Facebook Twitter

¹ბს-248-193-კ-05 17 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია (მომხსენებელი),

ნ. კლერჯეიშვილი

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, გაუცემელი ერთჯერადი ფულადი ჯილდოსა და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების მიუღებელი ნაწილის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 12 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. მ-მა მოპასუხე უშიშროების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა უშიშორების მინისტრის 2000წ. 30 ოქტომბრის ¹0270 ბრძანების 1999წ. 16 ივლისის ¹742 პ/შ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ბათილად ცნობა, ასევე, მის სასარგებლოდ ერთდროული ფულადი ჯილდოს 142 ლარისა და 12 თეთრისა და “ომისა და შეარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთდროული გასასვლელი დახმარების მიუღებელი ნაწილის 928 ლარის და 34 თეთრის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მსახურობდა 25 კალენდარულ წელს, ხოლო 1999წ. 16 ივლისს თადარიგში იქნა დათხოვნილი .... სამხედრო წოდებით. იმჟამინდელი უშიშროების მინისტრის ¹724 პ/შ ბრძანების მეორე პუნქტში აღნიშნული იყო შემდეგი: მ. მ-ს მიეცეს ერთროული დახმარება გათვალისწინებული “ომისა და შეიარაღებული ძალავიე ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით.

ნ. მ-ის განცხადებით, მისი ფულადი კმაყოფა სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის შეადგენდა 106 ლარს და 97 თეთრს. აქედან გამომდინარე, ბრძანების მეორე პუნქტის შესაბამისად მისთვის უნდა გადაეხადათ ერთდროული გასასვლელი დახმარება 12 თვის სარგოს ოდენობით, რაც შეადგენდა 1283 ლარს და 64 თეთრს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის განცხადებით, მას აუნაზღაურეს 355 ლარი.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მან არაერთხელ მიმართა უშიშროების ორგანოებს მისი კუთვნილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, მაგრამ მას უარის ეუბნებოდნენ თანხის ანაზღაურებაზე. ხოლო სამინისტროს ფინანსურმა უწყებამ მას გადასცა 2000წ. 30 ოქტომბრით დათარიღებული უშიშროების მინისტრის ¹0270 ბრძანების ამონაწერი “ბრძანებაში ცვლილებების შეტანის მიზნით”, სადაც აღნიშნული იყო, რომ ¹742 პ/შ ბრძანებიდან ამოღებული იქნეს მე-2 პუნქტი, ბრძანებას დაემატოს მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ერთჯერადი დახმარება გათვალისწინებული საქართველოს მინისტრთა კაბინატის 1994.11.14-ის ¹796-44 დადგენილების მე-20 პუნქტით.

აღნიშულ ბრძანებას, რომლითაც ცვლილებები შევიდა 1999წ. ¹742პ/შ ბრძანებაში, მოსარჩელე თვლიდა უკანონოდ, მის გაუქმებას და მისთვის დარჩენილი 1070 ლარის და 64 თეთრის ანაზღაურებას მოითხოვდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 204წ. 15 მარტის განჩინებით ნ. მ-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს.

ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-მა სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებებით, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტი დამატებით აღნიშნავდა, რომ სასამართლოს მიერ სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლო იყო, რადგან 2000წ. 30 ოქტომბერს ¹0210 ბრძანების შესახებ მან არაფერი იცოდა 2003წ. ოქტომბრამდე, რომელიც მის მიერ გასაჩივრდა ბრძანების მიღებიდან მეხუთე თვეს.

აპელანტის განმარტებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების გაცნობიდან 6 თვის ვადაში, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების მომენტად უნდა ჩაითვალოს საქართველოს დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული აქტის გაცნობის თარიღი. შესაბამისად, აპელანტის აზრით, მოსარჩელის მიერ არ იყო დარღვეული ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა.

