართლეების ლ. ა-ის და მ. ს-ის აცილება იმ მოტივით, რომ ისინი მონაწილეობდნენ ამავე სამოქალაქო დავის განხილვაში სააპელაციო წესით და სავარაუდო იყო, რომ ისინი შეეცდებოდნენ განცხადების განხილვისას დაეცვათ მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინებით უარი ეთქვა გ. გ-ეს მოსამართლეთა აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 1 ივლისის და 2002წ. 4 ივლისის განჩინებები კ. ზ-ს წარმომადგენელმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით. საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მისი განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე 424-ე მუხლის თანახმად, უსწოროდ გადმოეგზავნა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს.

კერძო საჩივრის ავტორს ასევე მიაჩნია, რომ სასამართლომ განიხილა არარსებული მოთხოვნა, მას განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ შეუტანია სასამართლოში და რატომ იმსჯელა სასამართლომ ამ საკითხზე მისთვის გაუგებარია.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს: “მე ვითხოვდი და ვითხოვ უზენაესი სასამართლოს 2002წ. 1 მარტის განჩინების კანონიერების შესწავლას და მის საფუძველზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას”.

საოლქო სასამართლოს 2002წ. 27 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ივლისის განჩინება სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა იქნეს შეტანილი გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილი აქვს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას, ხოლო უზენაესი სასამართლოს განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. იმ საფუძვლით, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საკითხების გადაწყვეტა შედიოდა გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს კომპეტენციაში, უზენაესმა სასამართლომ განცხადება განსახილველად გადაუგზავნა საოლქო სასამართლოს.

კერძო საჩივრის ავტორი კატეგორიულად მიუთითებს, რომ მას არ მოუთხოვია გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, იგი ითხოვდა და მოითხოვს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 1 მარტის განჩინების კანონიერების შესწავლას და მის საფუძველზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.

კერძო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მის მიერ შეტანილი განცხადება ეხება უზენაესი სასამართლოს განჩინებას. ვინაიდან განცხადების ავტორი არ მოითხოვდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებით საქმის წარმოების განახლებას პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ განიხილა არარსებული მოთხოვნა. ამიტომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს განცხადების განუხილველად დატოვების ნაწილში, ხოლო კ. ზ-ს წარმომადგენლის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა შემოწმდეს უზენაესი სასამართლოს მიერ. რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების განცხადების განხილვის შეჩერების შესახებ იგი არ გასაჩივრებულა, რის გამოც საკასაციო პალატა განჩინების ამ ნაწილზე ვერ იმსჯელებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ უცვლელად უნდა დარჩეს ასევე განჩინება მოსამართლეების აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან საჩივრის ავტორი ვერ მიუთითებს სსკ-ს 29-ე, 31-ე მუხლებით გათვალისწინებულ აცილების საფუძვლებზე.

საკასაციო პალატამ შეამოწმა უზენაესი სასამართლოს 2002წ. 1 მარტის განჩინების კანონიერების შესწავლისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა და თვლის, რომ განცხადება არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

საქმის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში მთავრდება გადაწყვეტილების გამოტანით, აგრეთვე განჩინებით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და განჩინებით სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ (სსკ-ს 272-ე-278-ე მუხლები). სანამ აღნიშნული გადაწყვეტილებები და განჩინებები შევიდოდეს კანონიერ ძალაში, მათი გასაჩივრება შეიძლება ზემდგომ სასამართლოში სააპელაციო და საკასაციო წესით. მაგრამ მას შემდეგ, როცა ისინი შევა კანონიერ ძალაში, მათი გასაჩივრება დასაბუთებულობისა და კანონიერების შემოწმების მიზნით აღარ შეიძლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, როგორც გამონაკლისი და განსაკუთრებული შემთხვევა, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. ამდენად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთი საქმეებისა, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით.

სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ბათილად ცნობა ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს ისეთ გადაწყვეტილებებს და განჩინებებს, რომლებითაც საქმის წარმოება მთავრდება ახალი გადაწყვეტილების გამოტანით ან საქმის წარმოების შეწყვეტით, ან სარჩელის განუხილველად დატოვებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლების მიზნით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მისი გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები და განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა და სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ განჩინების ბათილობის საფუძვლების არსებობისას შესაძლებელია ასევე საკასაციო წარმოების განახლება.

მოცემულ შემთხვევაში, განცხადების ავტორი მოითხოვს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 1 მარტის განჩინების კანონიერების შემოწმებას. საკასაციო პალატა განცხადების ავტორს განუმარტავს, რომ სსკ არ ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს განჩინების დასაბუთებულობისა და კანონიერების შემოწმების მიზნით გასაჩივრების შესაძლებლობას. რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აღნიშნული განჩინების გაუქმებით საქმის წარმოების განახლების მოთხოვნას, პალატა განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მიზნით მითითებული განჩინება არ არის გაუქმების ობიექტი, რადგან ამ განჩინებით კ. ზ-ს სარჩელისა გამო საქმის წარმოება არ დამთავრებულა, არამედ უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, რომლითაც დამთავრდა საქმის წარმოება და კანონიერ ძალაში შევიდა უზენაესი სასამართლოს განჩინებით უცვლელად დატოვების შემდეგ. ე.ი. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უზენაესი სასამართლოს განჩინების გაუქმებით შეუძლებელია საქმის წარმოების განახლება, რადგან არსებობს კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ეს კი იმ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გაუქმებისასაა შესაძლებელი საქმის წარმოების განახლება.

სსკ-ს 429-ე მუხლის თანახმად სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განუხილველად უნდა დატოვოს განცხადება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კ. ზ-ს წარმომადგენლის გ. გ-ის განცხადება უზენაესი სასამართლოს განჩინების კანონიერების შესწავლის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ არის დასაშვები და იგი უნდა დარჩეს განუხილველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 ივლისის განჩინება კ. ზ-ს წარმომადგენლის გ. გ-ის განცხადების განუხილველად დატოვების ნაწილში.

უცვლელად დარჩეს ამავე პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინება.

კ. ზ-ს წარმომადგენლის გ. გ-ის განცხადება უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 მარტის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.