Facebook Twitter
3კ-1072-02

3კ-1072-02 20 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ღობის აღება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. მ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. ბ.-ის მიმართ და მოითხოვა თვითნებურად გაკეთებული ღობის აღება. სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა, რომ 1991 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო თ. ბ.-თან და ცხოვრობდა სოფ. ...-ში მამამთილის, ნ. ბ.-ის სახელზე რიცხულ სახლში. მამამთილის გარდაცვალების შემდეგ სახლი აღირიცხა მისი მეუღლის თ. ბ.-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1997 წელს. მეუღლის სიცოცხლეშივე ოჯახი არაოფიციალურად გაიყო ორად, დედამთილს და მულს მიეკუთვნა სახლის ნაწილი, ხოლო ნაწილი კი მას და მის ოჯახს.

2001წ. აგვისტოში მისი არყოფნის დროს მულმა _ თ. ბ.-მ თვითნებურად გადაღობა ეზო. იმ მხარეს მოაქცია ხეივანი და ჭა, რითაც მოესპო წყლით სარგებლობის საშუალება. აქედან გამომდინარე, იგი მოითხოვს ფიცრული ღობის აღებას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ღობე გაავლო მის მფლობელობაში არსებული წილის პროპორციულად, ძმის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხე სისტემატურად აყენებს შეურაცხყოფას, რის გამოც იძულებული გახდა აღემართა ღობე.

ქარელის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. მ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, მდებარე ქარელის რაიონი, სოფ. ...-ში, ირიცხებოდა მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მამამთილის სახელზე.

1997წ. მაისიდან სახლის ნაწილის სამი საცხოვრებელი ოთახი ფართით 61,0 კვ.მ, დამხარე ფართი 15,2 კვ.მ და სარდაფი, საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე. მის სახელზე ირიცხება ასევე საკარმიდამო მიწის ნაწილი ფართით 1320 კვ.მ, ხოლო დანარჩენი მიწის ნაკვეთი ფართით 0,0747 საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხის დედის _ ვ. ბ.-ის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არ არსებობს სახლსა და მიწაზე საზიარო უფლება, ისინი არიან სკ-ს 174-ე მუხლით დადგენილი მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები და ამავე კოდექსის 181-ე მუხლის შესაბამისად უფლება აქვთ ჰქონდეთ მყარი სასაზღვრო მიჯნა.

აღნიშნული საფუძვლებით სააპელაციო პალატამ 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით გააუქმა ქარელის რაიონული სასამართლოს გადაწყვტილება და ი. მ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ.-მ, კასატორის მოსაზრებით თუ მხარეები წარმოადგენენ ბინის ნაწილების მესაკუთრეებს, მაშინ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებენ ბინის საკუთრებას მრავალბინიან სახლებში, კერძოდ, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 211-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება. საქმეში არ არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ მოპასუხეს საკუთრების უფლებით ეკუთვნის მიწის ნაკვეთის ნაწილი. სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული ცნობები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას საოლქო სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ იზოლდა მ.-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელის სახელზე ირიცხება მიწის ნაკვეთი ფართით 1320 კვ.მ, ხოლო მოპასუხის აწ გარდაცვლილი დედის სახელზე ირიცხება 0,0747 კვ.მ, რომელსაც ანდერძის საფუძველზე ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ასევე სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული ცნობა, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან უძრავ ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან და არა ცნობებიდან. ქარელის რაიონის ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობით ირკვევა, რომ სოფელ ...-ში სახლის ნაწილი ირიცხება მოსარჩელის სახელზე, ხოლო ნაწილი ვ. ბ.-ის სახელზე. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹168 აქტით დადგენილია, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 0,0747კვ.მ ფართით საკუთრების უფლებით გადაეცა ვარა ბ.-ს. ამასთან, კასატორის მიერ მითითებული ცნობიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის მამამთილის სახელზე რიცხული სახლი, ეზო და სათავსოები იყო საერთო სარგებლობის, ხოლო გარდაცვალების შემდეგ გაიყო. ამდენად, მითითებულ ცნობაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოებების საპირისპირო არაფერია აღნიშნული.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 208-ე მუხლის ნაწილი და 211-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

სკ-ს 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიწის ნაკვეთი, რომელიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა, ხოლო 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შენობის ნაწილები, რომლებიც აუცილებელია ამ შენობის სიმტკიცისა და უსაფრთხოებისათვის, ისევე როგორც ბინის მესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი არ შეიძლება იყოს ინდივიდუალური საკუთრების საგანი, მაშინაც კი, როცა ისინი ინდივიდუალურ საკუთრებაში მოქცეულ ფართობზეა განლაგებული.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეებს მიწის ნაკვეთი ინდივიდუალურ საკუთრებაში აქვთ, რის გამოც 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ვერ ჩაითვლება საერთო საკუთრებად, რაც შეეხება სკ-ს 211-ე მუხლის მე-3 ნაწილს, ამ ნორმაში მითითებულია შენობის ნაწილებზე მოცემული დავის საგანს კი წარმოადგენს სასაზღვრო მიჯნის აღება და შენობის ნაწილებთან არანაირი კავშირი არა აქვს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გამოიყენა კასატორის მიერ მითითებული ნორმები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. მ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.