აპელანტის განმცხადებით, მას, როგორც სამხედრო ძალების ვეტერანს, ერთდროული გასასვლელი მატერიალური დახმარება უნდა მისცემოდა მხოლოდ “ომისა და შეიარაღებული ზძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 უხლის “გ” პუნქტის თანახმად, 12 თვის სარგოს, ანუ ოთხი კომპონენტის შემდგარი ხელფასის ოდენობით. მას არ მიუღია უშიშროების მინისტრის 1999წ. 16 ივლისის ¹742 პ/შ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯილდო, რომელიც ამავე მინისტრის 2000წ. 30 ოქტომბრის ¹0270 ბრძანებით არ შეცვლილა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი უშიროების მინისტრის 2003წ. 30 ოქტომბრის ¹0270 ბრძანება, ამავე მინისტრის 1999წ. 16 ივლისის ¹742 პ/შ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ,' უშიშროების სამინისტროს დაეკისრა სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 199წ. 16 ივლისის ¹742 პ/შ ბრძანების აღსრულება მ. მ-ის სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის გამო მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილების მე-8 პუნქტთ გათვალისწინებული ერთდროული ფულადი ჯილდოს 142 ლარისა და 12 თეთრის და “ომისა და შეარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის III პუნქტით გათვალისწინებული ერთდროული გასასვლელი დახმარების მიუღებელი ნაწილის 928 ლარისა და 34 თეთრის მიცემის შესახებ.

სააპელაციო პალატის აზრით, უშიშროების მინისტრის მიერ არასწორად იქნა შეტანილი ცვლილება მისივე 1999წ. 16 ივლისის ¹742 პ/შ ბრძანებაში, რადგან კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა გავრცელებულიყო “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს 1995წ. კანონის მე-17 მუხლის “გ” პუნქტის მოქმედება, რომლის შესაბამისად ხდება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას უზრუნველყოფა ერთროული გასასვლელი ფულადი დახმარებით, 25 და მეტი კალენდარულიწ. ნამსახურებისათვის 12 თვის თანამდებობრივი და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოების ოდენობით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან პალატის განმარტებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 6 თვის ვადაში.

სასამართლო პალატამ გაიზიარა აპელანტის განცხადება მისთვის გასაჩივრებული ბრძანების 2003წ. ოქტომბრის ბოლოს ჩაბარების თაობაზე, რადგან ამის საწინააღმდეგო დამადასტურებელი საქმეში არ მოიპოვებოდა, ასევე საქმეში არსებული უშიშროების სამინისროსადმი ნ. მ-ის წერილით და მისი პასუხით ირკვევოდა, რომ ამ ბრძანების არსებობის შესახებ აპელანტმა არაფერი იცოდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განცხადებით, ნ. მ-ის მიმართ არასწორად გავრცელდა “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა შესახებ” კანონის მე-17 მუხლის “გ” ქვეპუნქტი, რადგან ნ. მ-ი არ არის მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკს მიღწეული. კასატორის აზრით მოსარჩელეზე ვრცელდება საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილების მე-20 პუნქტი, რომლის თანახმად, თადარიგში პენსიის უფლებით გათავისუფლებულ სამხედრო მომსახურეებს ეძლევათ ათმაგი ფულადი ანაზღაურებით, რაც კასატორის განცხადებით, მოსარჩელეს მიღებული აქვს.

