Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №779აპ-24 თბილისი

რ-ი თ., 779აპ-24 4 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

ფ. ნ-ს, , ნასამართლობის არმქონეს, ნ. მ-ს, ნასამართლობის არმქონეს, ი. გ-, ნასამართლობის არმქონეს, ა. ხ-ს, ნასამართლობის არმქონეს, მ. შ-ს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8-8 წლით, 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით – 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრათ 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

თ. რ-ს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 1 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება;

ფ. ი-ს, ,ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 1 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება;

ნ. ო-ს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით, 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ. ო-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულებს: თ. რ-ს, ფ. ი-ს, ი. გ-, ნ. მ-სა და ფ. ნ-ს სასჯელები აეთვალათ 2020 წლის 20 ივლისიდან, ა. ხ-ს – 2020 წლის 21 ივლისიდან, მ. შ-ს – 2021 წლის 11 მარტიდან, ხოლო ნ. ო-ს სასჯელი აეთვლება ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ფ. ნ-მა, ნ. მ-მა, ი. გ-მა, ა. ხ-მა, მ. შ-მა და ნ. ო-მა ჩიადინეს: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ნ. ო-მა ასევე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; თ. რ-მა და ფ. ი-მა – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იუდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· ი. მ-ს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მ-ის რაიონის სოფელ კ-ში მცხოვრებ ა. ა-ასთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ა. ა-ას მეუღლის – ვ. ო-ის – ნათესავებისა და ახლობლებისათვის, რის გამოც მათ გადაწყვიტეს ი. მ-ის დასჯა. 2020 წლის 15 ივლისს, ღამით, წინასწარ დათქმულ დროს, ა. ა-ასთან მორიგი ფარული შეხვედირის მიზნით, ი-ი. მ-ი მივიდა სოფელ კ-ში მდებარე ა. მ-ას საცხოვრებელი სახლის მახლობლად და ელოდებოდა მის გამოსვლას. ამ მომენტში ვ. ო-ის ახლობლებმა: ნ. ო-მა და ფ. ნ-მა – შეიპყრეს ი. მ-ი და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში, რითაც აღუკვეთეს თავისუფლება და წაიყვანეს სოფლის შესასვლელში, დაუსახლებელ, ბნელ ადგილას, სადაც მათთან ავტომანქანით მივიდნენ ი. გ-ი, ნ. მ-ი და ა. ხ-ი.

· ნ. ო-მა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა ავტომანქანიდან გადმოყვანილ ი. მ-ს დაუწყეს ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდეგაც, კვლავ ძალის გამოყენებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, თავისუფლებააღკვეთილი, ჩასვეს იმავე ავტომობილში და მიიყვანეს მ-ის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე ვ. ო-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც დახვდნენ ვ. ო-ი, ვ. ო-ის მამა – ე. ო-ი, მ. შ-ი და სხვა პირები. აღნიშნულის შემდეგ ნ. ო-მა, მ. შ-მა, ფ. ნ-მა, ი. გ-მა, ა. ხ-მა, ნ. მ-მა და სხვა პირებმა თავისუფლებააღკვეთილი ი. მ-ი, დამცირებისა და არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით, თოკით მიაბეს ბოძზე, დაუწყეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და დაცინვა, რაც გაგრძელდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულის შემდეგ ხელებშეკრული ი. მ-ი ნ. ო-მა, ფ. ნ-მა, მ. შ-მა, ი. გ-მა, ა. ხ-მა, ნ. მ-მა და სხვა პირებმა კვლავ იძულებით მოათავსეს ზემოხსენებულ ავტომობილში და, თავისუფლებააღკვეთილი, სოფლის მოსახლეობის დასანახად, ასევე მისი უფრო მეტად დამცირების, ტანჯვისა და არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით, გადაიყვანეს სოფელ კ-ის ცენტრში, სადაც თოკით კვლავ მიაბეს რკინის ბოძზე. ამ მდგომარეობაში მყოფი ი. მ-ის მიმართ ნ. ო-ი ფ. ნ-თან, მ. შ-თან, ი. გ-თან, ა. ხ-თან, ნ. მ-სა და სხვა პირებთან ერთად განაგრძობდა მის ცემას, დამცირებას, მას აფურთხებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც შემოახიეს ტანსაცმელი და ამყოფებდნენ ნაწილობრივ შიშველ მდგომარეობაში. აღნიშნულს ესწრებოდა, დაახლოებით, 20 ადამიანი, რომელთაგან რამდენიმე პირი მითითებულ ფაქტს იღებდა მობილური ტელეფონით, რაც კიდევ უფრო სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებდა ი. მ-ს. ნ. ო-ის, ფ. ნ-ის, მ. შ-ის, ი. გ-ის, ა. ხ-ის, ნ. მ-ისა და სხვა პირთა მიერ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილმა, ბოძზე მიბმულმა, ნაცემმა, ტანსაცმელშემოხეულმა, ნაწილობრივ შიშველ მდგომარეობაში მყოფმა ი. მ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი, ასევე – მორალური ტანჯვა.

