საქმე N 190100123007754576
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №793აპ-24 ქ. თბილისი
კ. რ. 793აპ-24 14 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: რ. კ–ს, - პ/ნ .......... - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. 2023 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე საცხოვრებელში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა რ. კ–მა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - შ. კ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის არეში, რის გამოც შ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2023 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 21:45 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე საცხოვრებელში, ალკოჰოლური თრობის ქვეს მყოფმა რ. კ–მა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - შ. კ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის არეში, რის გამოც შ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.3. 2023 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 21:45 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე საცხოვრებელში, ალკოჰოლით მთვრალი რ. კ–სი, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - შ. კ–ს, ფიზიკური ანგარიშსწორების დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თავს მოაჭრიდა, რაზეც შ. კ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.4. 2023 წლის ივლისში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე საცხოვრებელში, რ. კ–მა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, შვილს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლ. კ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხის ტოტი დაარტყა ფეხში, ასევე, ხელი ჩაარტყა თავის არეში, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენით:
3.1. რ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 1 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. რ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.3. რ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
3.4. რ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3.5. რ. კ–ს განემარტა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელმაც მოითხოვა რ. კ–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ რ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ტ–მ, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლაშა მერაბიშვილი ითხოვს რ. კ–ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულ რ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ტ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს რ. კ–ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილი ბრალდებით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. სასამართლო ითვალისწინებს სამედიცინო ექსპერტიზის №........... დასკვნას, რომლის მიხედვით, გარეგანი დათვალიერებით შ. კ–ს 18.07.23 წელს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება (იხ.: ტ.1, ს. ფ. 28-31).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც: დაზარალებულმა შ. კ–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის მეუღლის – რ. კ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი 13:27:16-13:28:05); არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ლ. კ–მმა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არ იცის და არ ახსოვს თუ რა მოხდა 2023 წლის ივლისში, გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების შემთხვევაშიც ვერ გაიხსენებს მომხდარს (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმი 15:44:20- 15:47:59); პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დანაშაულის შესახებ შეტყობინების ინიციატორმა – მოწმე ს. ა–მა (შ. კ–ს მამა) არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია (რომელიც პროკურორმა წაიკითხა მისი მოწმის სახით დაკითხვისას) და განმარტა, რომ არ ახსოვს ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამოკითხვის ოქმშია მითითებული (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი 13:35:20 – 13:37:57); მოწმე ს. ა–მა არ დაადასტურა მის მიერ სსიპ 112-ში გაკეთებული შეტყობინება, - მხოლოდ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი 2023 წლის 17 ივლისს გამოცემული N.... შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი (იხ.: ტ.1, ს. ფ. 15-24), - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს რ. კ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი დანაშაულების ჩადენას.
12. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
13. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა რ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
14. სასამართლო ითვალისწინებს რომ „ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).
15. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი