Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1122-02 25 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

კ. ჯ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: 2000 წლის 26 დეკემბრამდე მუშაობდა .. ..-ის პროფკავშირების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. მისი ხელფასი განისაზღვრებოდა თავმჯდომარის ხელფასის 40%-ის ოდენობით. ყოველი ხელფასის აღებისას მას აკლდებოდა გარკვეული თანხა, რომლის ანაზღაურებაზე კომიტეტის თავმჯდომარისაგან უარი მიიღო.

მოპასუხე “.. ..-ის წარმომადგენელმა ი. კ-ემ სარჩელი არ ცნო და განაცხადა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი განისაზღვრება თავმჯდომარის 20%-ის ოდენობით და მას უფრო მეტი თანხის მოთხოვნის უფლება აქვს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სს “.. ..-ის გაერთიანებული პროფესიული კავშირს დაეკისრა ხელფასის _ 693 ლარისა და 60 თეთრის, საშვებულებო თანხის _ 311 ლარის, საერთო თანხით 1004 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

დიდუდე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კ. ჯ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002 წლის 8 თებერვალს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, რომლის თანახმადაც კ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში: სს “.. ..-ის გაერთიანებული პროცესიული კავშირს დაეკისრა კ. ჯ-ის სასარგებლოდ ხელფასის 3773 ლარის და საშვებულებო _ 311 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა სს “.. ..-ის გაერთიანებული პროფესიული კავშირის წარმომადგენელმა ი. კ-ემ, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვა და საქმის განახლება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ დეპეშა, სასამართლო სხდომის დღის შესახებ, გაუგზავნა მხოლოდ მხარეს, მაშინ, როდესაც სსკ-ს 70-ე მუხლის მიხედვით უწყება უნდა გაეგზავნოს მხარის წარმომადგენელსაც. სასამართლო უწყება მხარეს არ ჩაბარებია სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 13 მარტის განჩინებით სს “.. ..-ის გაერთიანებული პროფესიული კავშირის წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება განახლდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 17 აპრილის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება: სს “.. ..-ის გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ი. პ-მა თანხმობა განაცხადა, რომ გადაუხადოს კ. ჯ-ეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ხელფასის და შვებულების თანხის _ 1104 ლარის _ დამატებით 1000 ლარი, სულ გადაიხადოს 2004 ლარი სამი თვის განმავლობაში განჩინების გამოტანის დღიდან. კ. ჯ-ე თანახმაა მიიღოს სს “.. ..-ის გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარისაგან 2004 ლარი სამ თვეში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ. ჯ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა შემდეგი საფუძვლით: მან გარიგების აქტს ხელი მოაწერა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, იგი კონტროლს ვერ უწევდა საკუთარ მოქმედებას, რის გამოც მოტყუებული დარჩა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 19 აგვისტოს განჩინებით კ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 17 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, 2002 წლის 17 აპრილს კ. ჯ-ე და სს “.. ..-ის გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ი. პ-მა ხელი მოაწერეს მორიგების აქტს, რომლის საფუძველზეც სს “.. ..-ის გაერთიანებული პროფკავშირების კომიტეტის თავმჯდომარემ თანხმობა განაცხადა კ. ჯ-ის სასარგებლოდ 2004 ლარის გადახდაზე, თავის მხრივ კ. ჯ-ემ თანხმობა განაცხადა აღნიშნული თანხის მიღებაზე.

პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მორიგების განჩინებით იგი დარჩა მოტყუებული, აღნიშნული გარიგების დადებისას ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში იმყოფებოდა და კონტროლს ვერ უწევდა საკუთარ თავს, ისე მოაწერა ხელი მორიგების აქტს. სკ-ს 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პირს შეუძლია, მოითხოვოს გარიგების ბათილობა. მოცემულ შემთხვევაში კი მოწინააღმდეგეების მხრიდან მოტყუებას ადგილი არ ჰქონია.

კერძო საჩივრის ავტორმა იცოდა, თუ რა გარიგებას აწერდა ხელს, რამდენი ლარის თაობაზე იდებოდა აღნიშნული გარიგება. ამასთან,. კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატებოდა თავის თავზე კონტროლის გაუწევლობა და მისი მოქმედების გაუცნობიერებლობა.

პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 17 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.