გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1086-02 28 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 18 აპრილს მოსარჩელე ი. ბ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის, კავშირგაბმულობის სამინისტროს სააქციო საზოგადოება “ს-ის”, წინააღმდეგ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
მოსარჩელე ი. ბ-ა სამუშაოდან დათხოვნილ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
მოსარჩელის განმარტებით, განთავისუფლების ბრძანების ფორმულირება უსაფუძვლოა, რადგან მას აღნიშნული დარღვევები არ ჰქონია და თვლის, რომ მოპასუხე მხარემ მისი სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველის შექმნა. მოპასუხე ორგანიზაციამ აშკარად დაარღვის შკკ-ს 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა.
მოსარჩელე უარყოფს კონტრაქტის არსებობას, რადგან მას ხელს აწერს მხოლოდ მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორი გ. დ-ე, ხოლო ამავე კონტრაქტის მეხუთე ფურცლის მეორე მხარეს აღნიშნული ხელმოწერები, რომლებიც ეკუთვნის მოსარჩელეს, მისი განცხადებით გაკეთებულია ორგანიზაციის დირექტორ გ. დ-ის ზეწოლით და ამდენად, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს “კონტრაქტის” მოშლის საფუძვლად. მიიჩნევს, რომ კონტრაქტი არაკანონიერია.
განთავისუფლების შესახებ მოპასუხე ორგანიზაციის ბრძანება ეწინააღმდეგება შკკ-ს 30-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ითხოვდა “ს-ის” ზუგდიდის ფილიალის ...ად აღდგენას, სადაც მუშაობდა 2001წ. 27 მარტამდე.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი. ბ-ს სარჩელი მოპასუხე სს “ს-ის” მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა: იგი აღდგენილ იქნა სს “ს-ის” ზუგდიდის ფილიალის ...ის თანამდებობაზე.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააქციო საზოგადოება “ს-ის” გენერალური დირექტორის სააპელაციო საჩივარი, ხოლო რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. ი. ბ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, მისი აღდგენა ზემოთ ხსენებულ თანამდებობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ი. ბ-მ 2002 წ. 29 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა 2002წ. 25 იანვრის განჩინების გაუქმება. განცხადება სსკ-ს 424-ე მუხლის თანახმად გადაეგზავნა საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ივნისის განჩინებით ი. ბ-ს განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო; პალატამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ ი. ბ-ა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევდა ზუგდიდის მერიის კაბინეტის 1996წ. 26 აგვისტოს დადგენილებას, რომლის არსებობა, განმცხადებლის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა 2002წ. 24 აპრილს, საქმის განახლების თაობაზე კი სასამართლოს მიმართა 2002წ. 29 მაისს. პალატამ მიიჩნია, რომ ი. ბ-სათვის, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წამოების განახლების საფუძვლის არსებობა ცნობილი გახდა 2002წ. 24 აპრილს, განცხადება კი სასამართლოში 2002წ. 29 მაისს შეიტანა, ნაცვლად 2002წ. 24 მაისისა, ვინაიდან სსკ-ს 426-ე მუხლის თანახმად განცხადება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა.
ი. ბ-მ კერძო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს და განმარტა, რომ არ ეთანხმება გამოტანილი განჩინების იმ მოტივს, რომ მის მიერ დარღვეულია განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან დადგენილების ასლი 2001წ. 29 აპრილს მიიღო და არა 24 აპრილს.
საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინებით ი. ბ-ს შუამდგომლობა მოსამართლეების: ლ. ა-ის და ზ. კ-ს აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სსკ-ს 29-ე მუხლის თანახმად მოსამართლეებს არ ეკრძალებათ იმავე ინსტანციაში იმავე საქმის განხილვაში ხელახლა მონაწილეობა; განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სასამართლომ მიუთითა, რომ განჩინება საჩივრდება საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.
ი. ბ-მ კერძო საჩივარი შეიტანა ამ განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 22 ივლისს განიხილა ბ-ს კერძო საჩივარი 2002წ. 21 ივნისის განჩინებაზე და არ დააკმაყოფილა შემდეგი მოტივით: მან 2002წ. 24 აპრილს შეიტყო ზუგდიდის მერის დადგენილების შესახებ, რაც არ არის მექანიკური შეცდომა, რადგან თარიღი “24 აპრილი” ემთხვევა ი. ბ-ს სახელზე სახელმწიფო არქივის მიერ გაგზავნილ 2002წ. 24 აპრილის წერილის თარიღს.
სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ი. ბ-ს კერძო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ სსკ-ს 36-ე მუხლის საფუძველზე აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად 377-ე მუხლებით დადგენილი წესით და არა კერძო საჩივრით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა ი. ბ-ს კერძო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ბ-მ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნია ზუგდიდის მერიის კაბინეტის 1996წ. 26 აგვისტოს დადგენილება. სააპელაციო სასამართლოს 2002წ. განჩინებით მას მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად იმ მოტივით, რომ ი. ბ-ს განცხადებაში არ იყო მითითებული იმ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით დაცული იყო განცხადების შეტანის ვადა. განმცხადებელმა განჩინებით განსაზღვრულ საპროცესო ვადაში განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს და მიუთითა, რომ ქ. ზუგდიდის მერიის კაბინეტის 1996წ. 26 აგვისტოს დადგენილება, რომელსაც ახლად აღმოჩენილ გარემოებად და მტკიცებულებად მიიჩნევს, მისთვის ცნობილი გახდა 2002წ. 24 აპრილს, რის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ზუგდიდის რაიონული სახელმწიფო არქივის მიერ სახელზე გაგზავნილი 2002წ. 24 აპრილის წერილი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა კერძო საჩივარში ი. ბ-ს მიერ მოყვანილი არგუმენტები და მიუთითა, რომ განცხადებაში, რომლითაც ხარვეზი იქნა შევსებული, ი. ბ-ს მიერ მითითებული თარიღი _ 2002წ. 24 აპრილი _ რეალობას შეესაბამება და ემთხვევა სახელმწიფო არქივის მიერ გაგზავნილ 2002წ. 24 აპრილის წერილის თარიღს. განცხადებაზე დართულ დოკუმენტში, რომელიც ასლია, გაცემის თარიღად მითითებულია 24 აპრილი, ხოლო კერძო საჩივარზე დართულია იგივე დოკუმენტი, რომელშიც გაცემის თარიღად მითითებულია 29 აპრილი. პალატის აზრით, განცხადებაზე თანდართული დოკუმენტი, კერძო საჩივარზეE მოგვიანებით დართული დადგენილების ასლი არ არის.
პალატა მიიჩნევს, რომ ი. ბ-ს მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეული გარემოება კიდეც რომ ჩაითვალოს დასაშვებად, იგი მაინც ვერ გახდება საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან, როგორც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, სსკ-ს 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახლად აღმოჩენილ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე; ი. ბ-მ ვერ წარმოუდგინა სასამართლოს სარწმუნო მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ მას ერთთვიანი ვადა არა აქვს გაშვებული და რომ მას არ ჰქონდა საშუალება საქმის განხილვისას წარედგინა მის მიერ მითითებული მტკიცებულება.
პალატა თვლის, რომ ი. ბ-ს კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინებაზე, სწორად არ დაკმაყოფილდა დაუშვებლობის გამო.
სსკ-ს 29-ე მუხლით განსაზღვრულია საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობის შემთხვევები; აღნიშნული ნორმის მიხედვით მოსამართლეს ეკრძალება საქმის განხილვაში მონაწილეობა, თუ იგი აღნიშნული საქმის განხილვაში მონაწილეობდა სხვა ინსტანციის და არა იმავე ინსტანციის სასამართლოში; საოლქო სასამართლომ სწორად მიუთითა სსკ-ს 36-ე მუხლზე, რომლის მიხედვით აღნიშნულის თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით და არა კერძო საჩივრით; ი. ბ-მ საბოლოო გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით 2002წ. 17 ივლისს, მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლომ მოსამართლეთა შემადგენლობის აცილების დაკმაყოფილებაზე მას 2002წ. 4 ივლისის განჩინებით უთხრა უარი. გამომდინარე აღნიშნულიდან, ი. ბ-ს შეეძლო ეს უკანასკნელი განჩინება 2002წ. 17 ივლისს გაესაჩივრებინა, 2002წ. 17 ივლისის განჩინებასთან ერთად, მაგრამ მან 2002წ. 17 ივლისს კერძო საჩივრით ცალკე გაასაჩივრა აცილების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის განჩინება. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია ი. ბ-ს კერძო საჩივარი დაუშვებლად, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა აცილების თაობაზე მიღებული სასამართლო განჩინების ცალკე, კერძო საჩივრით გასაჩივრების წესს არ ითვალისწინებს.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსამართლეთა აცილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე ი. ბ-ს კერძო საჩივარი დასაშვები რომც იყოს, იგი უსაფუძვლოა, ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება არ არის მოსამართლეთა აცილების კანონით გათვალისწინებული საფუძველი;
გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატა მიიჩნევს, რომ ი. ბ-ს კერძო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ბ-ს კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ივნისის, 2002წ. 4, 22 და 29 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.