Facebook Twitter

საქმე # 330100123007644679

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №716აპ-24 ქ. თბილისი

კ. დ., 716აპ-24 7 ნოემბერი , 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე გულიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. კ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 30 ივნისს, შუადღის საათებში, თ–ში, .........ს N..-ში ყოფნისას დ. კ–მ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ. ხ–ს, კერძოდ: ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და ტანის არეში, ხელი უბიძგა და დააგდო იატაკზე. აღნიშნულმა ქმედებამ ლ. ხ–ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

3. თბილისი საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 იანვრის განაჩენით დ. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

3.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, დ. კ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ. კ–მ, რომელმაც მოითხოვა დ. კ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ რელევანტური სასჯელის შეფარდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე გულიაშვილმა, რომელიც ითხოვს დ. კ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი ითხოვს დ. კ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში.

9. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა გამართლებულმა დ. კ–სემ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

10. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და დ. კ–ს ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობას იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. კ–ს გამართლება განაპირობა.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ 2023 წლის 30 ივნისს, თ–ში, ........ას N..-ში ყოფნისას, დ. კ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ. ხ–ს, კერძოდ: ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და ტანის არეში, ხელი უბიძგა და დააგდო იატაკზე. დ. კ–ს ქმედებამ ლ. ხ–ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დ. კ–ს მხრიდან გარკვეული სახის ძალადობაზე არის დაზარალებულ ლ. ხ–ს ჩვენება.

11.1. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ დაზარალებულმა ლ. ხ–მა სასამართლოს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციისაგან განსხვავებული ჩვენება მისცა და მიუთითა, რომ 2023 წლის 30 ივნისს, ის და დ. კ–ე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, პირველად მან დაარტყა დ. კ–ს და ამ უკანასკნელმაც დარტყმით უპასუხა, თუმცა რამდენჯერ დაარტყა ხელი, არ ახსოვს. მისივე განმარტებით, დ. კ–მ სათლით წყალი შეასხა, რის გამოც, ფეხი დაუცურდა და ძირს დაეცა, სწორედ ამ დროს დაიზიანა ფეხი. დაზარალებულის ჩვენებით, კონფლიქტი დ. კ–სთან დაიწყო დასვრილი სადარბაზოს გამო, სადაც ფეხი აუცურდა და დაეცა. ჩვენების მიცემისას, დაზარალებულს არ მიუთითებია დ. კ–ს მიერ ხელის კვრის შედეგად დაცემის შესახებ, როგორც ძალადობის ერთ-ერთ ფორმაზე, მაშინ, როდესაც ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოება, თავისა და ტანის არეში ხელის დარტყმასთან ერთად, სწორედ ამგვარ ძალადობაზე მიუთითებს. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ლ. ხ–ს ჩვენების გარდა, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დ. კ–ს მხრიდან ლ. ხ–ს მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.

12. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 21 ივლისის N......... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო ბარათის მონაცემებით და პირადი გასინჯვით, 03.07.2023 წელს, ლ. ხ–ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 2023 წლის 30 ივნისს) და მოწმეების – ზ. (ი–ა) კა–ს (მეზობელი), ე. ლ–ს (ექსპერტი), ზ. ჭ–სა (საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის მე-.. რაიონულ სამსახურის მენეჯერი) და გ. კ–ს (გამომძიებელი) ჩვენებებზე.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თავად დაზარალებულის განმარტებით, იგი ჯერ დასვრილ, შემდეგ კი სველ იატაკზე დაეცა, რა დროსაც მიიღო დაზიანებები (ერთადერთი ფაქტი, რაც დაზარალებულმა დაადასტურა, იყო დ. კ–ს მხრიდან ხელის დარტყმის ფაქტი, ისიც მას შემდეგ, რაც თავად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა), შესაბამისად, ცალსახად ვერ დგინდება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები გამოწვეულია თუ არა დ. კ–ს ქმედებით.

13.1. მოწმეები – ზ. (ი–ა) კ–ი, ე. ლ–ს, ზ. ჭ–ე და გ. კ. მეზობლებს შორის კონფლიქტს უშუალოდ არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია და მათი გამოყენება დაიშვება მხოლოდ ,,კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-37, II-52). შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამოიყენოს აღნიშნული ჩვენებები გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, დ. კ–ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე გულიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე