3კ-1050-02 17 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. და ო. ფ.-ების საერთო საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი.
ო. ფ.-ის წარმომადგენელმა დ. ბ.-მ 1998წ. 1 აპრილს ვ. ბ.-ს მიჰყიდა ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/3. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით დადასტურდა და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში იქნა რეგისტრირებული. ე. ფ.-მ 1998 წელს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სამგორის სანოტარო ბიუროს, მესამე პირების _ ო. ფ.-ის რწმუნებით დ. ბ.-ის, ვ. ბ.-ის მიმართ და მოითხოვა 1998წ. აპრილში ომარ ფ.-ის წარმომადგენელ დ. ბ.-სა და ვ. ბ.-ს შორის გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ დაირღვა მისი, როგორც საერთო თანამესაკუთრის, წილის შესყიდვის უპირატესი უფლება.
მოცემული დავა არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ. ბოლოს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 1999წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ფ.-ის რწმუნებით ი. გ.-ის სარჩელი ო. ფ.-ის რწმუნებით დ. ბ.-სა და ვ. ბ.-ს შორის 1998წ. 1 აპრილს ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/3-ის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999წ. 10 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ე. ფ.-ის წარმომადგენელ ი. გ.-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 19 ივლისის გადაწყვეტილება. ე. ფ.-ის წარმომადგენელმა ადვოკატმა ქ. ი.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ე. ფ.-ი გარდაიცვალა 2000წ. 28 იანვარს. პროცესში მის უფლებამონაცვლედ ჩართულ იქნა ი. გ.-ი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წ. 20 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ი. გ.-ის საკასაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 10 ნოემბრის განჩინება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ი. გ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. მან ახლად აღმოჩენილ გარემოებებად მიუთითა შემდეგზე: ო. ფ.-ის მიერ დ. ბ.-ზე გაცემულ მინდობილობას ვადა გაუვიდა 2000წ. 16 ოქტომბერს, მაგრამ საკასაციო პალატამ 2000წ. 20 ოქტომბრის განჩინების გამოტანისას ამას ყურადღება არ მიაქცია; ო. ფ.-ის მიერ დ. ბ.-ის სახელზე გაცემული მინდობილობის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, მაგრამ სასამართლოებმა არ შეამოწმეს მისი ნამდვილობა; საკასაციო ინსტანციაში მესამე პირების სახელით მონაწილეობდა ადვოკატი ნ. ნ.-ე, რომლის რწმუნებასაც ვადა ჰქონდა გასული; სასამართლოებმა არ გაარკვიეს, თუ რატომ ვერ განახორციელა ე. ფ.-მ, როგორც საერთო მესაკუთრემ, წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.
ი. გ.-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 მაისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო. ეს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. გ.-მ. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 6 ივნისის განჩინებით დააკმაყოფილა ი. გ.-ის კერძო საჩივარი, მისი განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებად მიიჩნია და საქმის ზეპირი განხილვა დანიშნა 2001წ. 26 ივნისს.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ივნისის განჩინებით ი. გ.-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 16 ივლისის განჩინებით არ დააკმაყოფილა ი. გ.-ის კერძო საჩივარი ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ივნისის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადააგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს 2001წ. 26 ივნისისა და 16 ივლისის განჩინებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 22 ნოემბრის განჩინებით ი. გ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აპელანტს უარი ეთქვა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ივნისის განჩინების გაუქმებაზე უსაფუძვლობის გამო, გაუქმდა ამ საქმეზე იმავე სასამართლოს 2001წ. 16 ივლისის განჩინება.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ი. გ.-ის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ეჭვს იწვევს რწმუნება, რომლითაც მოქმედებდა დ. ბ.-ე ვალდებული პირის, ო. ფ.-ის სახელით და, აქედან გამომდინარე, დ. ბ.-სა და ვ. ბ.-ს შორის დაიდო არასრულყოფილი ხელშეკრულება, რითაც დაირღვა ე. ფ.-ის, როგორც მესაკუთრის, წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილად, რადგან აღნიშნული რწმუნებულების ნამდვილობის საკითხს აპელანტი აყენებდა როგორც სააპელაციო სასამართლოში, ისე უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მაგრამ მისი მოსაზრება არ იქნა გაზიარებული.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოება კიდევაც რომ იყოს ახლად აღმოჩენილი, წილის უპირატესი შესყიდვის უფლების (სანივთო უფლების) დარღვევა არ წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს, რადგან გარიგების ასეთი საფუძვლით ბათილობას მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას, რომ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არგუმენტირებული დასკვნა ე. ფ.-ის სიცოცხლეში ორგზის წილის უპირატესი შესყიდვის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა და აღნიშნული დასკვნა არ ჩათვალა ახლად აღმოჩენილ გარემოებად, მანამ, სანამ დარღვევაში მითითებულ ფაქტებზე არ იარსებებს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ანუ არ დადგინდება დასკვნაში მითითებული ამა თუ იმ დოკუმენტის სიყალბე, რაც, სსკ-ს 423-ე მუხლის I ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, შეიძლება გახდეს 1999წ. 19 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ 2001წ. 16 ივლისის განჩინება ე. გ.-ის კერძო საჩივარზე გამოიტანა სსკ-ს 416-ე მუხლის შესაბამისად, მაგრამ სააპელაციო პალატამ კერძო საჩივარი ჩათვალა რა სააპელაციო საჩივრად, ამდენად, არ არსებობს 2001წ. 16 ივლისის განჩინების საფუძველი და იგი გააუქმა.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. გ.-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 01 მაისის განჩინებით ი. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 22 ნოემბრის განჩინება.
2002წ. 18 ივნისს ი. გ.-მ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ივნისის განჩინებით ი. გ.-ს ვადა მიეცა ხარვეზის შესავსებად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გაუგებარია განცხადების ავტორის მოთხოვნა. პალატამ განუმარტა განცხადების ავტორს, რომ თუ მის მიერ შეტანილია განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მიზნით, სსკ-ს 427-ე მუხლის შესაბამისად იგი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, მითითებული უნდა იყოს იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს საქმის განახლება, მითითებული უნდა იყოს ასევე იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; იგი უნდა შეიცავდეს აგრეთვე მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე და იმის შესახებაც, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ივლისის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის განხილვის თაობაზე უსაფუძვლო და დაუშვებელია, ვინაიდან ასეთი განჩინება საპროცესო კანონმდებლობით კერძო საჩივრით არ საჩივრდება. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 22 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 16 ივლისის განჩინება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ი. გ.-ის კერძო საჩივარი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ივნისის განჩინებაზე ჩათვალა სააპელაციო საჩივრად; ამდენად, განჩინება, რომელზეც შეტანილი იყო თავდაპირველად კერძო საჩივარი, რომლის განხილვასაც მოითხოვს მხარე, აღარ არსებობს.
განმცხადებელს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღიან ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, განცხადება არ დაიშვება.
ი. გ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილებისა და განჩინებათა ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს;
განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს ტექაღრიცხვის სამსახურის ცნობას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2001წ. 3 აპრილის დასკვნას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ივლისის განჩინებით ი. გ.-ის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ მან განცხადება საოლქო სასამართლოში შეიტანა ხარვეზის შესავსებად მოცემული 10 დღიანი ვადის დარღვევით, ანალოგიური ხარვეზებით.
ი. გ.-მ კერძო საჩივარი შეიტანა აღნიშნულ განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მან განცხადება, რომელიც განუხილველად იქნა დატოვებული, 10 დღიან ვადაში შეიტანა და ხარვეზიც შეავსო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აგვისტოს განჩინებით ი. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს, მოუსმინა მის ავტორს და თვლის, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივაციას, რომ მას არ დაურღვევია ვადა და განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეიტანა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განმცხადებელი ი. გ.-ი ითხოვს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 19 ივლისის გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს 2001წ. 26 ივნისის განჩინების, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 22 ნოემბრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 20 ოქტომბრისა და 2002წ. 1 მაისის განჩინებების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას.
სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
ი. გ.-ის მიერ გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებათაგან (განჩინებათაგან) გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 1999წ. 19 ივლისს, ამდენად, მას განმცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოში უნდა შეეტანა.
პალატა თვლის, რომ დამოუკიდებლად იმისა, ი. გ.-ი მიუთითებდა თუ არა სააპელაციო სასამართლოს მიერ 2002წ. 28 ივნისის განჩინებაში მითითებულ სსკ-ს 427-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე, განცხადება მაინც ვერ განიხილებოდა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ, ვინაიდან არ არის მისი განსჯადი;
სსკ-ს 429-ე მუხლის მიხედვით სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ; თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ი. გ.-ის განცხადება, დაუშვებლობის გამო, კანონიერად იქნა განუხილველად დატოვებული და არ არსებობს მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი;
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ფ.-ის უფლებამონაცვლის ი. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 16 ივლისისა და 2002წ. 8 აგვისტოს განჩინებები დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.