· ი. მ-ს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მ-ის რაიონის სოფელ კ-ში მცხოვრებ ა. ა-ასთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ა. ა-ას მეუღლის – ვ. ო-ის – ნათესავებისა და ახლობლებისთვის, რის გამოც, გადაწყვიტეს მისი დასჯა. 2020 წლის 15 ივლისს, ღამით, მ-ის რაიონის სოფელ კ-ში, ნ. ო-მა და სხვა პირებმა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ი. მ-ს, რომელიც მიიყვანეს ვ. ო-ის საცხოვრებელ სახლში, სადაც, დასჯის მიზნით, თოკით მიაბეს ბოძზე და მის მიმართ ჩაიდინეს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. ამადროულად, შემთხვევის ადგილზე მყოფმა ნ. ო-მა, ასევე დასჯის მიზნით, ფიზიკურად იძალადა ა. ა-აზე, კერძოდ, მას მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მუცლის მარცხენა ნაწილში, რა დროსაც, ა. ა-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· მ-ის რაიონის სოფელ ქ-ში მცხოვრებ ი. მ-ს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა იმავე რაიონის სოფელ კ-ში მცხოვრებ ა. ა-ასთან, რის გამოც, ამ უკანასკნელის მეუღლის ახლობლებმა გადაწყვიტეს ი. მ-ის დასჯა, მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამცირება. 2020 წლის 15 ივლისს, დაახლოებით, 02:00 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ კ-ში, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა თავისუფლება აღუკვეთეს ი. მ-ს, იგი იძულებით ჩასვეს მანქანაში და მასზე ფიზიკურად იძალადეს. შემდეგ მიიყვანეს იმავე სოფელში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც ბოძზე მიაბეს თოკით, კვლავ იძალადეს მასზე ფიზიკურად და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ ხელებშეკრული ი. მ-ი მიიყვანეს დასახელებული სოფლის ცენტრში, სადაც ასევე თოკით მიაბეს ბოძზე და კვლავ იძალადეს ფიზიკურად, კერძოდ, ურტყამდნენ ხელებით და ფეხებით, აფურთხებდნენ და ამცირებდნენ, რა დროსაც ადგილზე მივიდნენ შსს მ-ის რაიონული სამმართველოს ა-ის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები: თ. რ-ი და ფ. ი-ი, რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ შეესწრნენ ი. მ-ის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტს, არ დაიწყეს გამოძიება, არ მიიღეს ზომები გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად, არ მოახდინეს სათანადო რეაგირება დანაშაულის აღსაკვეთად და დანაშაულის ჩამდენი პირების დასაკავებლად.

· თ. რ-ი 2018 წლის 19 ივლისის ბრძანებით დანიშნული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მ-ის რაიონული სამმართველოს ა-ის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, იგი ვალდებული იყო, აღეკვეთა დანაშაული, მოეხდინა სათანადო რეაგირება, დაეწყო და სრული მოცულობით ჩაეტარებინა გამოძიება, ასევე, განეხორციელებინა კანონით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

