Facebook Twitter

3კ-1113-02 20 ნოემბერი, 2002 წ. , ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

კერძო საჩივრის ავტორის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარის განხილვა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ბ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “ლ.-ის” საბინაო განყოფილებისა და მესამე პირის, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ჯ. ფ.-ის მიმართ და მოითხოვა მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის პრივატიზების ნებართვა, ჯ. ფ.-ის გამოსახლება საერთო სარგებლობის სამზარეულოდან და დამატებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.

გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მ.ბ.-ს ნება დაერთო დაკავებული ფართის პრივატიზებაზე; ჯ.ფ.-ს დაევალა თვითნებურად დაკავებული სამზარეულოს გამოთავისუფლება. სამზარეულო დარჩა საერთო სარგებლობაში, რომლით სარგებლობის უფლება მიეცა მ.ბ.-საც.

სარჩელი დამატებითი ფართის გამოყოფის ნაწილში განუხილველად დარჩა.

ჯ.ფ.-მ გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა 2001წ. 24 სექტემბერს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 ივლისის განჩინებით დაუშვებლობის გამო სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტს დარღვეული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა. პალატამ, აგრეთვე, მიუთითა, რომ ჯ.ფ.-ს გასაჩივრების ვადაც რომ არ დაერღვია, სსკ-ს 364-ე მუხლის თანახმად მაინც არ ექნებოდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება.

სააპელაციო სასამარლოს განჩინება ჯ.ფ.-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა იმ მოტივით, რომ მას, როგორც დაინტერესებულ მხარეს, მოქმედი კანონმდებლობით შეუძლია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შესახებ აღსრულების პროცესში შეიტყო.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ.ფ.-ი რაიონული სასამართლოს განჩინებით საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე და გადაწყვეტილება მის უფლებებს შეეხო. კერძოდ, იგი გამოსახლებულ იქნა მის მიერ დაკავებული ფართიდან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით გადაწყვიტა არამარტო იმ პირთა უფლებების საკითხი, რომლებიც მონაწილეობდნენ პროცესში როგორც მოსარჩელე და მოპასუხე, არამედ იმ პირის უფლებების საკითხი, რომელიც არ იყო ჩაბმული პროცესში არც მოსარჩელედ, არც მოპასუხედ და არც მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნით. ამდენად, სასამართლომ, რომლის გადაწყვეტილებაც შეეხო პირის (მოცემულ შემთხვევაში – მესამე პირის) უფლებებს, იგი აქცია პროცესის მონაწილე მხარედ და ამით მიეცა უფლება, როგორც მხარეს, გაესაჩივრებინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მას არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა. პალატა იზიარებს ამ მოსაზრებას და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი ამ ნაწილში საფუძვლიანია. სსკ-ს 288-ე მუხლი ადგენს სხდომის ოქმის შინაარსს, ხოლო სსკ-ს 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას გასაჩივრების ვადასა და წესზე, ხოლო 288-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს ცნობები გადაწყვეტილების შინაარსის, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის განმარტების შესახებ.

საქმის მასალებით, კერძოდ სხდომის ოქმითა და გადაწყვეტილებით არ ირკვევა, 2001წ. 5 ივლისს სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ არის მითითებული, მხარეებს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში შეეძლოთ, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეებისათვის გადაცემის მომენტიდან.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ჯ.ფ.-მ 2001წ. 24 აგვისტოს განცხადებით მიმართა სასამართლოს 2001წ. 5 ივლისის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თაობაზე მას იმავე დღეს ჩაბარდა აღნიშნული დოკუმენტი, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა 24 სექტემბერს, ანუ ერთთვიანი საპროცესო ვადის დაცვით.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა მას არ დაურღვევია, რადგან რაიონული სასამართლოს განჩინებით აღდგენილი იქნა საპატიო მიზეზის გამო, უსაფუძვლოა, ვინაიდან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის ვადის აღდგენას არ ითვალისწინებს.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს შესაბამის სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. ფ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 ივლისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.