საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№783აპ-24 თბილისი
ნ-ე დ., 783აპ-24 7 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განაჩენით დ. ნ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 1 ოქტომბრიდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ნ-ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 29 სექტემბერს დაახლოებით, 20:15 საათზე, გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში, საავტომობილო გზაზე, მარცხენა მხარეს, „Mitsubishi Airtrek-ის“ მარკისა და მოდელის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით – ---), თბილისის შემოვლითი გზის მიმართულებით, დაახლოებით, 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დ. ნ-ე, რა დროსაც მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ტრანსპორტის უსაფრთხოდ მართვა და ავტომანქანის წინა, მარცხენა ნაწილით დაეჯახა საპირისპირო მიმართულებით, საავტომობილო გზის მარცხენა კიდესთან, ველოსიპედით მოძრავ მ. გ-ს. ავტოსაგზაო შემთხვევისას მიღებული დაზიანებების შედეგად მ. გ-ი 2023 წლის 8 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი სალომე ქემაშვილი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ დ. ნ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.
5. მსჯავრდებულ დ. ნ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ბ-ი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს. მსჯავრდებული დ. ნ-ე დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ისჯება ვადით – ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით – სამ წლამდე. მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს შეუსაბამოდ და ზედმეტად ლმობიერად მიაჩნია მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი და ითხოვს მის გამკაცრებას.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის პირის დასჯა და მისი სამართლიანობა ვლინდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობასა და პროპორციულობაში. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, დანაშაულის სიმძიმის, დამნაშავის ბრალისა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
10. განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულს სასჯელი განსაზღვრული აქვს შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში, რაც უკავშირდება 7 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 3 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას. საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები: ნასამართლობის არმქონეა, აღიარა და გულწრფელად მოინანია დანაშაული, გააცნობიერა ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, არ იმხილება რაიმე სხვა კანონდარღვევისათვის, არ გააჩნია დამამძიმებელი გარემოებები. სასჯელის ზომის შერჩევისას სასამართლო ვალდებულია, გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთა ვადით, რაც მკაცრად აუცილებელია სასჯელის მიზნების მისაღწევად და, ჩადენილი დანაშაულის გარემოებების გათვალისწინებით, არის პროპორციული. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას შორის სასჯელის უნდა შეირჩეს ისეთი ვადა, რომელიც ყველაზე უკეთ მოემსახურება სასჯელის მიზნების მიღწევას.
11. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ნ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი არ არის შეუსაბამო და ზედმეტად ლმობიერი, სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
12. რაც შეეხება კასატორის საჩივრის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ, შეჯახების შემდეგ თავის ზოლში დაბრუნებული დ. ნ-ე კინაღამ დაეჯახა სამ არასრულწლოვანს, როგორც სააპელაციო სასამართლომაც აღნიშნა, ეს არის მითითება აბსტრაქტულ საფრთხეზე, რაც რეალურად არ მომხდარა და, შესაბამისად, ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი.
13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. ვასაძე