· პოლიციის მუშაკებს უნდა აღეკვეთათ განზრახ მძიმე დანაშაული, დაუყოვნებლივ დაეწყოთ გამოძიება, მოეხდინათ დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ განეხორციელებინათ სამართლებრივი რეაგირება. თ. რ-მა და ფ. ი-მა, რომლებიც იმყოფებოდნენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენეს ბოროტად, უპირატესობა მიანიჭეს დანაშაულის ჩამდენ პირებს, განზრახ დაფარეს მათ მიერ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაული და არ დაიწყეს გამოძიება. ამავდროულად, არ მოახდინეს უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ი. მ-ის გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ შეესწრნენ შესაძლო მძიმე დანაშაულს, მისი ჩამდენი პირების მიმართ არ მოახდინეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და მათ მიანიჭეს უპირატესობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდა ი. მ-ის მამა – ა. მ-ი, რომელმაც გაათავისუფლა ბოძზე მიბმული შვილი. ი. მ-ი იმავე დღეს გამოცხადდა ა-ის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. პოლიციის მუშაკებმა – თ. რ-მა და ფ. ი-მა, რომლებმაც დადასტურებულად იცოდნენ, რომ ჩადენილი იყო მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაული, შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირებს მიანიჭეს უპირატესობა და პოლიციაში მისული დაზარალებული, სათანადო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გარეშე, გაუშვეს პოლიციის შენობიდან სახლში, რამაც, საბოლოოდ, ფიზიკური პირის – ი. მ-ის – უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

· მ-ის რაიონის სოფელ ქ-ში მცხოვრებ ი. მ-ს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა იმავე რაიონის სოფელ კ-ში მცხოვრებ ა. ა-ასთან, რის გამოც, ამ უკანასკნელის მეუღლის ახლობლებმა გადაწყვიტეს ი. მ-ის დასჯა, მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამცირება. 2020 წლის 15 ივლისს, დაახლოებით, 02:00 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ კ-ში, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა თავისუფლება აღუკვეთეს ი. მ-ს, რომელიც იძულებით ჩასვეს მანქანაში და მასზე ფიზიკურად იძალადეს. შემდეგ ის მიიყვანეს იმავე სოფელში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც ბოძზე მიაბეს თოკით და კვლავ იძალადეს მასზე ფიზიკურად და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ ხელებშეკრული ი. მ-ი მიიყვანეს დასახელებული სოფლის ცენტრში, სადაც ასევე თოკით მიაბეს ბოძზე და კვლავ იძალადეს ფიზიკურად, კერძოდ, ურტყამდნენ ხელებით და ფეხებით, აფურთხებდნენ და ამცირებდნენ, რა დროსაც ადგილზე მივიდნენ შსს მ-ის რაიონული სამმართველოს ა-ის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები: თ. რ-ი და ფ. ი-ი, რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ შეესწრნენ ი. მ-ის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტს, არ დაიწყეს გამოძიება, არ მიიღეს ზომები გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად, არ მოახდინეს სათანადო რეაგირება დანაშაულის აღსაკვეთად და დანაშაულის ჩამდენი პირების დასაკავებლად.

· ფ. ი-ი 2019 წლის 17 დეკემბრის ბრძანებით დანიშნული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მ-ის რაიონული სამმართველოს ა-ის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, იგი ვალდებული იყო, აღეკვეთა დანაშაული, მოეხდინა სათანადო რეაგირება, დაეწყო და სრული მოცულობით ჩაეტარებინა გამოძიება, ასევე, განეხორციელებინა კანონით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

· პოლიციის მუშაკებს უნდა აღეკვეთათ განზრახ მძიმე დანაშაული, დაუყოვნებლივ დაეწყოთ გამოძიება, მოეხდინათ დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ განეხორციელებინათ სამართლებრივი რეაგირება. თ. რ-მა და ფ. ი-მა, რომლებიც იმყოფებოდნენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენეს ბოროტად, მიანიჭეს დანაშაულის ჩამდენ პირებს უპირატესობა, განზრახ დაფარეს მათ მიერ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაული და არ დაიწყეს გამოძიება. ამავდროულად, არ მოახდინეს უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ი. მ-ის გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ შეესწრნენ შესაძლო მძიმე დანაშაულს, მისი ჩამდენი პირების მიმართ არ მოახდინეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და მათ მიანიჭეს უპირატესობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდა ი. მ-ის მამა ა. მ-ი, რომელმაც გაათავისუფლა ბოძზე მიბმული შვილი. ი. მ-ი იმავე დღეს გამოცხადდა ა-ის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. პოლიციის მუშაკებმა – თ. რ-მა და ფ. ი-მა, რომლებმაც დადასტურებულად იცოდნენ, რომ ჩადენილი იყო მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაული, შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირებს მიანიჭეს უპირატესობა და პოლიციაში მისული დაზარალებული სათანადო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გარეშე გაუშვეს პოლიციის შენობიდან სახლში, რამაც საბოლოოდ ფიზიკური პირის – ი. მ-ის – უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ფ. ნ-ი, ნ. მ-ი, ი. გ-ი, ა. ხ-ი, მ. შაქიროვი, ნ. ო-ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7-7 წლით, 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით – 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა; ნ. ო-ს ასევე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

თ. რ-ს – საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 1 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

მსჯავრდებულებს: თ. რ-ს, ი. გ-, ნ. მ-სა და ფ. ნ-ს სასჯელები აეთვალათ 2020 წლის 20 ივლისიდან, ა. ხ-ს – 2020 წლის 21 ივლისიდან, მ. შ-ს – 2021 წლის 11 მარტიდან, ხოლო ნ. ო-ს – 2021 წლის 27 მაისიდან.