კასატორი არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 1999წ. 16 ივლისის ¹742პ/შ ბრძანების პირველი პუნქტით დაწესებული ფულადი ჯილდო შეადგენს ერთჯერად და არა კვარტალურ დახმარებას, რადგან ზემოხსენებული მინისტრთა კაბინეტის დადგენილების მე-8 პუნქტის თანახმად, უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებს ერთდროული ფულადი ჯილდო ეძლეოდათ წელიწადში ოთხი თვის ფულადი ანაზღაურების ოდენობით კვარტალური განაწილების მიხედვით. მოსარჩელე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროდან დათხოვნილ იქნა 1999წ. 16 ივლისს და სრული წელიწადი მას არ უმუშავია, ხოლო პირველი კვარტლის პრემია მას აღებული ჰქონდა.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეზე უნდა გავრცელდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. ნ. მ-ი კი 2004წ. 12 მარტის სასარჩელო განცხადებით ითხოვს საქართველოს უშიშროების მინისტრის 2000წ. 30 ოქტომბრის ბრძანების ბათილად ცნობას. შესაბამისად, კასატორი ნ. მ-ის სარჩელს ხანდაზმულად მიიჩნევს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ შინაგან საქმეთა სამინისტროს (ყოფილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის პირველი მუხლის “გ” ქვეპუნქტით დადგენილი სოციალური შეღავათების მოსარჩელეზე არასწორად გავრცელების შესახებ. მითითებული ნორმის თანახმად, სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო ამ კატეგორიის ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას სოციალური დაცვის მიზნით უწესდებათ გარკვეული უფლებები და შეღავათები, კერძოდ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი (გადამდგარი) ვეტერანების უზრუნველყოფა ხდება ერთდროული გასასვლელი ფულადი დახმარების შემდეგი ოდენობით: 25 და მეტი კალენდარულიწ. ნამსახურობისათვს 12 თვის სარგოს ოდენობით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. მ-ი არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, რასაც არც კასატორი უარყოფს, და შესაბამისად, იგი ზემოთმითითებული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტია. მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ¹742-პშ ბრძანების თანახმად, ნ. მ-ის წელთა ნამსახურობა სამუშაოდან დათხოვნის მომენტისათვის, 1999წ. 16 ივლისისათვის შეადგენდა 25 წელს, 1 თვესა და 6 დღეს. მართალია, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლში მითითებულია, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები უწესდებათ სამხედრო ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას, მაგრამ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის მიხედვით, მოხუცებულობის გამო პენსიაზე გასვლის ასაკი მამაკაცებისათვის შეადგენს 65 წელს, ქალებისათვის _ 60-ს, ხოლო “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამხედრო სამსახურის შემცირებულ ზღვრულ ასაკს, 45-დან _ 60 წლამდე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს 2004წ. 24 ნოემბრის ცნობით ირკვევა, რომ მოხუცებულობის გამო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა უშიშროების სამინისტროში არ მომხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლში მითითებული სიტყვები: “მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას” სოციალური შეღავათების გავრცელების შესახებ უნდა იქნეს იმგვარად განმარტებული, რომ აღნიშნული შეღავათი უნდა მიეცეს სამხედრო ძალების ვეტერანს “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევისას, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ ნორმას მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი ექნება და სამხედრო ძალების ვერც ერთ ვეტერანზე გავრცელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოხუცებულობის გამო საერთო საპენსიო ასაკი არის 60-65 წელი, ხოლო “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ითქვა, ითვალისწინებს სამხედრო სამსახურის შემცირებულ ზღვრულ ასაკს.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ნ. მ-ი არის სამხედრო ძალების ვეტერანი და სამუშაოზე დათხოვნის მომენტისათვის მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 25 წელს, 1 თვესა და 6 დღეს, ამასთან, იგი პენსიაზე გასვლის მომენტისათვის იყო ზემდეგი და “სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით ზემდეგისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი შეადგენს 50 წელს, ხოლო ნ. მ-ი პენსიაზე გასვლის მომენტისათვის, 1999წ. აპრილისათვის, იყო 50 წელს გადაცილებული (დაბადებულია 1947წ), ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათი ერთდროული გასასვლელი ფულადი დახმარების შესახებ მასზე ვრცელდება და სააპელაციო პალატამ მართებულად დააკმაყოფილა მისი სარჩელი.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ “საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მომსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილების მე-8 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, სამხედრო და მუშა-მოსამსახურეებს დაუწესდათ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისთვის ერთდროული ფულადი ჯილდო წელიწადში ოთხი თვის ფულადი (თანამდებობრივი განაკვეთისა და სამხედრო წოდებისთვის სარგოს ჯამი) ანაზღაურების ოდენობით, აგრეთვე, ეძლევათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთი თვის ფულადი ანაზღაურების ოდენობით, დაწესებული ჯილდო შეადგენს ერთჯერად დახმარებას და არა კვარტალურ დახმარებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. მ-ს მიუღებული აქვს აღნიშნული ჯილდო, რასაც სსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად საკასაციო პალატა იზიარებს, რადგან ამ გარემოებასთან მიმართებაში კასატორს არ აქვს წარდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას მართებულად არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან მითითებული ნორმა ადგენს სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანებების გასაჩივრების ვადას, რომელიც ეხება მუშაკის სამუშაოდან დათხოვნას, სხვა სამუშაოზე გადაყვანას, დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას და სხვა. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს შრომითი სამართალურთიერთობიდან გამომდინარე დავა, ვინაიდან ნ. მ-ი სამუშაოზე აღდგენას კი არ ითხოვს, არამედ სამუშაოდან დათხოვნილი მუშაკის კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფასა და სოციალურ დაცვას. ამიტომ საკასაციო პალატა კასატორის აღნიშნულ მოტივს უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.