4. კასატორი – მსჯავრდებულ თ. რ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. დ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს თ. რ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულ ი. მ-ის ჩვენება და მისივე 2020 წლის 19 ივლისის განცხადება, დაზარალებულ ა. ა-ასა და ბრალდებულ ფ. ი-ის ჩვენებები, თ. რ-ის ამოცნობის ოქმები, სასამართლო-ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნები, მოწმეების: ა. მ-ის ა. ს-ის, ა. ე-ისა და სხვათა ჩვენებები, ვიდეოჩანაწერები და მათი დათვალიერების ოქმები, სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია და მისი დათვალიერების ოქმი, ასევე საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მსჯავრდებულ თ. რ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენა, კერძოდ:

8. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ 2020 წლის 15 ივლისს თ. რ-ისათვის ცნობილი იყო, რომ, სასიყვარულო ურთიერთობის გამო, სახლიდან გამოაგდეს ა. ა-ა, რომელიც დასახმარებლად მივიდა პოლიციაში, ხოლო მასთან სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი პირი კი ა. ა-ას ოჯახის წევრებს ჰყავდათ ხელებშეკრული. სწ,ორედ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე თ. რ-ი და ფ. ი-ი. ადგილზე მისულებმა, ნახეს შეკრებილი ხალხი და ბოძზე მიბმული, შიშველი ი. მ-ი. მიუხედავად ამისა, მათ არ გაათავისუფლეს უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ი. მ-ი და იგი გაათავისუფლა მამამ. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ კი იმავე დღეს ა-ის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებული ი. მ-ი, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გარეშე, გაუშვეს სახლში. აღნიშნული ქმედებით თ. რ-მა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, რითაც არსებითად დაარღვია როგორც დაზარალებულის, ისე – სახელმწიფოს – კანონიერი ინტერესები.

9. სასამართლო მიუთითებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის მე-100-101-ე მუხლების თანახმად, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ გამომძიებელი ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება. მოცემულ შემთხვევაში თ. რ-ისათვის (როგორც გამომძიებლისათვის) ცნობილი იყო, რომ ა. ა-ა იყო ძალადობის მსხვერპლი, ხოლო მასთან სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი მამაკაცი ხელებშეკრული ჰყავდათ ა. ა-ას ოჯახის წევრებს. შემთხვევის ადგილზე გასულ თ. რ-სა და ფ. ი-ს დახვდათ უამრავი ადამიანი, შიშველი და ბოძზე მიბმული ი. მ-ი, რომელსაც აღენიშნებოდა არაერთი დაზიანება. ეს ყოველივე კი სრულიად საკმარისი იყო გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის. თ. რ-მა გამოძიება არ დაიწყო არათუ შემთხვევის დღეს, არამედ მომდევნო დღეებშიც, ხოლო გამოძიება დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ი. მ-მა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს – 2020 წლის 19 ივლისს.

10. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ თ. რ-ის ქმედებით არსებითად დაირღვა როგორც სახელმწიფოს ინტერესი, ისე – უპირატესობა მიენიჭათ დანაშაულის ჩამდენ პირებს, რადგან მან მძიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე არ აღკვეთა დანაშაული, დაუყოვნებლივ არ დაიწყო გამოძიება და არ მოახდინა დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება, ასევე, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებული დაზარალებული ისე გაუშვა სახლში, რომ არ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ამდენად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ თ. რ-ის ქმედებაში ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია დანაშაულის – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების – შემადგენლობა.

11. ზემომითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს. სააპელაციო სასამართლომ თ. რ-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა – და ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიღებამდე სრულად, ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენი თ. რ-ის მიმართ არის კანონიერი და მისი გაუქმების ან შეცვლის წინაპირობები არ იკვეთება.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე